30 წლის დიანა ხერემიანი თბილისიდანაა. ახლა ქალაქ ოზურგეთში ცხოვრობს. ხუთი წლის წინ მოძალადე ქმარს დედაქალაქიდან დააღწია თავი და ცხრა წლიანი, ოჯახური ცხოვრება ერთ დღეში დაასრულა…მანამდე იყო თანაცხოვრების ურთულესი წლები, მორალური, ფსიქოლოგიური და ფიზიკური ძალადობა, დაუსრულებლად გრძელდებოდა… დედამ უარყო, მეგობრებმა მიატოვეს, სამყარომ ზურგი აქცია და სიფრიფანა გოგო, დარჩა მოძალადე ქმრის პირისპირ. უამრავი მცდელობის მიუხედავად, ისევ ძველ ადგილზე უწევდა დაბრუნება…შიში და დაბალი თვითშეფასების უნარი ვერ უხსნიდა უხილავ ბორკილებს…ნებდებოდა და ნებდებოდა…ერთ დღეს, შემთხვევით გაიცნო ქალი, ვინც ცხოვრების შეცვლაში დაეხმარა…
როდის დაიწყო შენი ისტორია?
16 წლისამ გავიცანი მომავალი მეუღლე, ჩემი ნათესავის ძმაკაცი იყო. არც მიფიქრია და არც ვიცოდი თუ მოვწონდი, ან ვუყვარდი, ერთ დღეს უბრალოდ მომკიდა ხელი და მომიტაცა. ისე მოხდა, რომ იმ ღამეს მასთან დავრჩი, რათქმაუნდა ჩვენ შორის არაფერი მომხდარა. მეორე დღეს დედასთან დავბრუნდი, მაგრამ მან მითხრა, რომ სახლში ვერ დავრჩებოდი, მონატაცები გოგო სხვა სახელით სარგებლობდა მაშინ, მეც პატარა ვიყავი და დედის და საზოგადოებრივი აზრის მსხვერპლი აღმოვჩნდი. რთული ადამიანი გამოდგა, მითუმეტეს არანაირი გრძნობა მე არ მქონდა მის მიმართ. დალევა, მოსაწევი, ნარკოტიკები, თამაში, ეს იყო მისი ცხოვრების ყოველდღიურობა.
იყო ავადმყოფურად ეჭვიანი, გამომკეტა სახლში, სანამ შვილი არ გამიჩნდა, სახლიდან არც გავსულვარ გარეთ.ყველანაირი ძალადობის მსხვერპლი ვიყავი, ფსიქოლოგიური, ფიზიკური, მორალური…9 წელი ვიცხოვრე ამ ჯოჯოხეთში…
დედას ვეუბნებოდი როგორ სიტუაციაშიც მიწევდა ცხოვრება, მაგრამ ის გამუდმებით მიჩიჩინებდა, რომ უნდა მომეთმინა, ოჯახი უნდა შემენარჩუნებინა.
არ მქონდა არც განათლება, არავის იმედი არც ნათესავების, არც მეგობრების, დავრჩი ამ სამყაროში მარტო მოძალადე ქმრის პირისპირ და ვერ ვპოულობდი გამოსავალს.
ბავშვი როცა მივიყვანე პირველ კლასში, იქ გავიცანი ერთი გოგო, იქ დაყავდა ბიძაშვილი, გურული გოგოა. მან შეამჩნია, რომ ძალიან დათრგუნული ვიყავი.
გათვლილი მქონდა წუთები და წამები, როდის უნდა მივსულიყავი სკოლაში და როდის დავბრუნებულიყავი სახლში. თუ დამაგვიანდებოდა, საშინლად მექცეოდა ქმარი. ერთ დღეს რაღაცეები მოვუყევი ამ გოგოს, ძალიან შევეცოდე და თავისი ნომერი დამიტოვა და მითხრა, თუ როდესმე დაგჭირდე, შემეხმიანეო.
როდის მიხვდი რომ ძალადობის მსხვერპლი იყავი და რატომ დაგჭირდა 9 წელი, ურთიერთობაში საბოლოო წერტილის დასასმელად?
მე ნაშვილები ვარ, ბებია-ბაბუამ გამზარდა, ვცხოვრობდით თბილისში.დედას თითქმის არ მიუღია მონაწილეობა ჩემს აღზრდაში. ჩემი პირადი პრობლემები რომ დაიწყო, ბებია-ბაბუა უკვე გარდაცვლილები მყავდნენ. დედას კი, ჩემი პრობლემები არ მოსწონდა. არსად წასასვლელი არ მქონდა, ეგ მაკავებდა, ასევე შიში, სულ მემუქრებოდა ყოფილი მეუღლე, რომ მომკლავდა დედაჩემთან ერთად. როდესაც ვეუბნებოდი რომ დაშორება მინდოდა, მემუქრებოდა, აბა გაბედე და წადი. გვემუქრებოდა დაწვით, მეც მჯეროდა და ძალიან მეშინოდა. დღეს საერთოდ არ მეშინია მაგ ადამიანის და სასაცილოდ მეჩვენება, ჩემი მაშინდელი მდგომარეობა.
როგორი ემოციაა, როდესაც აცნობიერებ რომ ძალადობის მსხვერპლი ხარ?
ერთი პერიოდი ვფიქრობდი, რომ ეს იყო ჩემი ბედი და უნდა შევგუებოდი, ამასვე მეუბნებოდა ჩემი დედამთილიც, რომ ქმრისთვის უნდა გამეგო და ოჯახი არ დამენგრია. მე ვიყავი მათი ზემოქმედების ქვეშ, საღად ვერ ვაზროვნებდი, რადგამ მეშინოდა, საკუთარ თავში არ ვიყავი დარწმუნებული.
ძალიან გვიან გავაცნობიერე, რომ ეს ყველაფერი არასწორია და ასე ცხოვრება არ შეიძლება.
როდის დასვი წერტილი, როდის მიხვდი რომ ასე გაგრძელება აღარ შეიძლებოდა?
ძალიან ადრე მივხვდი, რომ ასე ცხოვრება არ შეიძლებოდა, მაგრამ უძლური ვიყავი, გვერდში არავინ არ დამიდგა, არ ვიცოდი სად წავსულიყავი, რა გამეკეთებინა და თავი როგორ გადამერჩინა. წეღან გიყვებოდით ერთ გოგოზე, რომელმაც ტელეფონის ნომერი მომცა და მითხრა, თუ რამეში დამჭირდებოდა დაამერეკა. დავურეკე მას და მითხრა რომ მასთან ოზურგეთში ჩამოვსულიყავი. დამპირდა რომ ყველანაირად დამეხმარებოდა, პლიციაშიც მივიდოდით, ჩართავდა არასამთავრობო ორგანიზაციებს ჩემს საქმეში და ასეც მოხდა. ერთ დღეს ავდექი და წამოვედი. ჩავჯექი ოზურგეთის მარშუტკაში და არ მახსოვს, როგორ ჩამოვედი აქ. ბავშვებიც წამოვიყვანე. დედაჩემმა ძალიან ინერვიულა, არავის ეგონა თუ ცხოვრებაში დამოუკიდებლად რამის გაკეთება შემეძლო. ჩამომაკითხა ჩემმა ქმარმა და წამოვყევი უკან, ისევ დავუჯერე, დაბნეული ვიყავი. კვირაში ერთხელ მოვალ ბავშვების სანახავადო. არ შეგაწუხებო, მაგრამ მალე ისე მოხდა, მოდიოდა, რჩებოდა, ისევ აირია, დედაჩემი ოთახში იკეტებოდა და არ ერეოდა ჩვენ საქმეში. ერთ დღესაც ვეღარ გავუძელი და წამლები დავლიე, გავხდი ძლიან ცუდად, თავის მოკლა მინდოდა. დედამ ყურადღებაც კი არ მომაქცია, ამ დროს დამირეკა იმ ოზურგეთელმა გოგომ და ვუთხარი, რომ თავის მოკვლა მინდოდა. ისევ დამეხმარა და საბოლოოდ გადავწყვიტე აქეთ წამოვსულიყავი.
მასთან ორი წელი ვიცხოვრე, ყველანაირად გვერდში მედგა, პოლიციაში შევიტანეთ სარჩელი, მოახლოება აეკრძალა ხელწერილის საფუძველზე. არასამთავრობო ორგანიზაციებში მიმიყვანა, ყველა გვერდში დამიდგა, დავიწყე სწავლა. გავიარე ჯერ კომპიუტერული პროგრამების კურსები, შემდეგ საბუღალტრო საქმე ვისწავლე. მერე ერთ-ერთ კაზინოში დავიწყე მუშაობა.
შვილები სად იყვნენ ამ დროს?
შვილები დარჩნენ მამასთან, მათ არ მოინდომეს სხვა ქალაქში ცხოვრება, მეგობრების და სკოლის დატოვება არ უნდოდათ.ჩემი ყოფილი მეუღლე არაჩვეულებრივი მამაა, ბავშვებს ძალიან უყვართ. მიუხედავად იმისა, რომ მე სასამართლო პროცესიც მოვიგე და ბავშვებს კანონიერი უფლება აქვთ ჩემთან იცხოვრონ, მე მათ გადაწყვეტილებას პატივს ვცემ. თან ისეთ ასაკში არიან ახლა, ნამდვილად არ მინდა გავაღიზიანო და წარსული გავახსენო. მუდმივად გვაქვს კონტაქტი, ყოველ დღე ინტერნეტით ვურთიერთობთ. ყოველთვე ჩავდივარ თბილისში და ვნახულობ. ვმეგობრობ ჩემს შვილებთან და მუდმივად ვიცი როგორ გრძნობენ თავს, რას ფიქრობენ, რას განიცდიან. მანძილის მიუხედავად, ერთი წამითაც არ გაგვიწყვეტია ეს კავშირი. როგორც შემიძლია სულ ვეხმარები ფინანსურადაც.
ახლა რა ხდება შენს ცხოვრებაში და როგორ დაიმკვიდრე თავი უცხო ქალაქში?
ხუთი წელია უკვე რაც აქ ვცხოვრობ, იმ ოზურგეთელმა გოგომ, რომელიც სულ მეხმარებოდა, აქ მიყიდა ბინა, გამირემონტა და მაქვს ჩემი კუთხე. ვმუშაობ, ვარ ჩართული სხვადასხვა აქტივობებში. „ევროპაბეთში“ ვმუშაობდი ოზურგეთში, ახლა დახურულია და მარკეტ-„მაგნიტში“ რეზერვად ვარ, მიძახებენხოლმე როცა საჭიროა. არ ვჩერდები.საარჩევნოდ ერთ-ერთ პარტიაში ოპერატორად ვმუშაობ. დიდი ხანი დავდიოდი ფსიქოლოგთან, საბოოლოოდ შევძელი ჩემი ძველი დიანასგან გათავისუფლება. სულ სხვა ადამიანი ვარ, თავდაჯერებული, მაქვს მიზნები…მე შევიყვარე საკუთარი თავი და დავაფასე საკუთარი შესაძლებლობები, ანუ გავხდი თავისუფალი და ეს ძალიან მაგარია.
პირადი ცხოვრება?
არ მაქვს. ასე უკეთესად ვარ. მეშინია იმედგაცრუების. არ მინდა კიდე ვინმე შემოვიდეს ჩემს ცხოვრებაში და საზღვრები დამიწესოს. რთული ცხოვრება გამოვიარე, ახლა ასე მარტივად რომ ვყვები, ამის უკან უზარმაზარი მორალური და ფსიქოლოგიური დანაკარგი და ემოციებია, რომელმაც შემცვალა და გამაცივა.დისტანცია მაქვს ყველასთან, თაყვანისმცემლები არიან მაგრამ არავის ვენდობი. არ მჯერა სიყვარულის, ალბათ ამის ბრალია….
დედასთანაც დამილაგდა ურთიერთობა, მიხვდა რომ ჩემს გარდა ვერავინ მიხედავს, ასაკშია და ალბათ ამან განაპირობა ჩემსკენ შემობრუნება.მეხვეწება რომ დავბრუნდე თბილისში, მაგრამ შიში მაქვს იმ ქალაქში დაბრუნების.
შენი მთავარი ოცნება?
მინდა ჩემი ბიოლოგიური დედა ვიპოვო, ბებიასგან ვიცი რომ „არამიანცის“ კლინიკაში დავიბადე 1990 წელს თებერვლის თვეში. როგორც ბებიამ მითხრა, 14 ან 24 თებერვალს ვარ დაბადებული. გატარებული ვარ 8 მარტით საბუთებში.დედაჩემი ყოფილა 18 წლის, თავის კურსელ ბიჭს შეუცდენია, მაშინ ასე ეძახდნენ, როოცა გოგო ორსულდებოდა. მალავდა ცხრა თვე მუცელს და როცა გამაჩინა ჩემებმა წამომიყვანეს. მას არაფერი ეცოდინება ჩემზე, სხვა სახელი და გვარით გამატარეს. ვინ იცის იქნებ მეძებს კიდეც. მივაგენი ქალს, რომელიც იმ წელს მაგ სამშობიაროში იყო ბებიაქალი. ის საბერძნეთში ცხოვრობს და ჩემთან კონტაქტი არ მოისურვა.
5 წელია ვეძებ ჩემს ბიოლოგიურ დედას, ალბათ საკუთარი ოჯახიც აქვს. მე არაფერში შევუშლი ხელს, უბრალოდ მინდა ვიცოდე ვინ არის, რომ მერე გავიგო ვინ ვარ მე…
ნინე ულუმბელაშვილი