ბაგრატის ტაძარი, შესაძლოა, იუნესკოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში დაბრუნდეს.
„ძალიან მნიშვნელოვანია ბაგრატის ტაძარი დავაბრუნოთ მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხაში, ოღონდ სხვა ფორმატით, რადგან ის თავისი ფორმით იმ კრიტერიუმებს, რა კრიტერიუმებითაც იყო შეყვანილი მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხაში, ვეღარ აკმაყოფილებს. ამიტომ სახელმწიფო დიდი ხანია მუშაობს იმ მიმართულებით, რომ გამოვავლინოთ ის ღირებული მახასიათებლები, რამაც შეიძლება პოტენციურად შეუქმნას საფუძველი ახალი ნომინაციის მომზადების”,- ამბობს კულტურული მემკვიდრეობის ეროვნული სააგენტოს იუნესკოსთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი მანანა ვარძელაშვილი.
მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში მოსახვედრად ათი კრიტერიუმის დაკმაყოფილებაა საჭირო. აქედან ექვსი კრიტერიუმი ღირებულებების გამომსახველია, ოთხი კი ბუნებრივი მემკვიდრეობის ნიშნების. ამ კრიტერიუმების დასაკმაყოფილებლად კულტურული მემკვიდრეობის სააგენტო პოლონელ პარტნიორებთან ერთად მუშაობს.
ბაგრატის საკათედრო ტაძარი მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში 1994 წელს შევიდა. 2010 წელს კი ის იუნესკომ საფრთხის ქვეშ მყოფი ძეგლების ნუსხაში მას შემდეგ გადაიტანა, რაც 2008 წელს ბაგრატის ტაძრის რეაბილიტაცია დაიწყო. 2017 წელს კი Unesco-ს მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტმა ბაგრატის ტაძარი მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხიდანაც ამოიღო.