ლია ჩიგოგიძე: საკრებულოს ბიუროზე შემოვიდა საკითხი, რომ გუთურის სკოლას მიენიჭოს ზაურ ბოლქვაძის სახელი. ვფიქრობ, ეს არის პოლიტიკური ნიშნით. ამ სკოლას ხომ გქონდა დავით ჩხიკვიშვილის სახელი? სად გაქრა ეს აბრა, ეს დოკუმენტები? ეს ხომ დანაშაულია? როგორც საკრებულოს ფრაქცია “ევროპული საქართველოს” თავმჯდომარეს, გამცენ პასუხი რატომ აძლევენ აცილებას დავით ჩხიკვიშვილის სახელს? ის იყო მეცნიერებისა და განათლების მინისტრი, უნივერსიტეტის ლექტორი, დიდი სამამულო ომის მონაწილე, ვეტერანი, მფრინავი, მწერალი და უამრავი ლიტერატურული ნაწარმოების ავტორი. დამარწმუნონ, რომ ამ სკოლას არასდროს არ ჰქონდა მინიჭებული მისი სახელი. თან, ყველაზე საინტერესო ის არის, რომ აღმოვაჩინე ამ სკოლის ატესტატები, სადაც გარკვევით წერია, რომ სკოლა იყო დავით ჩხიკვიშვილის სახელობის” სკოლისთვის სახელის გადარქმევას ეწინააღმდეგებიან დავით ჩხიკვიშვილის ახლობლებიც, ისინი ამ იდეის ინიციატორებს დოკუმენტაციისა და იმ აბრის გაქრობაში ადანაშაულებენ, რომელიც სწორედ იმის დასტური იყო, რომ წლების განმავლობაში სკოლა დავით ჩხიკვიშვილის სახელს ატარებდა:
“მე ვარ ბატონი დავითის ძმის შვილიშვილი. წლების განმავლობაში ეს სკოლა ატარებდა დავით ჩხიკვიშვილის სახელს. მე მაშინ ვიყავი სოფელში ხელმძღვანელ თანამდებობაზე და ეს ზუსტად მახსოვს. არსებობდა პედაგოგთა კოლექტივი და ზოგიერთი მათგანი ახლაც იქ არის, ვისაც ზუსტად ემახსოვრება, რომ ამ კაცის სახელობის იყო ეს სკოლა. მას შემდეგ რაც ეს აბრა მოიხსნა ამ სკოლიდან და გაქრა სადღაც, ვერაფერი გავარკვიეთ. რატომ მოხდა ეს ყველაფერი ვერ გავიგე. აქ იყო დოკუმენტი ჩამოსული სამინისტროდან, არსებობდა ოფიციალური საბუთიც, რომ ეს სკოლა იყო დავით ჩხიკვიშვილის სახელობის , მაგრამ ეს დოკუმენტები ახლა სადაა გამქრალი არ ვიცით. მე ერთ რაღაცას დავძენ, მოდი ასე მივუდგეთ ამ საკითხს, თუნდაც დავით ჩხიკშვიშვილის სახელი ჰქონდა მინიჭებული და ახლა უნდათ მიანიჭონ ზაურ ბოლქვაძის სახელი ხო? მოდი გადავხედოთ ისტორიას, რომელს აქვს უფრო მეტი გაკეთებული ჩოხატაურისთვის? ვის აქვს მეტი დამსახურება? ელისოს ძალიან დიდ პატივს ვცემთ, გუთურელია, მაგრამ მაგი თუ აპირებს მისი სახელით წამოსწიოს წინ მამის სახელი, მაშინ დავდგებით ამის წინააღმდეგ, რადგან ეს უკვე პოლიტიკური გამოდის”-გვითხრა კაკო ჩხიკვიშვილმა.
საპირისპიროს ამტკიცებს “გურიის მოამბესთან” გუთურის საჯარო სკოლის დირექტორი, მზია ოსეფაშვილი, რომელიც ირწმუნება, რომ სკოლას ამ დრომდე არასდროს არავის სახელი მინიჭებული არ ჰქონია, ინიციატივა კი, ის ზაურ ბოლქვაძის სახელობის იყოს, პირადად მას ეკუთვნის და ამაში პოლიტიკას საერთოდ ვერ ხედავს:
“ამ სკოლას სახელი მინიჭებული არასდროს ჰქონია. თქვეს, რომ დავით ჩხიკვიშვილის სახელს ატარებდაო, მაგრამ ამის დამადასტურებელი ვერაფერი ვერ მოვიძიეთ. მოსახლეობიდან წამოვიდა ამის მოთხოვნა, რომ სკოლას დარქმეოდა დავით ბოლქვაძის სახელი. 6 წლის უკან, როცა დავტოვეთ სკოლის შენობა ავარიული მდგომარეობის გამო, ქალბატონი ელისო იყო აქ სკოლაში მოსული, არც დეპუტატი იყო მაშინ და გადმოგვცა მისი სახლის გასაღები, რომ იქ ვყოფილიყავით და გაგვეგრძელებინა მუშაობა.
გ. მ: და ეს იდეა ვის ეკუთვნის?
-მე მეკუთვნის, რა არ შეიძლება? ამ საკითხის მოწინააღმდეგე არავინ არაა. ვინც არიან აქ სკოლის წარმომადგენლები, 13 კაცი, ყველამ მისცა ამას ხმა.
გ.მ. – რატომ მაინც და მაინც ზაურ ბოლქვაძე?
-თქვენ ფიქრობთ, რომ ელისოსკენ მიდის ეს ყველაფერი, რადგან დეპუტატია? სკოლა უკვე აშენებულია და რა უნდა გაააკეთოს მან მეტი ჩვენთვის? მისი სახლიც კი მუნიციპალიტეტს აჩუქა. ჩვენი სოფლის წარმომადგენელია, ცნობილი კაცი იყო და რატომ არ შეიძლება მისი სახელის მინიჭება?-გვითხრა სკოლის დირექტორმა.
რაც შეეხება ჩოხატაურის საკრებულოს თავმჯდომარეს, ზაალ მამალაძეს, ის გვეუბნება, რომ საკრებულომ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, ერთთვიანი ვადა მისცა დავით ჩხიკვიშვილის მხარეს. მამალაძის თქმით, თუ ამ პერიოდში ისინი საკრებულოს წარუდგენენ ნებისმიერ დამამტკიცებელ დოკუმენტს, რომ სკოლა დავით ჩხიკვიშვილის სახელს ატარებდა, პრობლემა მოიხსნება და საკითხის განხილვა შეწყდება:
“პირველ რიგში გეტყვით, რომ ამის ინიციატორი არ არის საკრებულო და ვერც იქნება. ამას აკეთებს სკოლა.შემოვიდა ჩვენთან დირექტორის ინიციატივა, რომ მიენიჭოს ამ სკოლას ზაურ ბოლქვაძის სახელი. ერთი თვე აქვთ დავით ჩხიკვიშვილის მხარეს, რომ მათ წარმოადგინონ იმის დამადასტურებელი რაიმე ტიპის დოკუმენტაცია, რომ სკოლა ატარებდა სწორედ დავითჩხიკვიშვილის სახელს”.
შეგახსენებთ, რომ ჩოხატაურის სოფელ გუთურში მდებარე სკოლა, შესაძლოა, პოეტ ზაურ ბოლქვაძის სახელობის გახდეს. გავრცელებული ინფორმაციით, ინიციატივა მის შვილს ქართული ოცნების დეპუტატ ელისო ბოლქვაძეს ეკუთვნის. საკითხი ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე გუშინ განიხილეს. თუმცა, ოპოზიციის წინააღმდეგობის გამო, მისი განხილვა ერთი თვით გადაიდო. ელისო ბოლქვაძე აცხადებს, რომ მან ამ ფაქტის შესახებ არაფერი იცის, თუმცა არსებობს მისი ხელით დაწერილი წერილი, რომლითაც დასტურდება, რომ დეპუტატი ამ ინიციატივას მიესალმება. “ქალბატონო მზია, მე და დედა, ნანა დარჩია, რა თქმა უნდა მივესალმებით ინიციატივას და სიხარულს გამოვხატავთ სკოლას მიენიჭოს მამას სახელი. ეს ფაქტი გააცოცხლებს ზაურ ბოლქვაძის სახელს და მომავალ თაობას გააცნობს მის შემოქმედებას. პატივისცემით, პარლამენტის წევრი, ელისო ბოლქვაძე”, – წერია ბოლქვაძის წერილში.
ამასთან, გუთურში მდებარე ხსენებული სკოლა წლების განმავლობაში, მეორე მსოფლიო ომის მონაწილის, სახელოვანი მფრინავის და ისტორიკოსის, დავით ჩხიკვიშვილის სახელობის იყო. ახალგარემონტებული სკოლა ოქტომბერში, საარჩევნოდ უნდა გაიხსნას. სავარაუდოდ, იქამდე გაირკვევა, მიენიჭება თუ არა მას ელისო ბოლქვაძის მამის, პოეტის და ჟურნალ ნიანგის რედაქტორის ზაურ ბოლქვაძის სახელი.