ახლაც ვხედავთ, ჩატარდა არჩევნები და რის ფასად? იმ ფასად, რომ არ შეზღუდეს, როცა დროზე იყო შესაზღუდი, დადიოდა აგიტაციებზე ყველა პარტია, – ამის შესახებ ბოდბელმა ეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა ქადაგებისას აღნიშნა.
მისივე თქმით, მან ხელისუფლება გააფრთხილა, რომ კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვის ზრდა მოსალოდნელი იყო.
„ვისაც დიდი ფული ჰქონდა, ისინი უფრო მეტს მოძრაობდნენ და ვირუსი სხვადასხვა კუთხეებში გადი-გამოდიოდა. მერე იყო არჩევნები, 2 მილიონი კაცი მივედით არჩევნებზე, კარგად ვიცით, რომ ძალიან ბევრი იქაც დაავადდა, თვითონ კომისიის წევრები და მათ სახლებშიც მიიტანეს. ძალიან ბევრი ადამიანი გარდაიცვალა. მე ხელისუფლება გავაფრთხილე, 1500 და 1600-ს შორის იყო დაავადებულების რიცხვი, გავაფრთხილე, 5 000, 10 ათასიც იქნება, კარგად გადახედეთ- მეთქი. ექიმების ბრალი საერთოდ არ არის, ხელისუფლებამ და ოპოზიციამ გადაწყვიტეს ჩაეტარებინათ არჩევნები და მივიღეთ ასეთი დიდი სიკვდილიანობა. მერე რა ხდება, ნაწილი პარლამენტში შედის, ნაწილი ამბობს, არ შევდივარო. სულ არ მაინტერესებს, ვინ შედის და ვინ არა, მაინტერესებს ერთი რამ, მოვედით, აგირჩიეთ და რისთვის? ერთმანეთში რომ გააგრძელოთ უაზრო ბრძოლა? ასეთ დღეში ვართ“,- განაცხადა მეუფე იაკობმა.