ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების მხრივ სერიოზული პრობლემებია. მიუხედავად იმისა, რომ პროექტები პანდემიურ პერიოდშიც არ შეზღუდულა, გამონაკლისი შემთხვევის გარდა, მასობრივად არის ვადების დარღვევის, ხარისხის პრობლემა, რაც ზოგადად ტენდერების გაუმჭვირვალობაზე მეტყველებს. წლების განმავლობაში სიტუაცია უცვლელია – ინფრასტრუქტურის სამინისტროს მხრიდან საგზაო ინფრასტრუქტურაში მილიარდობით თანხა იხარჯება და შედეგი რეალურად არ ჩანს ან არადამაკმაყოფილებელია.
როგორც სპეციალისტები აღნიშნავენ, უმჯობესია ტენდერებში ქართული კომპანიების ჩართვა და ამასთან, საზედამხედველო კომპანიების სწორი შერჩევა, ვინაიდან პრობლემა, დიდწილად, სწორედ ამ სამსახურის უპასუხისმგებლო და ცუდი მუშაობის შედეგით არის განპირობებული. გარდა ამისა, როგორც ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ორგანიზაციის ხელმძღვანელი გიორგი კაპანაძე აღნიშნავს, პრობლემა ყველაზე მეტად მცირე და საშუალო ტენდერებთან დაკავშირებითაა, სადაც გამარჯვებული კომპანიების უმეტეს ნაწილს ან შესაბამისი კომპეტენცია არ აქვს, ან გულგრილად ეკიდებიან სამუშაოს, რაც საბოლოოდ ამა თუ იმ პროექტის მიმდინარეობის ტემპსა და ხარისხზე აისახება.
აფბა-მ საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობასთან დაკავშირებით კვლევა პანდემიამდე ჩაატარა და შედეგი იყო საკმაოდ მძიმე, თუმცა, როგორც ორგანიზაციის ხელმძღვანელი აღნიშნავს, მდგომარეობა დიდად არც შემდეგში შეცვლილა და ამ პრობლემას არც მომავალში ეშველება, თუ მთავრობა სისტემურ ღონისძიებას არ განახორციელებს და მიდგომას არ შეცვლის.
„რა საკითხებიც ჩვენ გვაქვს შესწავლილი, ტენდერები ერთ-ერთი ,,აქილევსის ქუსლია“. ხშირად არის შემთხვევები, როცა კომპანიები, რომლებიც იმარჯვებენ ტენდერებში, ვერ ახერხებენ პროექტების ვადებში შესრულებას. საგზაო ტენდერებთან მიმართებით პრობლემაა ისიც, რომ კონკრეტული პროექტი ხვდება კერძო საკუთრებას და პრობლემა ჩნდება გასახლების კუთხით. გარდა ამისა, მრავლადაა არაკეთილსინდისიერი უცხოური კომპანიები, რომლებიც ვადებში აგვიანებენ შესრულებას ან ვერ ახერხებენ, რომ დროულად შეასრულონ პროექტები. სახელმწიფომ უფრო მეტად უნდა აკონტროლოს, ზედამხედველობა გაუწიოს და დაიქირავოს პასუხისმგებლიანი საზედამხედველო კომპანიები, რომლებიც მკაცრ ზედამხედველობას გაუწევენ ტენდერის შემსრულებელ კომპანიებს, რათა მსგავსი ჩავარდნები არ იყოს.
განსაკუთრებით მცირე და საშუალო პროექტებთან დაკავშირებით არის გაურკვევლობა. მიზეზი, სავარაუდოდ, ყურადღების ნაკლებობაა, ვერ ახერხებენ, ჯეროვნად შეასრულონ ვალდებულება, არაკეთილსინდისიერად იქცევიან და ვადებს მუდმივად არღვევენ. საფუძვლიანად შევისწავლე ინფრასტრუქტურული პროექტები რამდენიმე წლის წინ და გამოიკვეთა პრობლემური ტენდერები, განსაკუთრებით ეს არის სამტრედია-გრიგოლეთის მონაკვეთის მშენებლობა, რომელიც დღემდე მოუგვარებელია“, – განაცხადა „ბიზნეს-რეზონანსთან” კაპანაძემ და ყურადღება გაამახვილა რამდენიმე ფაქტორზე, რომელთა გამოსწორებაც ტენდერებთან დაკავშირებულ პრობლემას მეტ-ნაკლებად მოაგვარებს.
„განმახორციელებელ კომპანიასთან ერთად, პრობლემა ეხება ზედამხედველობის სამსახურს, რომელსაც სახელმწიფო ქირაობს. ხშირია შემთხვევები, როცა ხდება არასათანადო ზედამხედველობა, დაგვიანებული რეაგირება ამა თუ იმ პრობლემაზე ან ხარისხის არასათანადოდ შემოწმება. ეს პრობლემა იყო სამტრედია-გრიგოლეთის ზოგიერთ მონაკვეთზე, გადაკეთდა პროექტი, მაგრამ საქმეს ვერც ამან უშველა.
გარდა ამისა, არის ფაქტიც, როდესაც ესა თუ ის კომპანია ტენდერში დაბალი ფასით ერთვება და ამის წყალობით ხდება გამარჯვებული, დაბალ ფასად კი საქმიანობის განხორციელებას ვერ ახერხებს, იკარგება ან დროში ეწელება პროექტი.
უფრო მეტად აქტიური ზედამხედველობაა გასაწევი, უფრო მეტად უნდა მოხდეს კომპანიების შერჩევა და თუ რომელიმეს პრობლემა შეექმნება და რჩება ,,შავ სიაში“, დიდხანს უნდა შერჩეს ეს სტატუსი და არ მიეცეს საშუალება, მაშინვე ან მოკლე ვადაში პროექტი განახორციელოს.
ამ ყველაფრიდან გამომდინარე, ცხადია, პრობლემაა საბიუჯეტო თანხების გახარჯვის კუთხითაც. ძალიან დიდი ფული იდება ინფრასტრუქტურულ პროექტებში და მნიშვნელოვანია, რომ არ იყოს ჩავარდნები და ფინანსურად არ დავზარალდეთ. კარგი იქნება და დაიწყო კიდეც მუშაობა ამ მიმართულებით, რომ ქართულ კომპანიებს უფრო აქტიურად მიეცეთ ტენდერებში მონაწილეობის საშუალება, განსაკუთრებით _ საგზაო ინფრასტრუქტურის კუთხით. ხშირ შემთხვევაში ისინი უფრო კეთილსინდისიერები არიან, ვიდრე ჩინური და სხვა კომპანიები“, – განაცხადა გიორგი კაპანაძემ.
ტენდერების მიმართ კრიტიკა საკმაოდ მწვავეა. ერთ-ერთ ხარვეზად ანალიტიკოსი ზვიად ხორგუაშვილი მის გაუმჭვირვალობას მიიჩნევს და აცხადებს, რომ, ხშირ შემთხვევაში, ადგილი აქვს ისეთი პირების ან კომპანიების გამარჯვებას, რომლებიც მთავრობასთან დაახლოებული არიან, რაც საბოლოოდ ჩატარებული სამუშაოების ხარისხზე ნეგატიურად აისახება. მსგავსი პრობლემაა როგორც დედაქალაქში, ასევე რეგიონებშიც, რაც სერიოზულ კითხვის ნიშნებს აჩენს.
„ტენდერებთან დაკავშირებით სიტუაცია არ იცვლება და რატომღაც ყოველთვის ის პირები იგებენ, რომლებიც ხელისუფლების წარმომადგენლებთან არიან დაახლოებული და მათი ნდობით სარგებლობენ. ასე ხდება ყველგან, სადაც ტენდერები ტარდება – თბილისსა და რეგიონებში, მდგომარეობა ყველგან უცვლელია. ანალოგიური პრობლემა იყო წლების განმავლობაში და არც ახლა იცვლება მიდგომა. საბოლოოდ ვიღებთ ჩავარდნილ პროექტებს ან უხარისხოდ შესრულებულ სამუშაოებს. ამ მხრივ სერიოზული პრობლემაა საგზაო ინფრასტრუქტურაში, სადაც გზების მშენებლობების ხარისხი, ხშირ შემთხვევაში, არადამაკმაყოფილებელია.
პრობლემა მწვავეა სამეგრელოში, სადაც ტენდერებში მუდმივად ერთი და იგივე, ადგილობრივ თვითმმართველობის წარმომადგენლებთან დაახლოებული პირები და მათი საახლობლო იმარჯვებს. საილუსტრაციოდ გამოდგება გორის შემთხვევაც, სადაც გარკვეული პერიოდის განმავლობაში ძირითადად იგებდა ერთ-ერთი დეპუტატის ახლობლის კომპანია, მაგრამ ამაზე რეაგირება არავის მოუხდენია. სისტემური ხარვეზებია, ამიტომ აუცილებელია შესაბამისი ზომების გატარება, რათა მდგომარეობა ერთხელ და საბოლოოდ გამოსწორდეს”, – განაცხადა ანალიტიკოსმა.
შეგახსენებთ, რომ ინფრასტრუქტურული პროექტები აქტიურად გაგრძელდება წელსაც. ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, 2022 წელს ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსებაზე რეკორდულად მაღალი – მშპ-ის 9.1% დაიხარჯება.
ჯამში, ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაზე მიიმართება 5 მილიარდ 884 მილიონი ლარი, მათ შორის, მუნიციპალური ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაციისთვის 2 მილიარდ 187 მილიონი ლარია გათვალისწინებული.
წყარო : რეზონანსი