გურია ეს კულტურულად დაწინაურებული კუთხეა ჩვენი ქვეყნისა, მაგრამ აქაც აქვს ადგილი სხვა და სხვა ცრუმორწმუნეობას, რომელთანაც გვმართებს ბრძოლა. ამის საილუსტრაციოდ გადმოგცემთ ერთ შემთხვევას.
ვინმე ნ. მჟავია წაჩხუბებია რაღაც მეზობლური უთანხმოების გამო მოქ. ქ. ჭაკნელიძეს. რამდენიმე ხნის შემდეგ უკანასკნელს გადაუცია მჟავია მთავარანგელოზის ხატზე და ღმერთს შევედრებია მოქ. მჟავია თავისი პირით „აყვიროს“ და „აძახოს“ ჩადენილი დანაშაულობის გამო.
დანაშაულობა ყოფილა შემდეგი: მოქ. მჟავიას საქონელს შეუჭამია ჭაკნელიძის ყანა და მისჯილი გადასახადი არ მიუცია უკანასკნელისადმი. დამატებით ამისა ჭაკნელიძეს უკისრია შუამავლობა ვინმე გოგოძესთან მჟავიასადმი ქალის მისათხოვად რაც დადებითად დამთავრებულა და სათანადო ჯილდო არ მიუღია მჟავიასაგან. და კიდევ ათასი წვრილმანი. მოქ. მჟავიას გაუგია, რომ ჭაკნელიძემ ის გადასცა მთავარანგელოზის ხატზე, რასაც იგი როგორც მორწმუნე ძალიან შეუშინებია, შეუთვლია მოვრიგდეთო, მაგრამ ჭაკნელიძე არ დათანხმებულა. რამდენიმე ხნის შემდეგ მჟავია გამხდარა ავად და ჩავარდნილა თითქმის სიცხეში, ამ დროს მართლაც დაუწყია „ყვირილი“ „ძახილი“: „ჭაკნელიძე“, „ყანა“ , „სიმინდი“, „ლობიო“, „მოვრიგდეთ“ და კიდევ სხვა რაღაც სისულელე. ყველანი შეძნებულან, ამტყდარა ერთი აურ-ზაური ადგილობრივ მცხოვრებთა შორის. გაუგზავნიათ მოციქულები რამდენჯერმე, რათა ჭაკნელიძეს დაელოცა მჟავია, აეხსნა გადაცემა და სიკვდილისგან დაეხსნა წვრილი ცოლშვილის პატრონი კაცი. ჯერ რამდენჯერმე უარი განუცხადებია, ღმერთის და მთავარანგელოზის ხატის შიშით.
მჟავიას სიცხემ უმატა და იმის მაგივრად, რომ ექიმი მოეყვანათ და ეწამლათ ჭაკნელიძის კარებთან აღამებდნენ თხოვნით; ჭაკნელიძე ბოლოს დათანხმდა იმ პირობით, თუ ერთი ორად გადაუხთიდა მჟავია დანაპირებს. მაშინვე პირობა მისცეს და ჭაკნელიძემ კიდეც შეასრულა დავალება. მან დალოცა მჟავია, რომელიც ამის გაგების შემდეგ სამი დღის განმავლობაში გამოკეთდა შინაური წამლობით. ამ ფაქტმა ადგილობრივად დიდი გავლენა მოახდინა მცხოვრებლებზე, და დასტოვა ისეთი წარმოდგენა, თითქოს მართლაც ჭაკნელიძის გადაცემას გაეხადოს მჟავია ავად და მისივე დალოცვას გადაერჩინოს იგი სიკვდილისაგან.
როცა სოფლად ასეთ ფაქტს აქვს ალაგი, იქ საჭიროა დიდი მუშაობა, რომ დავუმტკიცოთ ხალხს, რომ აქ მიზეზი სულ სხვაა. ცხადია, რომ ალაგი აქვს თვით შთაგონებას, რაც გამოწვეულია სარწმუნეობითი გრძნობით.
რაც შეეხება გამოკეთებას, ესეც, რა თქმა უნდა მოხდა ყოველგვარი დალოცვის, ღმერთის და მთავარანგელოზის დამოიკიდებლად. ერთი სიტყვით აი როცა ასეთ ცრუმორწმუნეობას აქვს ადგილი, ჩვენ გვმართებს დიდი მუშაობის გაწევა, რასაც დღევანდლამდე ნაკლები ქურადღება ექცევა.
ვ. დონაძე
გაზეთი „კომუნისტი“ 1922 წელი 25 მაისი
მოამზადა კახა ჩავლეშვილმა