საქართველო უცხოური მედიის ყურადღების ცენტრში კიდევ ერთხელ აღმოჩნდა. საერთაშორისო მედია ამჯერად 8 ნოემბერს ცესკო-სთან გამართულ საპროტესტო აქციას ეხმაურება.
გამოქვეყნებულ სტატიებში ნათქვამია, რომ საპროტესტო აქციის მონაწილეები საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, თამარ ჟვანიას გადადგომასა და ხელახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნას მოითხოვდნენ.
„პროტესტი საქართველოში: თბილისის პოლიციამ დემონსტრანტებზე წყლის ჭავლი მიუშვა“,- სტატიას ამ სათაურით BBC-ი აქვეყნებს.
„საქართველოს დედაქალაქ თბილისში პოლიციამ აქციის მონაწილეების დასაშლელად, რომლებიც გასულ კვირას ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შედეგებს აპროტესტებდნენ, წყლის ჭავლი გამოიყენა. ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინ ათასობით ადამიანი შეიკრიბა. ისინი ხელახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნას მოითხოვდნენ და მმართველ პარტიას არჩევნების გაყალბებაში ადანაშაულებდნენ. პარტია „ქართული ოცნება“ ბრალდებებს უარყოფს. საერთაშორისო დამკვირვებლები კი აღნიშნავენ, რომ არჩევნები „ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დაცვით“ ჩატარდა, თუმცა საარჩევნო პროცესის გარკვეული ელემენტებს აკრიტიკებენ“,- წერს BBC-ი.
BBC-ი წერს, რომ „ქართულ ოცნებას“ 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში მიღებული ხმების 48%-ი მთავრობის დაკომპლექტების უფლებას აძლევს.
„თუმცა, თბილისში შეკრებილი ათასობით დემონსტრანტი შედეგებს არ აღიარებს და საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის გადადგომას მოითხოვს“,- ვკითხულობთ სტატიაში.
BBC-ი აღნიშნავს, რომ საპროტესტო აქცია საქართველოს დედაქალაქში კომენდანტის საათის ამოქმედებამდე ერთი დღით ადრე გაიმართა.
საქართველოში გამართულ საპროტესტო აქციას Reuters-იც გამოეხმაურა. სტატიას, რომელშიც თბილისში განვითარებული მოვლენებია მიმოხილული, შემდეგი სათაური აქვს – „საქართველოს პოლიციამ წყლის ჭავლი მიუშვა მომიტინგეებს, რომლებიც ამბობდნენ, რომ არჩევნების შედეგები გაყალბებულია“.
Reuters-ი წერს, რომ აქციის დასაშლელად პოლიციამ წყლის ჭავლი გამოიყენა, რის შედეგადაც ათობით ადამიანი დაშავდა.
„ზოგიერთი მედიასაშუალების ინფორმაციით, პოლიციამ ცრემლსადენი გაზიც გამოიყენა, თუმცა პოლიცია ამას უარყოფს. რუსთაველზე, პარლამენტის წინ გამართულ მასშტაბური საპროტესტო აქციის შემდეგ, მომიტინგეებმა ცესკო-სთან გადაინაცვლეს, სადაც პროტესტი გაგრძელდა. შსს-ს განცხადებით, აქციის მონაწილეები ცესკოს შენობაში შეჭრას ცდილობდნენ“,- ვკითხულობთ სტატიაში.
სტატიაში ასევე აღნიშნულია, რომ ოპოზიციამ ცესკო-სთან 8 საათის შემდეგ გადაინაცვლა, როცა ოპოზიციის მიერ ხელისუფლებისთვის დადგენილი ვადა ამოიწურა.
Reuters-ის სტატიაში ასევე მოყვანილია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, სახალხო დამცველის, ნინო ლოჯარიასა და „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის, ნიკა მელიას განცხადებები.
„ოპოზიციის ლიდერებმა მხარდამჭერებს ტერიტორიის დატოვებისკენ მოუწოდეს, მას შემდეგ, რაც ბევრი მათგანი დაშავდა. თუმცა, განაცხადეს, რომ საპროტესტო აქცია 9 ნოემბერს კვლავ განახლდება“,- აღნიშნულია სტატიაში.
Reuters-ი წერს, რომ 8 ოპოზიციურმა პარტიამ, მათ შორის „ნაციონალურმა მოძრაობამ“ პარლამენტს ბოიკოტი გამოუცხადა.
„ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკაში, საქართველოში ათასობით ადამიანი ვადამდელ არჩევნებს მოითხოვს“,- თბილისში განვითარებულ მოვლენებს ამ სათაურით France24-ი ეხმაურება.
„ვადამდელი არჩევნების მოთხოვნით ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკაში, საქართველოში ათასობით ადამიანი შეიკრიბა. თბილისი დროშის ფრად აჭრელდა. აქციის მონაწილეებმა თავი პარლამენტის შენობის წინ მოიყარეს. უმეტესობა კორონავირუსის შემთხვევების გავრცელების პრევენციის მიზნით, სამედიცინო პირბადეს ატარებდა“,- წერს France24-ი.
France24-ი აღნიშნავს, რომ „ქართული ოცნება“, რომელსაც ქვეყნის ყოფილი პრემიერ-მინისტრი და მილიარდელი ბიძინა ივანიშვილი მართავს, არჩევნების გაყალბებას უარყოფს. მაგრამ ყველა ოპოზიციურმა პარტიამ პარლამენტში შესვლაზე უარი განაცხადა.
სტატიაში აღნიშნულია, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ არჩევნებს „საქართველოს დემოკრატიული განვითარების კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ეტაპი“ უწოდა. ოპოზიცია კი კორონავირუსის პანდემიის გამო მასობრივი საპროტესტო აქციების გამართვაში გააკრიტიკა.
„გახარიამ, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა და უკვე ერთი კვირაა, რაც თვითიზოლაციაში იმყოფება, 9 ნოემბრიდან ქვეყანაში ღამის კომენდანტის საათი გამოაცხადა“,- წერს France24-ი.
Bloomberg-ი კი აღნიშნავს, რომ პოლიციამ ასევე გამოიყენა დამცავი ფარები და კორდონები, რათა აქციის მონაწილეებს ცესკო-ს შენობის შესასვლელის ბლოკირება არ მოეხდინათ.
„აქციის მონაწილეებმა მთავრობას ულტიმატუმი წაუყენეს და თამარ ჟვანიას გადადგომა მოითხოვეს. ულტიმატუმის ვადა საღამოს 8 საათი იყო. მთავრობამ მათი მოთხოვნა უარყო“,- აღნიშნავს გამოცემა.
Bloomberg-ი წერს, რომ პარლამენტის წინ გამოკრული იყო პოსტერი, სადაც ბიძინა ივანიშვილი ჩრდილოეთ კორეის ლიდერს, კიმ ჩენ ინს ხელს ართმევდა.
სტატიაში ასევე აღნიშნულია, რომ კორონავირუსის შემთხვევების მატების გამო, ოპოზიციონერი ლიდერები აქციის მონაწილეებს პირბადის ტარებისკენ მოუწოდებნენ.
თბილისში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება DW-ც.
„საქართველოში პოლიციამ მომიტინგეების მიმართ წყლის ჭავლი და ცრემლსადენი გაზი გაფრთხილების გარეშე გამოიყენა. აქციის მონაწილეები ხელახალი არჩევნების ჩატარებას მოითხოვდნენ“,- წერს DW.
DW აღნიშნავს, რომ აქციის მონაწილეები კორონავირუსის შემთხვევების პრევენციის მიზნით, სამედიცინო პირბადეებს ატარებდნენ. სტატიაში მოყვანილია ნიკა მელიას განცხადება.
ავტორი: ნინი ტაველიძე, საინფორმაციო პორტალი PTN.ge