14 მაისს ოზურგეთის ალექსანდრე წუწუნავას სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი 153-ე სათეატრო სეზონს ახლადრეაბილიტირებულ შენობაში გახსნის.
ოზურგეთის თეატრის შენობა, რომელიც 1961 წელს შევიდა ექსპლუატაციაში, ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბურია საქართველოში. იგი მნიშვნელოვან არქიტექტურულ ობიექტს წარმოადგენს, მინიჭებული აქვს კულტურული ძეგლის სტატუსი და ოზურგეთის სავიზიტო ბარათად მიიჩნევა.
გიგანტური, ხუთსართულიანი სათეატრო ნაგებობის საერთო მოცულობა 7 000 კვადრატული მეტრია. თეატრს აქვს დიდი სცენა 405 კაციანი მაყურებელთა დარბაზითა და ორი იარუსით, სადაც განლაგებულია ლოჟები. იარუსები ქართული სტილის ორნამენტებითაა მოჩუქურთმებული, ხოლო ჭერი მოხატულია გურიის ცხოვრების ამსახველი ყოფითი სცენებით. თეატრში ორი სცენაა, დიდი, მცირე, გააჩნია კიდევ რამდენიმე სივრცე სპექტაკლებისა და ღონისძიებების გასამართად: სამხატვრო გალერეა (სხვენზე, დღის შუქით), დიდი სარეპეტიციო დარბაზი, პერსპექტივაში ლიტერატურული სალონი, კაფე (სარდაფი), ღია ტერასა.
ამორტიზებულ შენობას სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა საქველმოქმედო ფონდის „ქართუს“ მხარდაჭერით, რაზედაც დაიხარჯა 20 მილიონი ლარი. თეატრის შენობა მორგებულია თანამედროვე სტანდარტებს და ის თანამედროვე მატერიალურ-ტექნიკური ბაზით არის აღჭურვილი, ადაპტირებულია შშმ პირებისთვის; აქვს კეთილმოწყობილი სარეპეტიციო ოთახები, საგრიმიოროები, რადიო სტუდია აღჭურვილი თანამედროვე აპარატურით რადიოთეატრისათვის სპექტაკლების ჩასაწერად, სარეკვიზიციო სათავსოები, ქორეოგრაფიული დარბაზები, სამუზეუმო ოთახი, სამკერვალო, სადეკორაციო სახელოსნოსთვის და სხვა.
153-ე სეზონისთვის, ოზურგეთის თეატრმა, 7 საპრემიერო დადგმა მოამზადა. განსაკუთრებული, ისტორიული მნიშვნელობის სათეატრო სეზონი ოზურგეთის თეატრში გაიხსნება თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის ვასილ ჩიგოგიძის სპექტაკლით „მონატრება – ნუ გააღვიძებ“ (ნოდარ დუმბაძის ნაწარმოებების მიხედვით, ინსცენირება ლელა არაბიძის), რომელშიც თეატრის 4 თაობა მონაწილეობს, მათ შორი,ს დებიუტანტი პროფესიონალები, რომლებსაც პირველად შეხვდება და გაიცნობს ფართო აუდიტორია. მომდევნო დღეებში წარმოდგენილი იქნება ვანო ხუციშვილის სპექტაკლი „სამს პლუს სამი“ (მანანა დოიაშვილის პიესის მიხედვით), ელენე მაცხონაშვილის თოჯინური სპექტაკლი დიდებისთვის „დონ კიხოტი“, დიმიტრი ხვთისიაშვილის სპექტაკლი „მთავარი როლი“ (თამარ ბართაიას პიესის მიხედვით), ოთარ კუტალაძის „ნეაპოლი მილიონერთა ქალაქი“ (ედუარდო დე ფილიპოს კომედია), მამუკა ბაბილოძის „ვერნისაჟი“ (ვაცლავ ჰაველის აბსურდის კომედია). ოზურგეთის რეაბილიტირებული შენობისა და 153-ე სათეატრო სეზონის გახსნას დაესწრებიან თეატრის მეგობრები, საქართველოს მთავრობისა და საზოგადოებრიობის წარმომადგენლები. p.s. რეაბილიტაციის პერიოდში თეატრი გასტროლებს მართავდა ქვეყანაში და უცხოეთში, მონაწილეობდა საერთაშორისო ფესტივალებში, იყენებდა ალტერნატიულ სათეატრო სივრცეებს.
ლია კილაძე, თეატრის პრესსამსახური.