იმ დროს, როცა ბადრი ესებუას ნახევარი მილიონი გაატანეს, ქვეყანა კრიმინალში იხრჩობა და პოლიციის რეაგირება აგვიანებს, შსს-ს დანაყოფები სამოქალაქო აქტივისტების წინააღმდეგ არიან მობილიზებული: კრიმინალური პოლიცია, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი, დასაკავებელი მანქანები, სირენიანი მანქანები, სიგნალების ჩამხშობი მანქანები – ეს ის მუდმივი მოცემულობაა, რომელიც პარლამენტის წინ საპროტესტოდ მისულ აქტივისტებს პოლიციის კორდონთან ერთად ადგილზე ხვდებათ.
მთავარი ყაჩაღი ბადრი ესებუა, მეოთხე თვეა, თავისუფლებაზეა, ის მაქსიმუმი კი, რაც ჯერჯერობით შსს-მ შესძლო, მისი ძმის დაკავება იყო.
კრიმინალური განუკითხაობის დასტურია შემთხვევაც, რაც დღეს ხარაგაულში მოხდა: შსს- ს ობიექტების დაცვის დეპარტამენტის დირექტორის სახლი პირწმინდად გააძარცვეს. პოლიციის მაღალჩინოსნის სახლში მხოლოდ კედლებიღა დატოვეს.
სახლიდან წაღებულია ლეიბები, ზეწრები, ბალიშები, ხალიჩები, დაფშვნილი სიმინდიც კი. მძარცველებმა სახლში ფანჯრის გისოსებიდან შეაღწიეს.
მთელი დღის განმავლობაში ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები იმყოფებოდნენ, მათ დნმ-ის ნიმუშები აიღეს.