ნინო წილოსანი, მეათე მოწვევის პარლამენტარი “ქართული ოცნებიდან” ქმარს დაშორდა. ამის შესახებ ცოტა ხნის წინ, ჟურნალ “თბილისელებთან” ინტერვიუში განაცხადა. ბიზნესმენ ვლადიმერ აბულაძესა და პოლიტიკოს ნინო წილოსანს სამი შვილი ჰყავთ. 2021 წლის დეკლარაციაში დეპუტატს ქმარი ჯერ კიდევ მოხსენიებული ჰყავს.
„დროის სიმწირის პრობლემა მქონდა, მაგრამ ყოველთვის ვცდილობდი, ოჯახისთვის სათანადო ყურადღება დამეთმო. არც საჯაროობა გამხდარა ოჯახური პრობლემების წინაპირობა. უბრალოდ, ადამიანების ცხოვრება გარკვეული ეტაპებისგან შედგება, რაღაც სრულდება, რაღაც კი იწყება, თუმცა ჩვენ ძალიან მეგობრული ურთიერთობა გვქონდა და ახლაც ასეა. ჩემი დაკავებულობის ან პოლიტიკური საქმიანობის გამო პრობლემები არასდროს გვქონია…” – ამბობს ნინო წილოსანი.
იგი არასოდეს აქვეყნებდა მეუღლესთან ერთად გადაღებულ ფოტოებს. არ ჩნდებოდა მასთან ერთად სხვადასხვა პოლიტიკურ შეკრებებზე, სადაც მისი კოლეგები მეორე ნახევრებთან ერთად იყვნენ წარმოდგენილები, ამიტომ ვლადიმერ აბულაძესთან ერთად გადაღებული ფოტოები რთულად მოიძებნება სოციალურ ქსელში.
ნინო წილოსანის დეკლარაციიდან ირკვევა, რომ ამჯერად უკვე ყოფილი მეუღლე, ვლადიმერ აბულაძის მფლობელობაშია: 3 ბინა (თბილისში, მცხეთასა და წყნეთში), მიწის ნაკვეთი საგურამოში, 2 ფართი თბილისში; მსუბუქი ავტომობილი – ბმვ X 5.
ფლობს რუსთავის მეტალურგიული კომბინატის აქციებს. ამასთან, არის რამდენიმე კომპანიის პარტნიორი საქართველოში, ასევე აშშ-სა და ჩეხეთში. მისმა შემოსავალმა კი 2020 წელს ვაგონმშენებელი კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოს წევრის პოზიციაზე – 8 131 ლარი; რუსთავის მეტალურგიული კომბინატის ფინანსური დირექტორის პოზიციაზე კი 17 140 ლარი შეადგინა.
შთამბეჭდავია თავად ნინო წილოსანის ქონებაც. 2021 წლის 29 იანვარს შევსებული ქონებრივი დეკლარაციის თანახმად, წილოსანი ფლობს თბილისში ორი არასაცხორებელი ფართის წილებს; დედაქალაქში მდებარე ორ ბინას; ავტოფარეხს და მიწის ნაკვეთს ურეკში. ამასთან, მის საკუთრებაშია, მსუბუქი ავტომობილი Toyota. მასვე დეკლარაციის შევსების მომენტში საბანკო ანგარიშზე – 2 786 ლარი, ხოლო ნაღდი ფულადი თანხის სახით, 30 000 ლარი ჰქონდა. მისმა შემოსავალმა პარლამენტის წევრის პოზიციაზე 2020 წელს – 54 871 ლარი შეადგინა. გარდა ამისა, როგორც დეკლარაციაშია მითითებული, წილოსანი რამდენიმე კომპანიაში ფლობს წილებს, თუმცა, ისინი მართვის უფლებით სხვა პირზე აქვს გადაცემული.
ვლადიმერ აბულაძე წლების წინ სიმამრთან ერთად დაკავებული გახლდათ. 2013 წლის 17 მაისს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა შპს „ვაგონმშენებელი კომპანიის“ დამფუძნებელი ბადრი წილოსანი და კომპანიის სამი დირექტორი დააკავეს (ერთ-ერთი დირექტორი წილოსანის ყოფილი მეუღლე ვლადიმერ აბულაძე გახლდათ).
წყარო: ambebi.ge