Johnson & Johnson-ის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინამ, სამხრეთ აფრიკაში, ვირუსის მძიმედ მიმდინარეობისა და სიკვდილისგან დაცვის მაღალი ეფექტიანობა გამოავლინა, – ამის შესახებ Reuters-ი წერს.
კვლევის თანახმად, მხოლოდ ერთი დოზით აცრილ ადამიანებს, ინფიცირების შემთვევაში, ვაქცინა სიკვდილისგან 91%-დან 96.2%-მდე იცავს. განსხვავებული მაჩვენებლებია ვირუსის „ბეტა” და „დელტა” ვარიანტებით ინფიცირებისას. პირველ შემთხვევაში, 57%-იანი ეფექტიანობა გამოვლინდა, მეორე ში კი 71%-იანი.
სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში უკვე 8.3 მილიონი ადამიანია აცრილი. სულ ქვეყნის მოსახლეობა 60 მილიონს აჭარბებს. თებერვლიდან მაისის ჩათვლით, J&J-ს ვაქცინით, ჯანდაცვის 477 234 მუშაკი აიცრა.
მსოფლიოში კორონავირუსის შემთხვევების რიცხვმა უკვე 200 მილიონს გადააჭარბა. გარდაცვლილია 4 მილიონზე მეტი ადამიანი.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით. 2020 წლის 21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.