“ხუთი მცირეწლოვანი ცხოვრობს სახლში, კედლებზე სოკოები ამოვიდა და ბაყაყები დახტიან ხალხო” – რა ხდება ოზურგეთის უსახლკაროთა თავშესაფარში?
“ყველაფერი სველია ნესტისგან, კედლები გაშავებული. კარები ჩამოვარდა და ლურსმანს ვერ ვაჭედებთ, ისეა დამპალი. სარდაფი წყლითაა სავსე და იატაკებიდან ამოდის წყალი. კანალიზაციის სუნი, სუნი საშინელი.
5 ბავშვი ყავს აგერ გოგელიძის ქალს პირველ სართულზე და გეფიცები, სოკოები ამოვიდა მის ოთახებში კედელზე, ხავსები მოედო და ბაყაყები დახტიან ხალხო”
-გვიყვებიან ოზურგეთში, ძველი საავადმყოფოს შენობაში მცხოვრებლები, რომლებიც ბოლო რამდენიმე წელია მძიმე საცხოვრებელ პირობებს უჩივიან, თუმცა დღემდე მათთვის ჯერ არაფერი შეცვლილა.
ადგილზე მისულებს თვალში თავიდანვე მოუწყობელი ეზო მოგხვდებათ, სადაც მაწანწალა ძაღლების სიმრავლე შეინიშნება.
როგორც გვითხრეს, აქ ბევრი მცირეწლოვანი ბავშვი ცხოვრობს, მათთვის ელემენტარული პირობები არც გარეთაა შექმნილი და არც შენობაში, სადაც განსაკუთრებით პირველ სართულზე ნესტისგან ყველაფერი სველი და გაფუჭებულია. აქ თითქმის ყველა ოჯახი ერთნაირ პირობებში ცხოვრობს.
ამბობენ, რომ სარდაფიდან ამოსული წყალი უკვე იატაკებს ალპობს, კანალიზაციის სუნი კი, მათ მძიმე ყოფას აუტანელს ხდის:
“ექვსი წელია გვპირდებიან, მოგხედავთ, დაგეხმარებით, მაგრამ, როგორც ყოველთვის, დაპირება რჩება დაპირებად. ხედავთ, როგორი სველია კედლები? რას გავს ყველაფერი, გაშავებული და დაშლილია. აქეთ კიდე კანალიზაციის სუნი, აუტანელია ეს ყველაფერი. ეზოს მოვაწყობთ, ბავშვებს პარკს გავუკეთებთ, გაგილამაზებთ გარემოსო და კი ხედავთ აქ რას გავს ყველაფერი. ქვეწარმავლებით სავსეა ეზო, აქეთ მაწანწალა ძაღლები, კატები…ამდენი ბავშვი ცხოვრობს აქ იცით? უმეტესად მრავალშვილიანი ოჯახებია, მაგრამ ვის ადარდებს დღეს საქართველოში ადამიანი”?
-გვეუბნება ქალბატონი, რომელიც ისევე როგორც სხვა დანარჩენი, წლებია მძიმე საცხოვრებელ პირობებში ცხოვრობს და დღემდე ამაოდ ელოდება როდის ინებებს ადგილობრივი ხელისუფლება და ამ სოციალური სახლის ბინადრებს, როგორც ადამიანებს ისე შეხედავს და დააფასებს.