„მიუხედავად იმისა, რომ საარჩევნო ადმინისტრაციის თანამშრომელთა მიმართ პატივისცემით ვარ განწყობილი, უნდა აღვნიშნო, რომ მოცემულ ვითარებაში ადმინისტრაცია უკვე გახდა „ქართული ოცნების“ დაგრძელებული ხელი და ინსტრუმენტი არჩევნებზე სხვადასხვა მანიპულაციისთვის“. ამის შესახებ სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა „ლელოს“ მაჟორიტარობის კანდიდატმა გურიაში გიორგი სიორიძემ.
მისი თქმით, დღევანდელი მონაცემებით 12 ათას ადამიანამდეა კოვიდინფიცირებული. ასევე ათასობით განისაზღვრება ინფიცირებულთან კონტაქტების მქონე და იზოლაციაში მყოფთა რაოდენობა. „ამ ფონზე, საარჩევნო ადმინისტრაცია იღებს დადგენილებას, რომლის თანახმადაც დროის არაგონივრულად მცირე მონაკვეთში, მხოლოდ 24-იდან 26 ოქტომბრის ჩათვლითარის შესაძლებელი ამ ადამიანთა გადასატანი ყუთებით მოსარგებლეთა სპეციალურ სიაში რეგისტრაცია არჩევნებში მონაწილეობისთვის.
ვინაიდან ამ კონტინგენტისთვის ახალი რეგულაცია ცვლის ცალკეულ პროცედურებს (მაგალითად, მარკირების გაუქმება), ასეთი რეალობა, ქართულ სინამდვილეში, ხდება ხმებით მანიპულირების მაღალი რისკის შემცველი პროცესი. ეს მხოლოდ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას აძლევს ხელს. რისკის ქვეშაა საარჩევნო პროცესის ისეთი ორგანული მდგენელები, როგორიცაა ფარულობა, თავისუფალი ნების გამოვლენა, საყოველთაობა“, -აღნიშნა სიორიძემ.
მან ასევე ხაზი გაუსვა, რომ ხელისუფლების კისერზეა ის, რომ არჩევნების კარამდე შეგნებულად მოიტანა აღნიშნული პრობლემა. „ხელისუფლება ვალდებული იყო ამ ვითარების პროგნოზირება მოეხდინა გაზაფხულზევე, როცა ინფექციის გავრცელების შეჩერება და პროცესის დროში გადავადება პრაქტიკულად სრული ჩაკეტვით მოხერხდა. მაშინვე ცხადია იყო, რომ შემოდგომა ინფექციის გავრცელების მხრივ იქნებოდა მძიმე (ამაზე საუბრობდა თავად მთავრობა) და 31 ოქტომბერი, როგორც საარჩევნო დღე, იქნებოდა განსაკუთრებული პასუხისმგებლობით დასაორგანიზებელი. ამას სჭირდებოდა უმაღლეს საკანონმდებლო თვალსაზრისით გააზრება და შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღება, რაც „ოცნებამ“ არ გააკეთა და დღეს საზოგადოებას, საარჩევნო ადმინისტრაციით ხელით სთავაზობს კონტექსტიდან ამოგლეჯილ, სათავისო და ამომრჩევლის უფლებების შემლახავ გადაწყვეტილებებს.
დღეს გვაქვს მდგომარეობა, როცა ინფექციის ლამის გეომეტრიული პროგრესიით ზრდის ფონზე, მხოლოდ 19 ოქტომბერს, არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე, საარჩევნო ადმინისტრაცია გამოსცემს დადგენილებას და აძლევს სპეციალური რეგისტრაციის საშუალებას ინფექციის გამო მობილობაშეზღუდულ პირებს.
ფაქტია ისიც, რომ სადღეისოდ ინფიცირებულთა და იზოლირებულთა მხოლოდ 10 %-ს აქვს რეგისტრაცია გავლილი. ამას ხელს უწყობს ისიც, რომ ხელისუფლებას და საარჩევნო ადმინისტრაციას არ უწარმოებია შესაბამისი და სათანადო აგრესიულობით საჭირო საინფორმაციო კამპანია. მეორეს მხრივ, სამწუხარო ფაქტია, რომ 27-იდან 31 ოქტომბრამდე პერიოდში ჩვენ კიდევ დაგვემატება რამდენიმე ათასი კოვიდინფიცირებული და მათთან კონტაქტის გამო იზოლირებულები და ეს ამომრჩევლები, საპარლამენტო არჩევნების მიღმა დარჩებიან“, – განაცხადა გიორგი სიორიძემ.
მან სოლიდარობა და თანადგომა გამოუცხადა „სამოქალაქო პლატფორმა 2020“ -ს, რომელმაც დღეს საკონსტიტუციო სარჩელით მიმართა საკონსტიტუციო სასამართლოს და მოითხოვა ამ რეგულაციის შეჩერება. „ჩვენ თანადგომას ვუცხადებთ ამ არასამთავრობო ორგანიზაციას და ყველა იმ პირსა და ორგანიზაციას, ვინც იბრძვის იმისთვის, რომ ამ საპარლამენტო არჩევნებზე რამდენიმე ათეული ათასი ამომრჩეველი, რომლებიც მობილობის შეზღუდული უფლების გამო ისედაც მოკლებულნი იქნებიან მაჟორიტარულ ნაწილში ხმის მიცემის შესაძლებლობას, საერთოდ არ დარჩნენ საარჩევნო პროცესის მიღმა.
კიდევ ერთხელ მოვუწოდებ მოქალაქეებს, რომ რეგულაციების ზედმიწევნით დაცვით და მაქსიმალური სიფრთხილით, აუცილებლად მიიღონ მონაწილეობა არჩევნებში. „ლელო“ ყველაფერს გააკეთებს საიმისოდ, რომ ამომრჩეველს მიეცეს თავისი მოქალაქეობრივი მოვალეობის სრულფასოვნად შესრულების საშუალება“, – აღნიშნა ბრიფინგზე „ლელოს“ მაჟორიტარობის კანდიდატმა გურიაში გიორგი სიორიძემ.