“მიხეილ სააკაშვილს არ აქვს უზრუნველყოფილი ღია სივრცე, სადაც სეირნობის უფლებით ისარგებლებს” -ლომჯარია

სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას თქმით, მიხეილ სააკაშვილს არ აქვს უზრუნველყოფილი ღია სივრცე, სადაც ის სეირნობის უფლებით ისარგებლებს.

გორის სამხედრო ჰოსპიტალში ნინო ლომჯარიამ მიხეილ სააკაშვილი დღეს მოინახულა. შეხვედრის დასრულების შემდეგ, ლომჯარიამ ჟურნალისტებთან მესამე პრეზიდენტის უფლებრივ მდგომარეობაზე ისაუბრა. მისი თქმით, აღნიშნული საკითხი სახალხო დამცველის დასკვნაშიც იქნება განხილული.

მიხეილ სააკაშვილმაც მითხრა, რომ ეს დისციპლინური სასჯელი გამოიხატა მხოლოდ საუბრის უფლების შეზღუდვაში, რაც ისედაც შეზღუდული ჰქონდა მას, სხვადასხვა მიმდინარე საქმიდან გამომდინარე. დღეს ტელევიზორს უყურებს.

თუმცა რაც პრობლემურად მეჩვენება, ღია სივრცე არ აქვს უზრუნველყოფილი, სადაც როგორც პატიმარი, ისარგებლებდა სეირნობის უფლებით. ასევე, როგორც ვიცი, როგორც პაციენტსაც მას სჭირდება უფრო მეტი ფიზიკური დატვირთვა და ეს პრობლემურად მეჩვენება. ეს საკითხებიც იქნება განხილული, – თქვა ნინო ლომჯარიამ.

გარდა მისი უფლებრივი მდგომარეობისა, სახალხო დამცველმა და მის მიერ შექმნილმა ექიმთა კონსილიუმმა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა შეაფასეს და თქვეს, რომ მას შემდეგ, რაც ექიმები თავიანთ მოსაზრებებს შეაჯერებენ, საბოლოო დასკვნას გამოაქვეყნებენ.

ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილის მონახულება სახალხო დამცველმა და მის მიერ შექმნილმა ჯგუფმა მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც ინფორმაცია გავრცელდა, რომ მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა.

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share