ოპერატორი ალექსანდრე დიღმელოვი, კეპით, და რეჟისორი ალექსანდრე წუწუნავა ფილმის ,,ჯანყი გურიაში” გადაღებისას (1928). ფილმის პლაკატი.
“ფილმის ჯანყი გურიაში გადაღება რეჟისორის ალექსანდრე წუწუნავას მშობლიურ
სოფელ ლიხაურში მიმდინარეობდა. მან თავიდანვე უარი განაცხადა ეროვნული, ამ შემთხვევაში გურული ადათ-წესების, კოლორიტისა და ეგზოტიკის თვითმიზნურ ჩვენებაზე, რაც ასე ხშირად იყო ორიენტალისტურ სურათებში, რომლებშიც წინა პლანზე გარეგნული ნიშნები – ქამარ-ხანჯალი, ჩოხა თუ ჰარამხანა იყო გამოტანილი და ყურადღების მიღმა რჩებოდა
ადამიანები, მათი ბუნება. ფილმში მკაფიოდ გამოიკვეთა მთავარ გმირთა მხატვრული სახეები, რომლებიც აჯანყებული გლეხების მასასთან ერთად ერთ ორგანიზმს წარმოადგენენ.
წუწუნავამ სხვა ფილმებში გამოყენებული სახალხო შეჯიბრებანი, კერძოდ, ჯირითი კინორომანის იდეურ-მხატვრული კონცეფციის საკვანძო პუნქტებად წარმოაჩინა და ორგანულად მიუსადაგა ფილმის ლაიტმოტივს.*
მაგრამ ერთ-ერთი უპირველესი, რაც ფილმს მაგიურობას ანიჭებს, ეს მასობრივი სცენებია, რომელთა უბადლო ოსტატად ისევ მოგვევლინა ალექსანდრე წუწუნავა. ამ სცენების ყურებისას (იქნება ეს ხალხმრავალი კრება, სადაც აჯანყებულთა მეთაურებს ირჩევენ თუ უმაღლესი ოსტატობით დადგმული საბრძოლო ბატალიები) გებადება ეჭვი, რომ ეს მსახიობთა მონაწილეობით დადგმული ეპიზოდები კი არ არის, არამედ რაღაც ზებუნებრივი ძალით, დროის მანქანის საშუალებით გადამღები
ჯგუფი გადასროლილა 1841 წელს და აპარატი როგორც თვითმხილველი, როგორც მოწმე აფიქსირებს მოვლენებს. მსგავსი
შეგრძნება გამიჩნდა, როცა ვნახე აკირა კუროსავას ბრწყინვალე `შვიდი სამურაი~”.