2020 წლის წარჩინებული მოსწავლეები კომპიუტერებით 2021 წელს უნდა დაჯილდოვდნენ-ტენდერის დეტალები და ვადები ცნობილია

განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო  საბაზო საფეხურის წარჩინებულ მოსწავლეებისთვის 9000 კომპიუტერის შესაძენად 23 მილიონ 265 ათას  ლარს გადაიხდის. შესაბამისი ტენდერი უკვე გამოცხადებულია და წინადადების მიღების ვადა 3 დეკემბერს მთავრდება.

ერთი კომპიუტერის შესაძენად 2 585 ლარია გათვალისწინებული, ხოლო შესყიდვის სავარაუდო ჯამური ღირებულებად 23 265 000 ლარით განისაზღვრება.

ტენდერის დოკუმენტაციაში ვკითხულობთ, რომ ვინაიდან 2020 წელს წარჩინებული მოსწავლეებისათვის გადასაცემი კომპიუტერების შესყიდვა ვერ მოხერხდა, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს გადაწყვეტილებით, ეს მოსწავლეები 2021 წელს უნდა დაჯილდოვდნენ. 2019-2020 სასწავლო წლის წარმატებული მოსწავლეების რაოდენობა 4461-ია. რაც შეეხება 2020-2021 სასწავლო წლის წარჩინებულ მოსწავლეებს, მათი რაოდენობა სტატისტიკიდან გამომდინარე სავარაუდოდ 4 385 ბენეფიციარი იქნება.

„საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო 2020 და 2021 წლის წარჩინებულ მოსწავლეებს, რომლებმაც დაასრულეს საბაზო საფეხური და რომელთა საფეხურის ნიშანია 10 ქულა (დამრგვალების გარეშე), გადასცემს პორტაბელურ კომპიუტერებს. 2019-2020 წლის წარჩინებული მოსწავლეებისათვის სააგენტოს ესაჭიროება 4500 ცალი პორტაბელური კომპიუტერი. რაც შეეხება 2020-2021 სასწავლო წლის წარჩინებულ მოსწავლეებს, მათი რაოდენობა სტატისტიკიდან გამომდინარე სავარაუდოდ შეადგენს 4 385 ბენეფიციარს. შესაბამისად, ვინაიდან, ადგილი აქვს ბენეფიციართა რიცხოვნების გაზრდას, სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს, პროგრამა „ჩემი პირველი კომპიუტერი“-ს მიზნების განსახორციელებლად ჯამურად ესაჭიროება 9 000 ცალი პორტაბელური კომპიუტერი“, – აღნიშნულია სატენდერო დოკუმენტაციაში.

პორტაბელური კომპიუტერების მიწოდება უნდა განხორციელდეს ეტაპობრივად, ხელშეკრულების გაფორმებიდან 8 თვის განმავლობაში.

etaloni.ge

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share