ჩოხატურის მუნიციპალიტეტის მერიის გადაწყვეტილებით, მუნიციპალური ინსპექცია შეიქმნა, ის ზედამხედველობის სამსახურს ჩაანაცვლებს და ავტომატურად ამ უკანასკნელმა ფუნქციონირება შეაჩერა;
როგორც ჩოხატაურის საკრებულოდან გვატყობინებენ, მუნიციპალურ ინსპექციას, ყოფილი პოლიციელი, მალხაზ მამალაძე უხელმძღვანელებს, ზედამხედველობის სამსახურის ყოფილი უფროსი, ირაკლი ახობაძე კი სახლში გაუშვეს;
მამალაძე, შსს გურიის პოლიციის დეპარტამენტის, ჩოხატაურის სამმართველოში, დეტექტივი იყო, სამი თვის წინ, ის პენსიაში გავიდა, თუმცა, გასული კვირის პარასკევს, მამალაძე მუნიციპალურ ინსპექციას ჩაუდგა სათავეში და დღეის ამას იქით საჯარო მოხელე იქნება;
ახობაძის განთავისუფლება და ზედამხედველობის სამსახურის რეორგანიზაცია, როგორც გვიხსნიან ადგილზე, არ უკავშირდება, ამ უწყების მიერ, კურორტ ბახმაროში სავაჭრო ობიექტების დემონტაჟის დაწყების დაანონსებას:
“ამ პროცესს მუნიციპალური ინსპექცია გააგრძელებს, უბრალოდ, ამ სამსახურის რეორგანიზაცია და დაბაში მუნიციპალური ინსპექციის დაფუძნება კარგა ხნით ადრე იყო გადაწყვეტილი”
– გვითხრეს ჩოხატაურის საკრებულოში;
ცნობისათვის, განთავისუფლებამდე რამდენიმე დღით ადრე, ირაკლი ახობაძემ, ჩოხატაურის ხედამხედველობის სამსახურის უფროსის რანგში, კურორტ ბახმაროში მოქმედ მცირე ბიზნესის წარმომადგენლებს, შემდეგი სახის ოფიციალური შეტყობინება დაუგზავნა;
“ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის მიერ, დაბა ბახმაროს ტერიტორიაზე განხორციელებული მონიტორინგის შედეგად დადგინდა, რომ თქვენს მიერ განთავსებულია ჯიხური/მცირე სავაჭრო იბიექტი, რომლის აღნიშნულ ტერიტორიაზე განთავსებისა და სარგებლობის კანონიერების დამადასტურებელი დოკუმენტაცია მუნიციპალიტეტში წარმოდგენილი არ არის.
მოიტორინგის შედეგად დადგენილი გარემოებებისა და მუნიციპალიტეტში არსებული შესაბამისი დოკუმენტაციის საფუძველზე, ობიექტის განთავსებისა და მის მიერ დაკავებული ტერიტორიის სარგებლობის სამართლებრივი საფუძველი ვერ იქნა დადასტურებული.
აღნიშნულიდან გამომდინარე, ობიექტის განთავსება, შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე წარმოადგენს ტერიტორიის უნებართვო დაკავებას/სარგებლობას, რაც ქმნის ტერიტორიის განთავისუფლებისა და მასზე განთავსებული ობიექტის დემონტაჟის აუცილებლობას.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არაუგვიანეს 2026 წლის 15 სექტემბრისა, გეკისრებათ ვალდებულება:
ა) სრულად გაანთავისუფლოთ თქვენს მიერ დაკავებული ტერიტორია,
ბ) განახორციელოთ აღნიშნულ ტერიტორიაზე განთავსებული ჯიხურის/მცირე სავაჭრო ობიექტის სრული დემონტაჟი და მისი ტერიტორიიდან გატანა.
გ) დემონტაჟის შემდგომ უზრუნველყოთ ტერიტორიის დასუფთავება, და სათანადო მდგომარეობაში მოყვანა.
ამასთან, გაცნობებთ, რომ მითითებულ ვადაში ტერიტორიის ნებაყოფლობით გათავისუფლებისა და ობიექტის დემონტაჟის განუხორციელებლობის შემთხვევაში, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერია უფლებამოსილია, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით , მიიღოს შესაბამისი სამართლებრივი ზომები, მათ შორის განახორციელოს კანონმდებლობით გათვალისწინებული პროცედურები ტერიტორიის გათავისუფლებისა და უნებართვოდ განთავსებული ობიექტის დემონტაჟის უზრუნველსაყოფად”;
გავრცელებული ინფორმაციით, კურორტ ბახმაროში, ამ ობიექტების დემონტაჟის კურატორი, ჩოხატაურის ვიცე მერი, ლევან ჩხიკვაძე იქნება;
ამ გადაწყვეტილებამ დაპირისპირება გამოიწვია ჩოხატაურის მერიასა და საკრებულოში;
ადგილობრივები აცხადებენ, რომ მცირე ბიზნესის წარმომადგენლები კურორტზე, ანუ ისინი ვინც იქ სავაჭრო ობიექტებს ფლობენ, ძირითადად “ქართული ოცნების” მხარდამჭერები და პარლამენტარ ვასილ ჩიგოგიძესთან დაახლოებული პირები არიან, შესაბამისად, მათ დიდი გავლენა აქვთ საკრებულოს დეპუტაციაზე, განსაკუთრებით მაჟორიტარებზე და მათი ბიზნესის შელახვასა და მათი ოჯახების”ულუკმაპუროდ დატოვებას”, მერიის მხრიდან, არ დაუშვებენ;








