უნდა იცოდეს უცხო ენა, არ უნდა იყოს ნასამართლევი,რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს გერმანიაში სეზონურ სამუშაოზე წასვლის მსურველი

საზღვარგარეთ დროებითი დასაქმების მსურველი საქართველოს მოქალაქეებისთვის სარეგისტრაციო პორტალი მიმდინარე წლის 15 თებერვალს ამოქმედდა და გერმანიაში სოფლის მეურნეობის სექტორში, სეზონურ სამუშაოზე ლეგალური დასაქმების მიზნით, საქართველოს 95 000-ზე მეტი მოქალაქე უკვე დარეგისტრირდა.

 

როდის და რა პირობებით შეძლებენ საქართველოს მოქალაქეები გერმანიაში დასაქმებას, როგორია შერჩევის კრიტერიუმები და კიდევ რომელი ქვეყნების დამატება მოხდება სარეგისტრაციო პორტალზე, ამ საკითხებზე „ინტერპრესნიუსს“ ჯანდაცვის სამინისტროს შრომითი მიგრაციის საკითხთა სამმართველოს უფროსი, გიორგი ბუნტური ესაუბრა.

 

„შეთანხმებით განსაზღვრულია სავალდებულო კრიტერიუმები. კერძოდ, საქართველოს მოქალაქე უნდა იყოს 18-დან 60 წლამდე, ფიზიკურად ჯანმრთელი, რის დასადასტურებლადაც უნდა წარადგინოს ფორმა 100, ასევე უნდა ჰქონდეს გამოცდილება, იცოდეს უცხო ენა, არ უნდა იყოს ნასამართლევი. წასვლამდე სავალდებულოა PCR ტესტის გაკეთება, რომლის ხარჯსაც თავად მოქალაქე ანაზღაურებს. ამასთან, არის ინდივიდუალური კრიტერიუმები, რომლებიც გერმანელი დამსაქმებლების მიერ გამოგზავნილ კონკრეტულ შეთავაზებებშია. ეს შეიძლება იყოს კონკრეტული ენის ცოდნის მოთხოვნა ან რომელიმე მოსავლის აღების გამოცდილება და სხვა.

 

რაც შეეხება შერჩევის პროცედურას, კრიტერიუმების გათვალისწინებით, პირველადი შერჩევის შემდეგ, ყველა შერჩეულ კანდიდატთან ხდება გასაუბრება. მოქალაქეს ეგზავნება შეტყობინება და შემდეგ დასაქმების ხელშეწყობის სააგენტოს თანამშრომლები უკავშირდებიან და აცნობენ დეტალურ ინფორმაციას სამუშაოს და პირობების შესახებ. მოქალაქის მხრიდან დაინტერესების შემთხვევაში, ხდება დაბარება გასაუბრებაზე და ამის შემდეგ კანდიდატურა გერმანელ დამსაქმებელს ეგზავნება. საბოლოო გადაწყვეტილებას გერმანელი დამსაქმებელი იღებს.

 

– როგორია გერმანიაში დასაქმების მსურველთა შემდეგი ნაკადის რეგისტრაცია-შერჩევის ვადები და სულ რამდენი ნაკადის შერჩევა იგეგმება?

 

– ეს პროგრამა არაა გათვლილი მოკლე ვადაზე. ესაა ორ მხარეს დადებული შეთანხება, რომელიც დადებულია განუსაზღვრელი ვადით და იქნება იქამდე, სანამ რომელიმე მხარე არ გადაწყვეტს, რომ ამ სფეროში ერთმანეთთან თანამშრომლობა აღარ უნდათ. შესაბამისად, ისევე როგორც წელს, ასევე მომავალ წლებში, მთელი სეზონის განმავლობაში იქნება გერმანიაში დასაქმება შესაძლებელი. 15 თებერვლიდან დაიწყო რეგისტრაციის პროცესი და აღარ შეჩერდება. როგორც რეგისტრაცია, ასევე ვაკანსიების მიღება მუდმივად იქნება. ერთი ადამიანი რომ წავა გერმანიაში, მაქსიმუმ 3 თვის განმავლობაში იმუშავებს კონკრეტულ დამსაქმებელთან. თუმცა ამ 3 თვის განმავლობაში არ ვჩერდებით, 3 თვის გასვლას არ ველოდებით, რომ მეორე და შემდეგი ნაკადები გავუშვათ.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share