პარტია “საქართველოსთვის” სამეგრელოს ორგანიზაციის ხელმძღვანელზე, ზუგდიდის საკრებულოს წევრზე, მალხაზ თორიასა და მის არასრულწლოვან შვილზე თავდასხმისა და ცემის ფაქტზე განცხადებას ავრცელებს:
პარტია „საქართველოსთვის” განცხადება სამეგრელოს ორგანიზაციის ხელმძღვანელზე, ზუგდიდის საკრებულოს წევრზე, მალხაზ თორიასა და მის არასრულწლოვან შვილზე თავდასხმისა და ცემის ფაქტზეგვსურს მოგაწოდოთ დამატებითი ინფორმაცია პარტია „საქართველოსთვის“ სამეგრელოს ორგანიზაციის ხელმძღვანელსა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრ მალხაზ თორიასა და მის არასრულწლოვან შვილზე პოლიტიკური ნიშნით განხორციელებული ძალადობისა და მუქარის ფაქტზე.როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, 2021 წლის 30 დეკემბერს, დაახლოებით 21:30 სთ-ზე, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კოკში, მალხაზ თორია, მის არასრულწლოვან შვილთან ერთად ავტომანქანით მისული იყო რამდენიმე დღის წინ გარდაცვლილი მამის საფლავზე, რა დროსაც, სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიაზე, მის ავტომანქანას მიუახლოვდა და გზა ჩაუხერგა სამმა ავტომანქანამ. მათ შორის ერთ-ერთი იყო თეთრი ფერის, BMW-ს მარკის, X3 მოდელის, მეორე – ლურჯი ფერის, „მერსედესის“ მარკის, ხოლო მესამე – შავი ფერის (მისი მარკის გარჩევა დაზარალებულებმა ვერ შეძლეს) ავტომანქანა.სამივე ავტომანქანიდან გადმოვიდა დაახლოებით 8 ახალგაზრდა მამაკაცი, რომლებიც მალხაზ თორიას მის არასრულწლოვან შვილს ფიზიკურად გაუსწორდნენ. თავდასხმისას 2 მათგანი შეიარაღებული იყო ცეცხლსასროლი იარაღით (პისტოლეტებით).თავდამსხმელები ახდენდნენ იარაღის დემონსტრირებას, იარაღს უმიზნებდნენ და სროლით ემუქრებოდნენ მალხაზ თორიასა და მის არასრულწლოვან შვილს.თავდამსხმელებმა მალხაზ თორიას ასევე დაუზიანეს ავტომანქანა, დაუჭრეს ავტომანქანის ოთხივე საბურავი და წაართვეს მობილური ტელეფონი, რომელიც მოგვიანებით ახლომდებარე ტერიტორიაზე იქნა ნაპოვნი. თავდამსხმელები ახორციელებდნენ თავდასხმის ვიდეო-გადაღებას მობილური ტელეფონის საშუალებით.თავდამსხმელებმა მალხაზ თორიას ღიად განუცხადეს თავდასხმის მიზეზი – პარტია „საქართველოსთვის“ წევრობა. უთხრეს, რომ „მეტს იმსახურებდა, რადგან არასწორი გზა აირჩია და მათ განუდგა“.აღსანიშნავია, რომ თავდამსხმელები დღის განმავლობაში გადაადგილდებოდნენ სოფელ კოკში, უთვალთვალებდნენ მალხაზ თორიას სახლს და ეძებდნენ ხელსაყრელ მომენტს თავდასხმისთვის.ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტროში დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე (ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარება), 151-ე (მუქარა) და 187-ე (სხვისი ნივთის დაზიანება) მუხლებით.პარტია „საქართველოსთვის“ პოლიტიკური მოტივით განხორციელებულ აღნიშნულ თავდასხმას აფასებს როგორც პარტიის წევრებისა და მხარდამჭერების მიმართ დაშინების და ზეწოლის სისტემური და მიზანმიმართული პროცესის კიდევ უფრო მძიმე გაგრძელებას, პროცესის, რომელიც ჯერ კიდევ არჩევნებამდე დაიწყო და არჩევნების შემდეგაც გრძელდება. აღნიშნული თავდასხმა არის ხელისუფლების მხრიდან როგორც სამართლებრივი, ისე პოლიტიკური უმოქმედობის შედეგი – დღემდე პარტიის წევრების და მხარდამჭერების მიმართ განხორციელებული პოლიტიკური დევნის ასზე მეტ ფაქტზე სისტემური რეაგირება სამართალდამცავების მხრიდან არ მომხდარა.მოვუწოდებთ ხელისუფლებას, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და პროკურატურას:• დროულად გამოიძიონ მალხაზ თორიაზე და მის არასრულწლოვან შვილზე მომხდარი თავდასხმა;• დროულად დაადგინონ თავდამსხმელთა ვინაობა, მათ შორის მათი შესაძლო კავშირები ხელისუფლებასთან და სამართალდამცავ უწყებებთან;• დროულად მიანიჭონ საქმეს შესაბამისი კვალიფიკაცია;• დაუყოვნებლივ მიიღონ ყველა ზომა მტკიცებულებათა განადგურების თავიდან ასაცილებლად. ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, თავდასხმის მიმდებარე ტერიტორიაზე, შესაძლოა, ადგილი ქონდეს, არსებული კამერების მიზანმიმართულ განადგურებას.