სააღდგომო თამაშები გურიაში

აღდგომა უდიდესი საეკლესიო დღესასწაული და ნამდვილი სახალხო კულტურულ/სპორტული ზეიმი იყო გურიაში. ამ დღეს იმართებოდა სხვადასხვა სახის სახალხო თამაშები, იყო ხალხური საკრავებით შესრულებული მუსიკა, სიმღერა და ცეკვა.
კავკასიის ადგილებისა და ტომების აღწერის მასალების კრებულში (1893 წელი) აღწერილია აღდგომის დღესასწაული გურიაში
“აღდგომა: მრევლი ეკლესიის ეზოში დასაფლავებულ თავიანთი მიცვალებულის საფლავზე დატოვებს შეღებილ კვერცხს, ასევე ერთმანეთში კვერცხებს გაცვლიან (გარდა ღრმა ტრაურში მყოფი პირებისა) და უტეხავენ. ქალებისთვის კვერცხის გატეხვა ცუდის ნიშანია. სააღდგომო პასკაზე გურულებს წარმოდგენა არა აქვთ. ახალგაზრდები გადიან სათამაშოდ.
თამაშობებია:
„ჭაკუნობა“ – ამისთვის საჭიროა ჭაკუნი, ბოლოში მოხრილი ჯოხი, რომელსაც ურტყამენ ცხენის ძუისგან შეკოწიწებულ ვაშლისოდენა ბურთს და ცდილობენ შეაგდონ მოწინააღმდეგის ლელოში, წინასწარ მონიშნულ საზღვარზე. „ლელო“-ს გაჰყვირის მაყურებელი, როდესაც ბურთს შეაგდებს გამარჯვებული გუნდი;
„გაგდება“- ორი გუნდია და ცდილობენ ბურთის წართმევას. ბურთს ვისაც ართმევენ, ითვლება, რომ ის გუნდი „შიმშილობს“;
„გატანია“ (ლელო) – ხელით თამაშდება, აქვს მონიშნული ლელო და ბურთი უკვე ტყავისაა და – ადამიანის თავის ზომის. თამაში რამდენიმე საათი გრძელდება, რადგან ლელოებს შორის მანძილი საკმაოდ შორია. მოთამაშე მხარეები თავიანთ გუნდებს ქმნიან სოფლების მცხოვრებთა მიხედვით;
„მაია“- ამ თამაშის წინ გუნდებად დაკომპლექტება ხდება მას შემდეგ, რაც „არჩევანი მე“ და „არადანი მე“-ს პრინციპით გაიყოფიან მოთამაშეები, ე.ი. სასურველ მოთამაშეს თავის მხარეს ასახელებს გუნდის ლიდერი, მეორე ლიდერი კი ჩუმადაა, სანამ წინა გუნდის ლიდერი მოთამაშეს ირჩევს. შემდეგ მეორე გუნდის ლიდერი ასახელებს სასურველ მოთამაშეს და პირველი გუნდის ლიდერი ჩუმადაა და ელოდება თავის ჯერს.
დაყოფილი ბანაკები განთავსდება ხაზის უკან. ხაზის წინ დახაზულია მეორე ხაზიც, ამ მეორე ხაზზე დადგება მოწინააღმდეგე და იწყება მისი დევნა ტყვედ ასაყვანად. ის უნდა იხსნას თავისი ბანაკის წევრმა, გამოცდილი მოთამაშეები გაიტყუებენ მადევრებს შორს და ისინი აჰყავთ ტყვედ, რითვისაც საკმარისია თითის დადება. გამარჯვებულად ის ბანაკი ითვლება, ვისაც მეტი ტყვე ჰყავს რამდენიმე საათიანი თამაშის შემდეგ.”
—————————-
პირველ ფოტოზე – სათამაშო ბურთი გურიიდან. დიამეტრი 24 სანტიმეტრი. გურია მე-20 საუკუნის დასაწყისი
მეორე ფოტოზე – სათამაშო ბურთი გურიიდან. დიამეტრი 60 სანტიმეტრი. გურია მე-20 საუკუნის დასაწყისი.
ორივე ექსპონატი ინახება: “Российский этнографический музей”
მოამზადა კახა ჩავლეიშვილმა.
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share