1993 წელს, აფხაზეთის ომში, 300-მდე უკრაინელი ჯარისკაცი მონაწილეობდა. ისინი განსაკუთრებით ცხელ წერტილებში, მაგალითად, სოხუმის შემოგარენში იბრძოდნენ.
ჩემი თვალით მაქვს ნანახი მათი 200 კაციანი ბაზა ოჩამჩირის ერთ-ერთ სკოლაში, “პორტ-პავაროტთან”, სადაც რუსეთის დროშა გარე ტუალეტის შესასვლელთან ფრიალებდა, სკოლის შენობის თავზე კი მაშინდელი ჩვენი (სამფეროვანი) და უკრაინის დროშები იყო აღმართული. თუ ვიტყუები, ნებისმიერმა ოჩამჩირელმა მამხილოს…
გმირთა მოედანზე, მემორიალურ დაფაზე, 11 უკრაინელი მებრძოლის გვარია ამოტვიფრული – ისინი აფხაზეთის ომში გმირულად დაეცნენ (დიდება გმირებს!).
აფხაზეთში დაღუპულთა შორისაა ნიკოლოზ გერაშენკო, რომელიც აფხაზეთში საბრძოლველად მას შემდეგ ჩამოვიდა, რაც სოხუმში მისი ძმა მოკლეს.
ნიკოლოზ გერაშენკო იმ ჯგუფში იყო, რომლის პაროლი და პასუხი იყო “სლავა ნაციი!” – “სმერტ ვაროგამ!”
„თუ ომი წავაგეთ გუმისთაზე, მაშასადამე, დნეპრზეც წავაგებთ“ – ეს იყო აფხაზეთში მებრძოლი უკრაინული დაჯგუფების დევიზი.
ნიკოლოზ გერაშენკო გუმისთასთან დაიღუპა, ამის შემდეგ კი საქართველოში ძმებ გერაშენკოების და ჩამოვიდა, რომელმაც საქართველოს მოქალაქეობა მიიღო და, რადგან აფხაზეთში ომი უკვე დასრულებული იყო, საქართველოს შეიარაღებულ ძალებში გაწევრიანდა და 2008 წლის ომში საქართველოს მხარეს წარმოადგენდა – ლოჯისტიკის სამსახურში.
რადიო თავისუფლება, თეა თოფურია, ციტატა:
“უკრაინელები საქართველოს სამხედრო ძალითაც ეხმარებოდნენ, ტექნიკითაც და ჰუმანიტარული ტვირთითაც. დახმარება იყო როგორც სამთავრობო, ასევე მოხალისეობრივი.
ელგუჯა ადამიამ, გენერალ გენო ადამიას შვილმა, რომელიც აფხაზეთის ომის დროს სამხედრო ჰოსპიტლის ხელმძღვანელი იყო, რადიო თავისუფლებასთან გაიხსენა, რომ სოხუმის დაცემამდე რამდენიმე დღით ადრე, ქართული მხარე ფაქტობრივად ავტომატის ამარა იბრძოდა. ამის გამო ჰოსპიტალი დაჭრილებით გადაივსო.
მათი ევაკუაცია მხოლოდ სევასტოპოლიდან გამოგზავნილი გემებით მოახერხეს. რუსულ-უკრაინული (მაშინ შავი ზღვის ფლოტი ჯერ კიდევ არ იყო გაყოფილი) დიდი სადესანტო ხომალდები მოადგნენ ადგილებს, რომლებსაც სოხუმში „მაჭარკას“ და „ლიტერატურნაია გაზეტას“ ეძახდნენ. თითოეული გემი 15 ათას კაცს იტევდა. სწორედ ამ გემებმა გადმოიყვანეს დაჭრილები და ბევრი სხვაც, ვინც იმ დღეებში სოხუმს ტოვებდა.
დევნილების გამოსაყვანად უკრაინამ 17 ვერტმფრენი გამოგზავნა. პილოტები ჰყვებიან, რომ ვერტმფრენი მხოლოდ 24 ადამიანის წონაზე იყო გათვლილი, მაგრამ, მიუხედავად ამისა, 40 კაცს სვამდნენ და შემდეგ ლოცულობდნენ, აეროპორტამდე მიეღწიათ.
1993 წლის შემოდგომაზე უკრაინელმა პილოტებმა საკუთარი სიცოცხლის ფასად 300-მდე რეისი შეასრულეს. მათ სამშვიდობოს გაიყვანეს 8 ათასამდე ადამიანი.
2008 წლის აგვისტოს ომის დროს, როდესაც რუსეთის შემოჭრის შემდეგ ქვეყანა პარალიზებული იყო და დახმარებას ითხოვდა, პირველი, ვინც საქართველოში ჩამოვიდა, უკრაინის მაშინდელი პრეზიდენტი ვიქტორ იუშჩენკო იყო.
„[მიშამ] სადილის შემდეგ დამირეკა. ჩვენ ყოველთვის დიდხანს ვლაპარაკობდით მიმდინარე მოვლენებზე, ახლა არც მომსალმებია. მესმის რეზონანსული ხმა. პირველი რეპლიკით შეიძლება იმსჯელო პრეზიდენტის მდგომარეობაზე, მის დამოკიდებულებაზე. ის ამბობს (ეს პირველი ფრაზაა): „ისინი მოდიან თბილისზე…“ ვეუბნები, „მიშა, დაიცა, დაიცა, რით შემიძლია დაგეხმარო?“, ის მპასუხობს: „ჩამოდი“, ვუთხარი: „ახლავე მოვდივარ“, – ჰყვება ვიქტორ იუშჩენკო თომა ჩაგელიშვილის ფილმში „აგვისტოს ომი“.
“ჩვენ დღეს აქ ვართ, რომ ვთქვათ, საქართველო ჩვენი მეგობარია. ქართველები ჩვენი მეგობრები არიან. დღეს საქართველოსთვის ყველაზე მძიმე წუთებში ვამბობთ, რომ თქვენ გაქვთ უფლება იყოთ თავისუფლები. ჩვენ გავიარეთ ათასობით კილომეტრი, რომ ქართველ, გაუტეხელ ერს ჩვენი სოლიდარობა გამოვუცხადოთ… თქვენ არასდროს იქნებით მარტონი“… – თქვა მაშინ თბილისში ჩამოსულმა უკრაინის პრეზიდენტმა, როცა ხალხს მიმართა….
წერს საკუთარ ფეისბუკ გვერდზე ჟურნალისტი, ლაშა ბერულავა.