შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმი სამმა თანამშრომელმა დატოვა. გვანცა ბერძენიშვილის, გიორგი თოფურიასა და თემურ ქანთარიას მუზეუმიდან წასვლის შესახებ ინფორმაცია ფეისბუქით გავრცელდა. მიზეზად ისინი ამჟამინდელი ადმინისტრაციის სამუზეუმო პოლიტიკას ასახელებენ და ამბობენ, რომ ის ბუნდოვანი და დახურულია თანამშრომლებისა და საზოგადოებისთვის.
ბოლო თვეების განმავლობაში ხელოვნების მუზეუმში მიმდინარე პროცესები საბოლოოდ მოვიდა წინააღმდეგობაში თითოეული ჩვენგანის პროფესიულ ეთიკასთან.
მიუღებელია:
• თანამშრომლების ახსნა-განმარტების გარეშე ჩამოქვეითება და გაშვება, მათ მიმართ უდიერი და არაკოლეგიალური დამოკიდებულება;
• არ ვიზიარებთ ამჟამინდელი ადმინისტრაციის სამუზეუმო პოლიტიკას (მუზეუმის შენობის რეაბილიტაციისა და კოლექციების ევაკუაციის საკითხს), რომელიც ბუნდოვანია თანამშრომლებისა და დახურული საზოგადოებისთვის;
• ბრალდებები საქართველოს ეროვნული მუზეუმის წლების განმავლობაში უმოქმედობის თაობაზე. ასევე უსაფუძვლო განცხადებები ხელოვნების მუზეუმის კოლექციებისგან დაცლის („გამოშიგვნის“) შესახებ.
შექმნილ სიტუაციაში, სამწუხაროდ, ჩვენ ვეღარ ვხედავთ ვერც მუზეუმის განვითარების და ვერც ჩვენი პროფესიული ზრდის პერსპექტივას. ამიტომ, მივიღეთ ერთობლივი გადაწყვეტილება დავტოვოთ შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმის კურატორის თანაშემწის პოზიციები.
გვანცა ბერძენიშვილი, გიორგი თოფურია, თემურ ქანთარია-ჯაბადარი – წერია განცხადებაში