ნატანებში საპროტესტო აქციებისათვის ემზადებიან – ვალერიან ვაჩეშვილის “თავკაცად” დანიშვნამ სოფელი აღაშფოთა

ოზურგეთის მერის, ავთანდილ თალაკვაძის გადაწყვეტილებამ, ნატანების ტერიტორიულ ერთეულში საკუთარ წარმომადგენლად ვალერიან ვაჩეიშვილის დანიშვნასთან დაკავშირებით, ნატანებში-რბილად რომ ვთქვათ-არაერთგვაროვანი გამოხმაურება მოყვა.

როგორც “გურიის მოამბეს” ადგილიდან გვატყობინებენ, თემის ახალ გამგებელს “სიმწიფის ატესტატიც” კი არა აქვს, უმაღლეს განათლებას “ხომ ჯვარი წერია”.

რედაქციას, მერის ამ საკადრო გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, რამდენიმე ადამიანი დაუკავშირდა.

ადგილობრივები ჩვენთან სატელეფონო საუბარში აცხადებენ, რომ გარდა ზემოთქმული ‘სიკეთეებისა” ვაჩეშვილი კრიმინალური სამყაროს წარმომადგენელია და წლების განმავლობაში მისი სახელი, გავრცელებული ინფორმაციით, სოფელში წვრილფეხა ფრთოსანი ფრინველისა და პირუტყვის გაქრობასთანაც ასოცირდებოდა:

“სოფელში ჯერ უმრავლესობას არ ჯერავთ რომ ეს გადაწყვეტილება მიღებულია, ყველას გონია რომ ამ ხმებს ოპოზიცია ავრცელებს თალაკვაძეების დისკრედიტაციის მიზნით, როცა კაბინეტში შევა პატივცემული და დაიჯერებენ, ანუ საკუთარი თვალით ნახავენ, მერე საპროტესტო მუხტს ვეღარ შეაჩერებენ’ – გვეუბნება ერთ ერთი ადგილობრივი მმართველი პარტიის მომხრე, რომელიც თავის მხრივ იმედგაცრუებულია ამ საკადრო გადაწყვეტილების გამო.

ადამიანები თავს იკავებენ საკუთარი სახელისა და გვარის იდენტიფიცირებისაგან შემდგომში მოსალოდნელი დევნის გამო.

“თავიდან ეს ინფორმაცია რომ გავრცელდა მეგონა შარაშენიძის ხალხი ავრცელებს განგებ ავთანდილ თალაკვაძის დისკრედიტაციისათვის თქვა, თურმე მართალი ყოფილა, შოკირებული ვარ” ამბობს მეორე.

“ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, სოფელში ყველამ ყველაფერი ვიცით, როგორ ცხოვრობს, რა ავტორიტეტი აქვს, რას საქმიანობს, მასზე რას ამბობს ხალხი, ძალიან მტკივა გული.” ამბობს კიდევ ერთი ადგილობრივი და ახალ გამგებელზე სხვადასხვა ისტორიებს გვიყვება, რის ციტირებისაგანაც ეთიკური ნორმებიდან გამომდინარე თავს ვიკავებთ.

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share