2021 წლის მთავარი გლობალური მოვლენები, რომლებიც ისტორიას დარჩება

დაახლოებით 1 წლის წინ, როცა სხვადასხვა ლექსიკონი და გამოცემა 2020 წლისთვის შესაბამის სიტყვას ეძებდა, ამერიკელმა ავტორმა და ჟურნალისტმა, არიანა ჰაფინგტონმა, ტენდენციიდან გადაუხვია და 2021 წლისთვის შეარჩია სიტყვა. მისი აზრით “სიმტკიცე” (Resilience) იქნებოდა 2021 წლის შესაფერისი, რადგან ეს სიტყვა თავის თავში იმედს, რწმენას, მოქნილობასა და შესაძლებლობებს მოიცავს.

2021 წელს ამერიკის მოქალაქეები კაპიტოლიუმში შეიჭრნენ, ტრამპი ბაიდენმა ჩაანაცვლა, ავღანეთის სათავეში თალიბანი დაბრუნდა, უკრაინა არაერთხელ აღმოჩნდა ომის საშიშროების წინაშე, კორონავირუსმა კი მილიონობით ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. თუმცა გაჩნდა პანდემიასთან ბრძოლის არაერთი იარაღიც – მასშტაბურმა ვაქცინაციამ იხსნა უამრავი ადამიანი, შეიქმნა მედიკამენტიც. ოლიმპიური თამაშები, მართალია ერთი წლის დაგვიანებით, მაგრამ მაინც ჩატარდა, ადამიანი კი კოსმოსს კიდევ უფრო მიუახლოვდა.

2021 სავსე იყო მოულოდნელი, ტრაგიკული, საშიში, თუმცა ასევე დამაიმედებელი, სანუგეშო და აღტაცების მომტანი ამბებით. ჰაფინგტონის ვარაუდი პანდემიის ფონზე ნაწილობრივ მაინც გამართლდა. თუმცა ზემოთ ჩამოთვლილი და ამ შემაჯამებელ სტატიაში მოყოლილი ამბები ემოციების სპექტრზეა გაბნეული და მრავალფეროვანი, ტურბულენტური, სევდიანი და დამაიმედებელი 2021 წლის ერთ ნებისმიერ სიტყვაში მოხელთების სირთულეს ცხადჰყოფს.

კორონავირუსი

2021-იც პანდემიური წელი იყო მსოფლიოსთვის. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, მხოლოდ 2021 წელს კორონავირუსს მსოფლიოში 3.4 მილიონამდე ადამიანი ემსხვერპლა. ჯამში კი 190 მილიონზე მეტი შემთხვევა დადასტურდა. დღიური ინფიცირების რეკორდული მაჩვენებელი – 414 278 შემთხვევა 27 დეკემბერს, აშშ-ში დაფიქსირდა.

პანდემიის თითქმის 2 წლიან პერიოდში კორონავირუსის არაერთი ახალი ვარიანტი დაფიქსირდა. დელტა ვარიანტი, რომელიც 2020 წლის ბოლოს, პირველად ინდოეთში გამოჩნდა დღემდე მსოფლიოში კორონავირუსის დომინანტური შტამია. 2021 წლის ნოემბრის ბოლოს კი სამხრეთ აფრიკაში გამოჩნდა კორონავირუსის კიდევ ერთი, საყურადღებო ვარიანტი – ომიკრონი, რომელიც ხშირი მუტაციებისა და სწრაფი გავრცელების მიუხედავად, სუსტი სიმპტომებით ხასიათდება. ამ დროისთვის ომიკრონი მსოფლიოს 89 ქვეყანაშია დადასტურებული.

აღსანიშნავია, რომ ისტორიაში ყველაზე დიდი ვაქცინაციის კამპანია სწორედ კოვიდ-19-ს უკავშირდება.  ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ გადაუდებელი გამოყენებისთვის ნებართვა პირველად ფაიზერის ვაქცინას 2020 წლის 31 დეკემბერს მისცა, 2021 წლის ბოლოსთვის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დასტური გამოყენებაზე 10 კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინა აქვს მიღებული.  შესაბამისად, ალბათ მოსალოდნელიც იყო და ლოგიკურიც რომ Merriam-Webster-ის ლექსიკონმა 2021 წლის სიტყვად “ვაქცინა” დაასახელა.

პოლიტიკა

2021 წელს არაერთ მნიშვნელოვან პოლიტიკურ მოვლენას, სამთავრობო ცვლილებასა და კონფლიქტს ჰქონდა ადგილი.

აშშ

ამერიკაში 2021 წელი ხმაურით დაიწყო.  6 იანვარს, შუადღით, დონალდ ტრამპის მომხრეები კაპიტოლიუმის შენობაში შეიჭრნენ, სადაც აშშ-ის კონგრესის ორივე პალატა საარჩევნო დელეგატების ხმების დასათვლელად და საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების ოფიციალურად დასადასტურებლად შეიკრიბა.

დემონსტრანტების კონგრესის შენობაში შეჭრის შედეგად გარდაიცვალა ოთხი ადამიანი, ხოლო დაშავდა რამდენიმე სამართალდამცავი. კაპიტოლიუმის შენობაში ლოკდაუნი გამოცხადდა, ვაშინგტონის მერმა კი ქალაქში კომენდანტის საათი გამოაცხადა.

შემთხვევიდან 2 კვირაში,  20 იანვარს, ჯო ბაიდენის ინაუგურაცია გაიმართა. ცერემონიაზე კორონავირუსისა და კაპიტოლიუმის ინციდენტის გამო უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომები მიიღეს. ინაუგურაციის დღეს თეთრ სახლს 25 000-მდე ჯარისკაცი იცავდა, ფიცის დადების ცერემონიას კი 100-მდე სტუმარი ესწრებოდა. მათ შორის არ იყვნენ დონალდ და მელანია ტრამპები.

ჯო ბაიდენმა 15 აპრილს გამოაცხადა, რომ ამერიკის ყველაზე ხანგრძლივი ომი ავღანეთში 2021 წელს დასრულდებოდა და აშშ ავღანეთიდან ჯარებს სექტემბრამდე გაიყვანდა. ბაიდენის თქმით, ავღანეთის ხანგრძლივი და უკონტროლო კონფლიქტი აღარ ემთხვეოდა ამერიკის პრიორიტეტებს. ვაშინგტონმა ჯარების გაყვანა ოფიციალურად პირველ მაისს დაიწყო, ივლისიდან კი ავღანეთის ხელისუფლების წინააღმდეგ თალიბანის შეტევები გახშირდა.

თალიბანმა ავღანეთზე კონტროლი საბოლოოდ 15 აგვისტოს, ქაბულის დაკავების შემდეგ დაამყარა. პრეზიდენტის სასახლის დაკავების შემდეგ ავღანეთის ლეგიტიმურმა ხელისუფლებამ თალიბანს ძალაუფლება გადააბარა. პრეზიდენტმა, აშრაფ ღანიმ კი ქვეყანა დატოვა.

15 აგვისტოს 60-მა ქვეყანამ ერთობლივი განცხადება გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც იმ უცხოელებსა და ადგილობრივებს, ვისაც ქვეყნის დატოვება სურდათ, ამის შესაძლებლობა უნდა მისცემოდათ.

პოლიტიკური ფიგურები

2021 წელს ჩვენი ყურადღება რამდენიმე პოლიტიკოსის გარშემო განვითარებულმა მოვლენებმა და სამთავრობო ცვლილებებმა მიიპყრო.

ალექსეი ნავალნი

2021 წლის იანვარში რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი ბერლინიდან მოსკოვში დაბრუნებისთანავე დააპატიმრეს. ნავალნი სასჯელს რუსეთში, იძულებითი შრომის კოლონიაში იხდის. მან 2021 წლის მარტში ხანგრძლივი შიმშილობა დაიწყო, რითაც სამედიცინო მომსახურებაზე წვდომის შეზღუდვა გააპროტესტა.

ალექსეი ნავალნი ევროპარლამენტის გადაწყვეტილებით 2021 წლის სახაროვის პრემიის მფლობელი გახდა.

ბენიამინ ნეთანიაჰუ

ისრაელში ბოლო ორი წლის განმავლობაში არჩევნები ოთხჯერ მთავრობის ვერდაკომპლექტების გამო ჩატარდა. მარტში გამართული არჩევნების შემდეგ მთავრობის ფორმირება იმ დროისთვის ისრაელის პრემიერს, ბენიამინ ნეთანიაჰუს დაევალა, თუმცა მან პარლამენტში საჭირო რაოდენობის ხმები ვერ მოიპოვა.

ამჟამინდელი მთავრობა არჩევნებში რიგით მეორე საუკეთესო შედეგის მქონე პარტიის ლიდერმა იაირ ლეპიდმა მოახერხა. ისრაელის 8 ოპოზიციურმა პარტიამ ახალი კოალიციური მთავრობის ფორმირებაზე შეთანხმებას დროის ამოწურვამდე 38 წუთით ადრე 3 ივნისს მიაღწიეს.

მთავრობა დამტკიცების შემდეგ კი ბენიამინ ნეთანიაჰუმ, რომელიც პრემიერმინისტრის პოსტს 12 წლის განმავლობაში იკავებდა, თანამდებობა დატოვა. ქვეყნის ახალი პრემიერი ნაფტალი ბენეტი გახდა.

ნიკოლა სარკოზი

2021 წლის სექტემბერში საფრანგეთის ყოფილ პრეზიდენტს ნიკოლა სარკოზის, 2012 წლის საარჩევნო კამპანიის არალეგალურად დაფინანსების გამო, ერთი წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

66 წლის ფრანგ პოლიტიკოსს საარჩევნო კამპანიაში კანონით დაშვებულ ბიუჯეტზე ათობით მილიონი ევროს გადაჭარბებით დახარჯვას ედავებოდნენ.

აღსანიშნავია, რომ  სასამართლოს გადაწყვეტილებით სარკოზი სასჯელს ციხის ნაცვლად სახლში, ელექტრონული სამაჯურით გაატარებს.

ანგელა მერკელი

2021 წელს 31-წლიანი პოლიტიკური კარიერა დაასრულა ანგელა მერკელმა. ის გერმანიის ისტორიაში პირველი ქალი კანცლერი იყო და ამ პოზიციას 16 წლის განმავლობაში იკავებდა. მერკელი 3 დეკემბერს უმაღლესი სამხედრო პატივით გააცილეს.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share