ხელისუფლება პატიმარ პრეზიდენტს საპროტესტო აქციას უწყობს-რა ხდება რუსთავის ციხესთან

რუსთავის ციხესთან, სადაც ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილია მოთავსებული, ქართული ოცნების მომხრეები აქციას მართავენ.

ისინი აპროტესტებენ, რომ მოქალაქეთა ნაწილი მიხეილ სააკაშვილს პოლიტპატიმრად მიიჩნევს.

აქციის ორგანიზატორი შაკო კუჭაშვილია, რომელიც პროსახელისუფლო და ანტიოპოზიციური აქტივობებით არის ცნობილი.

აქციაზე მყოფმა ერთ-ერთმა ადამიანმა ფორმულასთან თქვა, ის მიხეილ სააკაშვილის მიერ ჩადენილ მკვლელობებს აპროტესტებს, თუმცა, კონკრეტულად საუბარი არ შეუძლია.

პროტესტის სხვა მონაწილემ კი ჟურნალისტს უთხრა, რომ მეტად შეგნებული უნდა იყოს.

“ჩემი მოთხოვნაა, სამართლიანობა აღდგეს მაგ კაცის წინააღმდეგ” – ამბობს აქციაზე მყოფი კიდევ ერთი ადამიანი.

ადგილზე არიან ანტიდასავლური გაზეთის, ასავალ-დასავლის ჟურნალისტები, ასევე ტრისტან წითელაშვილი, რომელიც ჯაშუშობის ბრალდებით იყო დაკავებული.

წითელაშვილს ბრალად 2008 წლის რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომის დრის რუსეთის ჯაშუშობა და მტრისათვის საიდუმლო ინფორმაციის გადაცემა ედებოდა.

2013 წელს ქართულმა ოცნებამ წითელაშვილი პოლიტპატიმრის სტატუსით გაათავისუფლა. 2016 წელს გენშტაბის ყოფილმა უფროსმა გიგი კალანდაძემ განაცხადა, რომ წითელაშვილმა აგვისტოს ომის შემდეგ ქართული საიდუმლო სამხედრო ობიექტები ვიდეოკამერით გადაიღო, ხოლო ფირი რუსულ მხარეს გადასცა.

formulanews

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share