ლანჩხუთში, აღმაშენებლის ქუჩაზე, რომლის სარეაბილიტაციო სამუშაოები თითქმის სამი მილიონი ლარი დაჯდა, საკანალიზაციო ჭა ჩავარდა. აღნიშნული ქუჩის მცხოვრებლები, რომელიც ქალაქს ავტობანთან აკავშირებს, იმ შექმნილ პრობლემებზე საუბრობენ, რომელმაც ბოლო 6 თვის განმავლობაში მათი იქ ცხოვრება გაუსაძლისი გახადა.
,,რამდენი პროტესტი უნდა გამოვხატოთ, რომ აქ სიჩქარეს მოუკლონ? თითქმის ყველა მეორე დღეს ავტომობილია ამოტრიალებული. რაც საქონელი დადიოდა, ნახევარი ამ ტრაილერებმა იმსხვერპლა. მაინც და მაინც ადამიანი უნდა მოკლას, რომ ყური გამოიფხეკონ და ყურადღება მოგვაქციონ?” – აცხადებენ აღმაშენებლის ქუჩაზე მაცხოვრებლები “გურია თუდეისთან”.
მათივე ინფორმაციით, გუშინ ქუჩაზე საკანალიზაციო ჭა ჩავარდა, რაც კიდევ დამატებითი პრობლემა გახდა ადგილობრივებისთვის:
,,წუხელ საკანალიზაციო ჭა ჩავარდა, იმხელა ხმა იყო, ვიფიქრე კაი არ ხდება-თქო. გამოვედით და ეს სიტუაცია დაგვხვდა. კაი მოზრდილი სარი ჩავარჭვე ღია ადგილზე, ზედ წითელი ნაჭერიც დავამაგრე, რომ გამრებმა დაინახოს და რამე არ დაემართოს. გაიარა წეღან დიდმა ტრაილერმა და ეს სარი სულ არ შეუმჩნევია, ისე მიატეხა. ან პატრული სადაა, დღეში 9-ჯერ რომ დადის, ან სხვა სამსახურები რას შობა? ნუთუ ვერ ხედავენ, რაც ხდება? 2 მილიონ 900 ათასი რაში დაიხარჯა, 6 თვეში რომ გაფუჭებულიყო?! ე.წ. ზებრა გადასასვლელები ტყუილადაა დახაზული, კაი ხანს უნდა იდგე, რომ გადახვიდე. თითქმის არავინ არ აჩერებს. სანამდე ვიყოთ ამ ნერვების თამაშში?“-ყვებიან ადგილობრივები.