The Economist-ის კვლევითი ცენტრის პროგნოზი საქართველოსთან მიმართებაში გაუარესდა. ანალიტიკოსების ვარაუდით, საქართველო მოსახლეობის დიდი ნაწილის [60-70%] Covid-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრას 2023 წლამდე ვერ მოახერხებს.
ექსპერტების თქმით, ოთხი სახელმწიფოს პროგნოზი ზედმეტად ოპტიმისტურად იყო შეფასებული და განახლებული მონაცემებზე დაყრდნობით, მათი მოლოდინი გაუარესდა. ეს ქვეყნებია: საქართველო, სომხეთი, ვანუატუ და ტაივანი.
იანვარში გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, საქართველო მოსახლეობის დიდი ნაწილის აცრას 2022 წლის ბოლოსთვის მოახერხებდა, თუმცა, ახალი კვლევის თანახმად, მოლოდინმა 2033 წლამდე გადაიწია.
საქართველოსგან განსხვავებით, გაუმჯობესებულია 9 სახელმწიფოს რეიტინგი და პროგნოზი, მათ შორისაა: იამაიკა, ბჰუტანი, კუბა, მალდივი, კოლუმბია, სერბეთი, ურუგვაი, ჩილე და ნორვეგია.
მკვლევრების განმარტებით, ამ სახელმწიფოებმა იმაზე სწრაფად მოახერხეს ვაქცინაციის პროცესის დაწყება და განვითარება, ვიდრე ეს დაგეგმილი იყო და ამიტომაც მათი პროგნოზები გაუმჯობესდა.
კვლევითი ცენტრის ვარაუდით, განვითარებული სახელმწიფოების უმეტესობა მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი აცრას 2022 წლის შუა რიცხვებისთვის შეძლებს, თუმცა განვითარებადი ქვეყნები, მათ შორის საქართველო, მსგავს შედეგს, საუკეთესო შემთხვევაში, 2023 წლამდე ვერ მიაღწევს.
“გლობალური ვაქცინაციის პერიოდი 2022-23 წლამდე გაიწელება, რაც ზრდის იმის რისკებს, რომ ზოგიერთი განვითარებადი სახელმწიფო მოსახლეობის არ აცრის სტრატეგიას აირჩევს. მოვლენების მსგავსი განვითარება გაახანგრძლივებს გლობალური ეკონომიკური აღდგენის პროცესს და ხელს შეუწყობს კორონავირუსის ახალი შტამების გაჩენას, რაც კვლავ უკან, საწყის ეტაპზე დაგვაბრუნებს”. – წერია კვლევის დასკვნით ნაწილში.