„რაც ოზურგეთში ხდება, ასეთი არც ერთ რეგიონში არ ხდება.
რას ერჩიან გლეხებს? რატომ სარგებლობენ იმით, რომ ყველაზე ღარიბი მხარეა და პურის ფულის გარეშე დარჩენილები ნებისმიერ ფასად აბარებენ თხილს, რადგან სხვა გზა არა აქვთ?“-გვეუბნება ქალბატონი, რომელიც დღეს თხილის მიმღებ ერთ-ერთ პუნქტში მომხდარ ფაქტზე გვიყვება და ადგილობრივ თხილის ჩამბარებელთა ნაწილს, მოსახლეობის მძარცველებად მოიხსენიებს:
„ჩამოვიტანე დღეს თხილი და 3, 30 ლარად ჩაიბარეს, თან იმხელა „გამოცდა“ უნდა ჩააბარო, უბრალოდ არის შეურაცხმყოფელი გლეხი ადამიანისთვის. ჯერ რაღაც დიდი რკინის ჯოხი აქვთ იმას ტომარაში არჭობენ და ამოიღებენ თხილს, მერე იქედან რამდენიმე კაკალს გატეხენ და ათიდან ათივე ჯანსაღი გული იქნება თუ ათიდან ხუთი, ფასი ერთია.
ამ დამტვრეულ თხილს თვითონ იტოვებენ და ამას ცალკე ყიდიან. იქ ყუთი სავსე იყო დამტვრეული თხილის გულებით. ხუთი ტომრიდან ამოღებულმა თხილმა, ვითომდა ხარისხის შესამოწმებლად, ერთი პატარა ვედრო გაავსო, ესეც დაიტოვეს. ეს წონა მე ხომ დამაკლდა? როცა დავსვი კითხვა, ეს ფაქტობრივად მომპარეთ -მეთქი?-ხმა არ ამოუღიათ და მიმითითა ვიღაც ახალგაზრდა ბიჭზე-„აი, ამას მიაქვს ეს თხილი ზუგდიდში და ესაა ჩემი უფროსი ახლაო“-ხალხო, ნუთუ შეიძლება ყველაფერი მოვითმინოთ? ყველას ყველაფრის უფლება რატომ აქვს ამ ქვეყანაში? ყველა საცოდავ ხალხს რატომ ატყუებს? 3,70-4 ლარამდეა დღეს „ბერძნულა“ თხილი და იძახიან-მოიმატებს ფასი, მოიმატებს…როდის?
ამ გურიას პატრონი არ ყავს. ხალხიც კია ყველაფერს შეგუებული და ამიტომაც ყველა მის მოსაპარს იპარავს და ასე უგულოდ ძარცვავს გლეხს“-გვიყვება ქალბატონი.
„გურიის მოამბემ“ რამდენიმე ადამიანთან და მიმღებ პუნქტში მომუშავესთან გადაამოწმა აღნიშნული ინფორმაცია და რაც გავარკვიეთ, ყველაზე უცნაური ის იყო, რომ ზოგიერთ მიმღებ პუნქტში თხილს საერთოდ არ ტეხენ და მისი ხარისხის შესამოწმებლად აღნიშნულ მეთოდს არ იყენებენ.
ზოგან გლეხს იმ დონეზე ატყუებენ, სადამდეც მისი მოტყუება არის შესაძლებელი.
ფასი კი ყველგან ერთია, მოტყუებულის და ვერ მოტყუებულის შემთხვევაშიც.
გლეხები გაჭირვების და უფულობის გამო იმდენს იტანენ, რამდენის ატანაც ჯერ კიდევ შეუძლიათ, გადამყიდველები კი იმდენად ითბობენ ხელს, რამდენის საშუალებასაც მის მიერ „გამოჭერილი“ ჩამბარებელი აძლევს.
ამასობაში, მეტი მოგების მიღების სურვილით, ზოგი იმასაც კადრულობს, რომ არა მარტო თხილის გულის ხარისხის, არამედ მის ზომის მიხედვით აყენებს პრეტენზიებს: ‘წელს მართლა კარგად უწამლა ხალხმა თხილს. ხარისხიც უკეთესია და მოსავალიც, მაგრამ რად გინდა? ფასი იმაზე დაბალია ვიდრე გასულ წელს. ერთმა მიმღებ პუნქტში ის მითხრა სხვა მხრივ რომ წუნი ვერ დაუდო თხილს-ზომაში ცოტა პატარააო“-გვითხრა შუახნის მამაკაცმა, რომელიც, როგორც თავად გვეუბნება, ყოველ დღე იმის იმედით იღვიძებს მიმღებ პუნქტში იქნებ ფასი ცოტა მაღალი მაინც დახვდეს, რომ გარდა საკვებისა, ოჯახისთვის ზამთარში გათბობის პრობლემაც უზრუნველჰყოს.