ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის განცხადებით, აჭარისა და გურიის რეგიონებში ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება-გასაღების ფაქტზე სისხლის სამართლებრივი დევნა 4 პირის მიმართ დაიწყეს.
“გამოძიებით დადგინდა, რომ აჭარისა და გურიის რეგიონებში რეგისტრირებული ავტოსკოლის წარმომადგენლებმა, თანხის სანაცვლოდ, დაამზადეს და გაასაღეს მართვის მოწმობის აღებისთვის საჭირო სხვადასხვა კატეგორიის სასწავლო კურსის დამთავრების დამადასტურებელი ყალბი მოწმობები, ისე რომ ფაქტობრივად არ გადაამზადეს მოქალაქეები შესაბამისი სწავლების კურსის ფარგლებში”, – წერია უწყების განცხადებაში.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 3 წლამდე ვადით.