საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ყაზახეთში განვითარებულ მოვლენებს twitter-ზე ეხმაურება და წერს, რომ იქ არსებული მდგომარეობით შეშფოთებულია. ზურაბიშვილის თქმით, დაცული უნდა იყოს მოქალაქეების უფლებები და უსაფრთხოება.
“ღრმად შეშფოთებული ვარ ყაზახეთში არსებული მდგომარეობით. ვგმობ ძალადობას, რომელიც ვიხილეთ და სწრაფი დეესკალაციის იმედი მაქვს. მოქალაქეების უფლებები და უსაფრთხოება დაცული უნდა იყოს. ჩვენ ყველას გვჭირდება გლობალური სტაბილურობა და მშვიდობისა და უსაფრთხოების გაძლიერება”,- წერს სალომე ზურაბიშვილი twitter-ზე.
ყაზახეთში ვითარება კვლავ დაძაბულია. ქვეყნის მასშტაბით ორკვირიანი საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული.
მასშტაბური აქციები ქვეყანაში 2 იანვარს გაზის ფასის გაძვირების გამო, ჯერ მანგისტაუს რეგიონში, მოგვიანებით კი სხვა ქალაქებშიც დაიწყო. სოციალურ ფონზე დაწყებული პროტესტი მალევე პოლიტიკურში გადაიზარდა, მოქალაქეები მთავრობის გადადგომას მოითხოვდნენ. მასობრივი პროტესტის ფონზე ყაზახეთში მთავრობა 5 იანვარს გადადგა.