ვის აქვს უფლება მიიღოს ერთჯერადი 300 ლარიანი კომპენსაცია?
ერთჯერადი 300 ლარიანი კომპენსაციის მიღების უფლება აქვთ კორონავირუსის ეპიდემიის/პანდემიის გავრცელების პერიოდში დაზარალებულ:
დაქირავებულს, თუ ის 2020 წლის 27 ნოემბრის მდგომარეობით დაქირავებით საქმიანობას ეწეოდა იმ დამქირავებლის სასარგებლოდ, რომელსაც 28 ნოემბრიდან დაწესებული შეზღუდვების გამო შეჩერებული აქვს საქმიანობის განხორციელების/ობიექტზე მომხმარებელთა სარეალიზაციო სივრცეში დაშვების/წვდომის უფლება და ამ პერიოდიდან ამავე დამქირავებლისაგან არ იღებს ხელფასს (მათ შორის, შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის/შეჩერების გამო);
ინდივიდუალურ მეწარმეებს, მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე მეწარმე ფიზიკურ პირებს, ფიქსირებული გადასახადის გადამხდელ ფიზიკურ პირებსა და მიკრობიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკურ პირებს, რომლებიც მიმდინარე წლის მეოთხე კვარტალში ეწეოდნენ ეკონომიკურ საქმიანობას და 2020 წლის 28 ნოემბრიდან დაწესებული შეზღუდვების გამო შეჩერებული აქვთ საქმიანობის განხორციელების/ობიექტზე მომხმარებელთა სარეალიზაციო სივრცეში დაშვების/წვდომის უფლება და რომლებიც არ იღებენ დაფინანსებას ბიუჯეტიდან;
ზემოაღნიშნული პირების გარდა, ნებისმიერ ფიზიკურ პირს (თვითდასაქმებული პირი), რომელიც ფაქტობრივად ეწეოდა ეკონომიკურ საქმიანობას საქართველოში გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებული იმ პირის ობიექტზე, რომელსაც 28 ნოემბრიდან დაწესებული შეზღუდვების გამო შეჩერებული აქვს საქმიანობის განხორციელების/ობიექტზე მომხმარებელთა სარეალიზაციო სივრცეში დაშვების/წვდომის უფლება.
ვინ და რა ფორმით წარადგენს განცხადებას/ინფორმაციას დაქირავებით დასაქმებულთათვის ერთჯერადი 300 ლარიანი კომპენსაციის გაცემის მიზნით?
დაქირავებით დასაქმებულთათვის ერთჯერადი 300 ლარიანი კომპენსაციის გაცემის მიზნით:
დამქირავებელი, რომელსაც 28 ნოემბრიდან დაწესებული შეზღუდვების გამო შეჩერებული აქვს საქმიანობის განხორციელების/ობიექტზე მომხმარებელთა სარეალიზაციო სივრცეში დაშვების/წვდომის უფლება, 2020 წლის 3 დეკემბრიდან 2020 წლის 24 დეკემბრამდე შემოსავლების სამსახურს წარუდგენს ინფორმაციას განცხადების „დამქირავებლის/ობიექტის მფლობელის მიერ წარდგენილი ინფორმაცია იმ პირების შესახებ, რომლებსაც აქვთ კომპენსაციის მიღების უფლება (COVID-19)“ ფორმით დაქირავებულთა შესახებ, რომლებიც ამ დამქირავებლის სასარგებლოდ დაქირავებით საქმიანობას ეწეოდნენ 2020 წლის 27 ნოემბრის მდგომარეობით და რომლებზეც 2020 წლის 28 ნოემბრიდან 2020 წლის 24 დეკემბრამდე პერიოდში ამავე დამქირაველისგან არ გაცემულა ხელფასი (მათ შორის, შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის/შეჩერების გამო).
დამატებით გაცნობებთ, რომ მეწარმე ფიზიკური პირს (გარდა ინდივიდუალურ მეწარმედ რეგისტრირებული ფიზიკური პირისა), რომელსაც „იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 26 ნოემბრის №699 დადგენილებით 2020 წლის 28 ნოემბრიდან დაწესებული შეზღუდვების გამო შეჩერებული აქვს საქმიანობის განხორციელების/ობიექტზე მომხმარებელთა სარეალიზაციო სივრცეში დაშვების/წვდომის უფლება და ყავს 2020 წლის 27 ნოემბრის მდგომარეობით დაქირავებული ფიზიკური პირი და ამ დასაქმებულზე 2020 წლის 28 ნოემბრიდან 2020 წლის 24 დეკემბრამდე პერიოდში არ გაუცია ხელფასი (მათ შორის, შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის/შეჩერების გამო), დაქირავებით დასაქმებულთათვის ერთჯერადი 300 ლარიანი კომპენსაციის გაცემის მიზნით განცხადების დასარეგისტრირებლად მიმართავენ შემოსავლების სამსახურის სერვის-ცენტრებს.
უნდა წარადგინოს თუ არა განცხადება დაქირავებით დასაქმებულთათვის ერთჯერადი 300 ლარიანი კომპენსაციის გაცემის მიზნით საწარმომ, რომელსაც 28 ნოემბრიდან დაწესებული შეზღუდვების გამო შეჩერებული აქვს ობიექტზე მომხმარებელთა სარეალიზაციო სივრცეში დაშვების/წვდომის უფლება და რომელმაც დასაქმებულთა ნაწილს (თუ ის 2020 წლის 27 ნოემბრის მდგომარეობით დაქირავებით საქმიანობას ეწეოდა აღნიშნულ დამსაქმებელთან) შეუჩერა/შეუწყვიტა შრომითი ურთიერთობა/არ ურიცხავს ხელფასს, თუმცა საწარმო აგრძელებს დისტანციურად პროდუქტის საცალო/საბითუმო მიწოდებას?
მოცემულ შემთხვევაში აღნიშნულმა საწარმომ, რომელიც აგრძელებს თავის ეკონომიკურ საქმიანობას, საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული პირობების დაცვით, დისტანციურად უნდა წარადგინოს განცხადება „დამქირავებლის/ობიექტის მფლობელის მიერ წარდგენილი ინფორმაცია იმ პირების შესახებ, რომლებსაც აქვთ კომპენსაციის მიღების უფლება“ იმ დაქირავებით დასაქმებულ ფიზიკურ პირთა შესახებ, რომლებიც ამ დამსაქმებელთან დაქირავებით საქმიანობას ეწეოდა 2020 წლის 27 ნოემბრის მდგომარეობით და რომლებზეც 2020 წლის 28 ნოემბრიდან 2020 წლის 24 დეკემბრამდე პერიოდში ამავე დამქირავებლისგან არ გაცემულა ხელფასი (მათ შორის, შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის/შეჩერების გამო).
უნდა წარადგინოს თუ არა განცხადება დაქირავებით დასაქმებულთათვის ერთჯერადი 300 ლარიანი კომპენსაციის გაცემის მიზნით საწარმომ, რომელსაც 28 ნოემბრიდან დაწესებული შეზღუდვების გამო შეჩერებული აქვს ობიექტზე მომხმარებელთა სარეალიზაციო სივრცეში დაშვების/წვდომის უფლება და რომელმაც დასაქმებულთა ნაწილს (თუ ის 2020 წლის 27 ნოემბრის მდგომარეობით დაქირავებით საქმიანობას ეწეოდა აღნიშნულ დამსაქმებელთან) შეუჩერა/შეუწყვიტა შრომითი ურთიერთობა/არ ურიცხავს ხელფასს, თუმცა საწარმო გეგმავს 24 დეკემბრიდან (შეზღუდვების მოხსნისთანავე) დაქირავებით დასაქმებულებთან შრომითი ურთიერთობის გაგრძელებას?
განვიხილოთ რამდენიმე მაგალითი:
მაგალითად, ფიზიკური პირი დაქირავებით საქმიანობას ეწეოდა საწარმოში (2020 წლის 27 ნოემბრის მდგომარეობით), რომელსაც „იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 26 ნოემბრის №699 დადგენილებით 2020 წლის 28 ნოემბრიდან დაწესებული შეზღუდვების გამო შეჩერებული აქვს ობიექტზე მომხმარებელთა სარეალიზაციო სივრცეში დაშვების/წვდომის უფლება დაქირავებულ ფიზიკურ პირზე 2020 წლის 28 ნოემბრიდან 2020 წლის 24 დეკემბრამდე პერიოდში დაფიქსირდა ხელფასის სახით განაცემი 2020 წლის 10 დეკემბერს. მოცემულ შემთხვევაში საწარმომ არ უნდა წარადგინოს ინფორმაცია აღნიშნულ დასაქმებულზე შემოსავლების სამსახურში ერთჯერადი 300 ლარიანი კომპენსაციის გაცემის მიზნით.
მაგალითად, ფიზიკური პირი დაქირავებით საქმიანობას ეწეოდა საწარმოში (2020 წლის 27 ნოემბრის მდგომარეობით), რომელსაც „იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 26 ნოემბრის №699 დადგენილებით 2020 წლის 28 ნოემბრიდან დაწესებული შეზღუდვების გამო შეჩერებული აქვს ობიექტზე მომხმარებელთა სარეალიზაციო სივრცეში დაშვების/წვდომის უფლება, დაქირავებულ ფიზიკურ პირზე 2020 წლის 28 ნოემბრიდან 2020 წლის 24 დეკემბრამდე პერიოდში ხელფასის გაცემა არ ფიქსირდება. მოცემულ შემთხვევაში, საწარმომ უნდა წარადგინოს ინფორმაცია აღნიშნულ დასაქმებულზე შემოსავლების სამსახურში ერთჯერადი 300 ლარიანი კომპენსაციის გაცემის მიზნით.
უნდა წარადგინოს თუ არა განცხადება დაქირავებით დასაქმებულთათვის ერთჯერადი 300 ლარიანი კომპენსაციის გაცემის მიზნით საწარმომ, რომელსაც 28 ნოემბრიდან დაწესებული შეზღუდვები ობიექტზე მომხმარებელთა სარეალიზაციო სივრცეში დაშვების/წვდომის უფლება და ეკონომიკური საქმიანობა არ შეზღუდვია, მაგრამ თანამშრომელთა ნაწილს შეუჩერა/შეუწყვიტა შრომითი ურთიერთობა/არ ურიცხავს ხელფასს?
დაქირავებით დასაქმებულთა ერთჯერადი 300 ლარიანი კომპენსაციის გაცემის მიზნით განცხადებას/ინფორმაციას შემოსავლების სამსახურში წარადგენს მხოლოდ ის დამსაქმებელი, რომელსაც „იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 26 ნოემბრის №699 დადგენილებით 2020 წლის 28 ნოემბრიდან დაწესებული შეზღუდვების გამო შეჩერებული აქვს საქმიანობის განხორციელების/ობიექტზე მომხმარებელთა სარეალიზაციო სივრცეში დაშვების/წვდომის უფლება.
სად და რა ფორმით წარადგენენ განცხადებას/ინფორმაციას ერთჯერადი 300 ლარიანი კომპენსაციის მიღების მიზნით ინდივიდუალურ მეწარმეები, მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე მეწარმე ფიზიკურ პირები, ფიქსირებული გადასახადის გადამხდელ ფიზიკურ პირები და მიკრო ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკურ პირები?
ინდივიდუალურ მეწარმეები, მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე მეწარმე ფიზიკურ პირები, ფიქსირებული გადასახადის გადამხდელი ფიზიკურ პირები და მიკრო ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკურ პირები 2020 წლის 3 დეკემბრიდან 2020 წლის 24 დეკემბრამდე, გადასახადის გადამხდელის ავტორიზებული მომხმარებლის გვერდიდან ავსებენ შემდეგი განაცხადის ფორმას „რეგისტრირებული თვითდასაქმებული პირის მიერ კომპენსაციის მოთხოვნის შესახებ (COVID-19)“. ასევე, აღნიშნულ პირებს არასრული/დაუზუსტებელი ინფორმაცია შეუძლიათ დააზუსტონ არაუგვიანეს 2020 წლის 28 დეკემბრისა.
უნდა წარადგინონ თუ არა განცხადება ერთჯერადი 300 ლარიანი კომპენსაციის გაცემის მიზნით ინდივიდუალურმა მეწარმეებმა, მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე მეწარმე ფიზიკურმა პირებმა, ფიქსირებული გადასახადის გადამხდელმა ფიზიკურმა პირებმა და მიკრო ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკურმა პირებმა, რომლებსაც 28 ნოემბრიდან დაწესებული შეზღუდვების გამო შეჩერებული აქვთ საქმიანობის განხორციელების/ობიექტზე მომხმარებელთა სარეალიზაციო სივრცეში დაშვების/წვდომის უფლება, არ იღებენ დაფინანსებას ბიუჯეტიდან, მაგრამ აგრძელებენ დისტანციურად პროდუქტის საცალო/საბითუმო მიწოდებას?
დიახ, უნდა წარადგინონ განცხადება ზემოთაღნიშნულმა ინდივიდუალურმა მეწარმეებმა, მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე მეწარმე ფიზიკურმა პირებმა, ფიქსირებული გადასახადის გადამხდელმა ფიზიკურმა პირებმა და მიკრო ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკურმა პირებმა თუ მათ „იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის N322 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 26 ნოემბრის N699 დადგენილებით, 2020 წლის 28 ნოემბრიდან დაწესებული შეზღუდვების გამო, შეჩერებული აქვთ საქმიანობის განხორციელების/ობიექტზე მომხმარებელთა სარეალიზაციო სივრცეში დაშვების/წვდომის უფლება, მიუხედავად იმისა აგრძელებენ თუ არა დისტანციურად პროდუქტების საცალო/საბითუმო მიწოდებას.
გარდა დაქირავებით დასაქმებული ფიზიკური პირისა, ინდივიდუალურ მეწარმეებისა, მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე მეწარმე ფიზიკური პირებისა, ფიქსირებული გადასახადის გადამხდელი ფიზიკური პირებისა და მიკრო ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირებისა, კიდევ ვის აქვს ერთჯერადი 300 ლარიანი კომპენსაციის მიღების უფლება, სად და რა ფორმით ხდება განცხადების/ინფორმაციის წარდგენა?
გარდა დაქირავებით დასაქმებული ფიზიკური პირების, ინდივიდუალურ მეწარმეების, მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე მეწარმე ფიზიკური პირების, ფიქსირებული გადასახადის გადამხდელი ფიზიკური პირებისა და მიკრო ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირებისა, ერთჯერადი 300 ლარიანი კომპენსაციის მიღების უფლება აქვს ნებისმიერ ფიზიკურ პირს (თვითდასაქმებული პირი), რომელიც ფაქტობრივად ეწეოდა ეკონომიკურ საქმიანობას საქართველოში გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებული იმ პირის ობიექტზე, რომელსაც „იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 26 ნოემბრის №699 დადგენილებით 2020 წლის 28 ნოემბრიდან დაწესებული შეზღუდვების გამო შეჩერებული აქვს საქმიანობის განხორციელების/ობიექტზე მომხმარებელთა სარეალიზაციო სივრცეში დაშვების/წვდომის უფლება.
აღნიშნულ პირებზე კომპენსაციის გაცემის მიზნით, საქართველოში გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებული დამქირავებელი/ობიექტის მფლობელი (გარდა არამეწარმე ფიზიკური პირისა), რომელსაც „იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 26 ნოემბრის №699 დადგენილებით 2020 წლის 28 ნოემბრიდან დაწესებული შეზღუდვების გამო შეჩერებული აქვს საქმიანობის განხორციელების/ობიექტზე მომხმარებელთა სარეალიზაციო სივრცეში დაშვების/წვდომის უფლება, 2020 წლის 3 დეკემბრიდან 2020 წლის 24 დეკემბრამდე შემოსავლების სამსახურს წარუდგენს ინფორმაციას განცხადების „დამქირავებლის/ობიექტის მფლობელის მიერ წარდგენილი ინფორმაცია იმ პირების შესახებ, რომლებსაც აქვთ კომპენსაციის მიღების უფლება (COVID-19)“ ფორმით.
დამქირავებელი/ობიექტის მფლობელი (გარდა არამეწარმე ფიზიკური პირისა) დადგენილ ვადაში განაცხადის წარუდგენლობის ან/და არასწორად წარდგენის შემთხვევაში, უფლებამოსილია დააზუსტოს/წარადგინოს განაცხადი არაუგვიანეს 2020 წლის 28 დეკემბრისა.
„ახალი კორონავირუსით გამოწვეული ინფექციის (COVID-19) შედეგად მიყენებული ზიანის შემსუბუქების მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 4 მაისის N286 დადგენილებაში მიმდინარე წლის 02 დეკემბერს განხორციელებული ცვლილების N 720 შესაბამისად, თუ პირი აკმაყოფილებს ერთჯერადი 300 ლარიანი კომპენსაციის გაცემის ერთზე მეტ საფუძველს, რა ოდენობის კომპენსაცია გაიცემა მასზე?
„ახალი კორონავირუსით (SARS-COV-2) გამოწვეული ინფექციის (COVID-19) შედეგად მიყენებული ზიანის შემსუბუქების მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 4 მაისის N286 დადგენილებაში მიმდინარე წლის 02 დეკემბერს განხორციელებული ცვლილების N 720 შესაბამისად განსაზღვრული დაქირავებით დასაქმებულისა და თვითდასაქმებული პირებისათვის კომპენსაცია გაიცემა ერთჯერადად 300 (სამასი) ლარის ოდენობით.
ვის ეკისრება პასუხისმგებლობა „ახალი კორონავირუსით (SARS-COV-2) გამოწვეული ინფექციის (COVID-19) შედეგად მიყენებული ზიანის შემსუბუქების მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 4 მაისის N286 დადგენილებაში მიმდინარე წლის 02 დეკემბერს განხორციელებული ცვლილების N 720 შესაბამისად განსაზღვრული ერთჯერადი 300 ლარიანი კომპენსაციის გაცემისთვის წარდგენილი ინფორმაციის სისწორეზე?
„ახალი კორონავირუსით (SARS-COV-2) გამოწვეული ინფექციის (COVID-19) შედეგად მიყენებული ზიანის შემსუბუქების მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 4 მაისის N286 დადგენილებაში მიმდინარე წლის 02 დეკემბერს განხორციელებული ცვლილების N 720 შესაბამისად განსაზღვრული ერთჯერადი 300 ლარიანი კომპენსაციის გაცემისათვის წარმოდგენილი ინფორმაციის სისწორეზე და არასწორი ინფორმაციის წარდგენით სახელმწიფოსთვის მიყენებულ ზიანზე პასუხისმგებლობა ეკისრება ინფორმაციის/განცხადების წარმდგენს (დამქირავებელი/ობიექტის მფლობელი, თვითდასაქმებული), ამასთან სამსახურისთვის არასწორი ინფორმაციის მიწოდების შემთხვევაში, რაც გამოიწვევს შესაბამისი პირისთვის კომპენსაციის უსაფუძვლო გაცემას, დამქირავებელს/ობიექტის მფლობელს/თვითდასაქმებულს დაეკისრება სანქციები საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
დაწესებულ შეზღუდვებთან დაკავშირებული შესაძლო კითხვები
გადაადგილება
1. იზღუდება თუ არა საქალაქთაშორისო მიმოსვლა?
დიახ, 28 ნოემბრიდან 24 დეკემბრამდე, ასევე 3 იანვრიდან 31 იანვრამდე, იზღუდება მგზავრთა რეგულარული გადაყვანა სამარშრუტო ტაქსებით, ავტობუსებით (M2 და M3 კატეგორიების ავტოსატრანსპორტო საშუალებებით), ასევე რკინიგზით.
საქალაქთაშორისო ტრანსპორტი იმუშავებს 24 დეკემბრიდან 2 იანვრის ჩათვლით.
2. შესაძლებელია თუ არა კერძო კომპანიამ თანამშრომელთა საქალაქთაშორისო ტრანსპორტირება პერიოდულად განახორციელოს?
დიახ, შესაძლებელია.
3. შესაძლებელია თუ არა მსუბუქი ავტომობილით გადაადგილება?
დიახ, მსუბუქი ავტომობილით, მათ შორის ტაქსებით გადაადგილება დაშვებულია 05:00 სთ-დან 21:00 სთ-მდე, სპეციალური ნებართვების გარეშე.
4. შესაძლებელია თუ არა მსუბუქი ავტომობილით საქალაქთაშორისო გადაადგილება?
დიახ, მსუბუქი ავტომობილით ან ტაქსით საქალაქთაშორისო გადაადგილება დასაშვებია სპეციალური ნებართვის გარეშე.
5. ჩერდება თუ არა მუნიციპალური ტრანსპორტი?
ქ. თბილისის, ქ. ქუთაისის, ქ. ბათუმის, ქ. რუსთავის, ქ. გორის, ქ. ზუგდიდის, ქ. ფოთის, ქ. თელავის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ საზღვრებში საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობა სრულად შეჩერებულია 28 ნოემბრიდან 24 დეკემბრამდე, ასევე 3 იანვრიდან 16 იანვრამდე.
6. იკრძალება თუ არა ტაქსით გადაადგილება დღის საათებში?
ტაქსით გადაადგილება 05:00 სთ-დან 21:00 სთ-მდე დაშვებულია.
7. ძალაშია თუ არა აკრძალვა ღამის საათებში გადაადგილების შესახებ?
დიახ, მთელი ქვეყნის მასშტაბით, 21:00 საათიდან 05:00 საათამდე იკრძალება გადაადგილება როგორც ქვეითად, ისე სატრანსპორტო საშუალებით, ასევე საჯარო სივრცეში ყოფნა.
გამონაკლისი იქნება ახალი წლის ღამე – 31 დეკემბრის 21:00-დან, 1 იანვრის 05:00 საათამდე და შობის ღამე – 6 იანვრის 21:00 საათიდან, 7 იანვრის 05:00 საათამდე, რა დროსაც გადაადგილება არ იქნება შეზღუდული.
8. იზღუდება თუ არა სათხილამურო კურორტებზე (ბაკურიანი, გუდაური, გოდერძი და მესტია) მუნიციპალური ტრანსპორტით გადაადგილება?
დიახ, იზღუდება.
9. დიდ ქალაქებში დაწესებული შეზღუდვები ვრცელდება თუ არა სოფლებზე და მომიჯნავე დაბა/დასახლებებზე?
მთელი ქვეყნის მასშტაბით მოქმედებს გადაადგილების შეზღუდვა 21:00 სთ-დან 05:00 სთ-მდე, ასევე, საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მოძრაობის შეზღუდვა, კვების ობიექტების, ფიტნესკლუბების და აუზების საქმიანობის შეზღუდვა. დიდ ქალაქებში დაწესებული სხვა შეზღუდვები მოქმედებს მხოლოდ აღნიშნული ქალაქების მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ საზღვრებში.
დიდ ქალაქებში დაწესებული სხვა შეზღუდვები მოქმედებს მხოლოდ აღნიშნული ქალაქების საზღვრებში.
10. შესაძლებელია თუ არა 28 ნოემბრამდე მიღებული საშვის საფუძველზე გადაადგილება?
დიახ, 9 ნოემბრიდან გაცემული ნებართვები კვლავ ძალაშია.
11. აკრძალულია თუ არა 70 წელს გადაცილებულ პირთა გადაადგილება?
აკრძალული არ არის. რეკომენდებულია 70 წელს გადაცილებულმა პირებმა თავი შეიკავონ გადაადგილებისგან.
ეკონომიკური საქმიანობა
12. რა რეგულაციებია რესტორნებსა და კვების ობიექტებთან დაკავშირებით?
რესტორნები და კვების ობიექტები ქვეყნის მასშტაბით მთლიანად გადადიან მიტანის/გატანის სერვისზე. დასაშვებია:
პროდუქტის გატანა – ე.წ. takeaway
მიტანის სერვისი – ე.წ. „დელივერი“
ავტომობილით გატანა – ე.წ. „დრაივი“
13. რომელ სავაჭრო ობიექტებს ეხება შეზღუდვა?
ყველა სავაჭრო ობიექტი ფუნქციონირებს მხოლოდ დისტანციურად – ადგილზე მიტანის/ადგილიდან გატანის სერვისით, მომხმარებლის სარეალიზაციო სივრცეში დაშვების/წვდომის გარეშე.
ეს შეზღუდვა არ ეხება:
სურსათის/ცხოველის საკვების, ცხოველის, ცხოველური და მცენარეული პროდუქტების, საყოფაცხოვრებო ქიმიისა და ჰიგიენის, ვეტერინარული პრეპარატების, პესტიციდებისა და აგროქიმიკატების, სათესლე და სარგავი მასალების საცალო რეალიზაციას;
ელექტროკომუნიკაციის, ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზის, წყლის, ბენზინის, დიზელის, თხევადი აირის მიწოდებას;
სამედიცინო დანიშნულების საქონლის, ფარმაცევტული პროდუქტის რეალიზაციას;
პრესის ჯიხურებს.
14. იზღუდება თუ არა სავაჭრო ობიექტების მუშაობა მთელი ქვეყნის მასშტაბით?
არა. იზღუდება მხოლოდ ქ. თბილისის, ქ. თელავის, ქ. ბათუმის, ქ. ქუთაისის, ქ. რუსთავის, ქ. გორის, ქ. ფოთის, ქ. ზუგდიდის და სათხილამურო კურორტების (ბაკურიანი, გუდაური, გოდერძი და მესტია) საზღვრებში.
15. იხურება თუ არა ბაზრები და ბაზრობები?
ქ. თბილისის, ქ. თელავის, ქ. ბათუმის, ქ. ქუთაისის, ქ. რუსთავის, ქ. გორის, ქ. ფოთის, ქ. ზუგდიდის და სათხილამურო კურორტების (ბაკურიანი, გუდაური, გოდერძი და მესტია) საზღვრებში ყველა ტიპის ღია და დახურული ბაზრები/ბაზრობები გადადიან დისტანციურ რეჟიმზე.
აგრარული ბაზრები/ბაზრობები აგრძელებენ ფუნქციონირებას ჯანდაცვის სამინისტროს რეგულაციების დაცვით.
16. ეხება თუ არა აკრძალვა ფიტნესდარბაზებსა და საცურაო აუზებს?
ფიტნესდარბაზებისა და საცურაო აუზების ფუნქციონირება ჩერდება მთელი ქვეყნის მასშტაბით.
17. აგრძელებენ თუ არა ფუნქციონირებას სილამაზის სალონები და ესთეტიკის ცენტრები?
სილამაზის სალონები და ესთეტიკის ცენტრები აგრძელებენ ფუნქციონირებას ჯანდაცვის სამინისტროს რეგულაციების დაცვით.
18. დასაშვებია თუ არა საკურიერო მომსახურება, ე.წ „დელივერი სერვისი“?
ე.წ. „დელივერი სერვისი“ დასაშვებია მთელი ქვეყნის მასშტაბით.
19. არის თუ არა შესაძლებელი საკურიერო მომსახურების განხორციელება 21:00 სთ-დან 05:00 სთ-მდე პერიოდში?
საკურიერო მომსახურების განსახორციელებლად გადაადგილება დასაშვებია მხოლოდ შესაბამისი ნებართვის არსებობის შემთხვევაში.
20. აგრძელებენ თუ არა მუშაობას ბანკები/სავალუტო ჯიხურები/მიკროსაფინანსო ორგანიზაციები?
ბანკების, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისა და სავალუტო ჯიხურების ფუნქციონირება არ იზღუდება.
21. შესაძლებელია თუ არა კვების ობიექტებზე ადგილზე მისვლა და საკვების გატანა?
დაშვებულია კვების ობიექტებიდან პროდუქტის გატანა ე.წ. takeaway. კერძოდ, მომხმარებლის კვების ობიექტის შენობაში შესვლა და პროდუქტის გატანა.
სასწავლო პროცესი
22. რა სახის რეგულაცია ვრცელდება სკოლებზე, უნივერსიტეტებსა და პროფესიულ სასწავლებლებზე?
ქ. თბილისის, ქ. თელავის, ქ. ბათუმის, ქ. ქუთაისის, ქ. რუსთავის, ქ. გორის, ქ. ფოთის, ქ. ზუგდიდის საზღვრებში სკოლები, პროფსასწავლებლები და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები (სამედიცინო პროგრამების გარდა) სრულად გადადიან დისტანციურ რეჟიმზე.
23. შესაძლებელია თუ არა ტრენინგების, კონფერენციების, სემინარების ორგანიზება მონაწილეთა ფიზიკური დასწრებით?
მთელი ქვეყნის მასშტაბით, ყველა სახის კონფერენციის, ტრეინინგის ჩატარება დასაშვებია მხოლოდ ონლაინ ფორმატით.
24. დასაშვებია თუ არა კულტურულ/სპორტული ღონისძიებები?
კულტურული ღონისძიებების ჩატარება დასაშვებია მხოლოდ ონლაინ ფორმატით, ანუ მაყურებლის დასწრების გარეშე.
დასაშვებია შესაბამისი საერთაშორისო ან/და ეროვნული სპორტული ფედერაციის ეგიდით სპორტული ღონისძიების გამართვა მაყურებლის დასწრების გარეშე.
გასართობი ღონისძიებების ჩატარება იზღუდება მთელი ქვეყნის მასშტაბით.
25. ვრცელდება თუ არა აკრძალვები სახელოვნებო და სპორტულ წრეებზე?
დიახ, სახელოვნებო, სპორტული წრეები და სტუდიები აჩერებენ მუშაობას ქვეყნის მასშტაბით.
26. აგრძელებენ თუ არა მუშაობას საბავშვო ბაღები?
კერძო და საჯარო საბავშვო ბაღები აჩერებენ მუშაობას მთელი ქვეყნის მასშტაბით.
სამთო სათხილამურო კურორტები
27. იზღუდება თუ არა გადაადგილება სამთო კურორტებზე?
ბაკურიანში, გუდაურში, გოდერძისა და მესტიაში იკრძალება 21:00 სთ -დან 05:00 სთ-მდე პირთა გადაადგილება როგორც ქვეითად, ისე სატრანსპორტო საშუალებით, ასევე საჯარო სივრცეში ყოფნა.
28. დამატებით რა შეზღუდვები წესდება ბაკურიანში, გუდაურში, გოდერძისა და მესტიაში?
აღნიშნულ კურორტებზე სასტუმროები ფუნქციონირებენ მხოლოდ საკარანტინე სივრცეების მოწყობისთვის.
იზღუდება სათხილამურო ტრასების და საბაგიროების ფუნქციონირება. არ ფუნქციონირებენ კვების ობიექტები.
სხვა კითხვები
29. რა სანქციაა გათვალისწინებული დაწესებული აკრძალვების დარღვევის შემთხვევაში?
დარღვევის შემთხვევაში ფიზიკური პირი/ინდ. მეწარმე დაჯარიმდება 2 000 ლარით, ხოლო იურიდიული პირი – 10 000 ლარით.
30. როდის შედის ძალაში დაწესებული შეზღუდვები?
შეზღუდვები ამოქმედდება 2020 წლის 28 ნოემბრიდან.
31. 28 ნოემბრიდან აგრძელებენ თუ არა სტომატოლოგიური კლინიკები ფუნქციონირებას?
დიახ, მათი საქმიანობა დასაშვებია.
32. შერეული მაღაზიები (რომლებიც ყიდიან როგორც ჰიგიენურ საშუალებებს, ისე სხვა პროდუქტს), როგორიცაა, მაგალითად: „სუფთა სახლი“, განაგრძობენ თუ არა მუშაობას?
„სუფთა სახლი“ და მსგავსი პროფილის მაღაზიები, რომლებიც ძირითადად ახდენენ ჰიგიენური პროდუქციის რეალიზაციას, მუშაობას ჩვეულ რეჟიმში განაგრძობენ.
33. ყვავილების რეალიზაცია არის თუ არა შესაძლებელი?
თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, რუსთავში, ზუგდიდში, ფოთში, გორსა და თელავში, ასევე, სამთო-სათხილამურო კურორტებზე, ყვავილების გაყიდვა დაშვებულია მხოლოდ დისტანციურად.
საქართველოს დანარჩენ ტერიტორიაზე ყვავილებით ვაჭრობა დაშვებულია შეზღუდვების გარეშე.
34. სპა/მასაჟის ცენტრები და გოგირდის აბანოები აგრძელებენ თუ არა მუშაობას?
ქვეყნის მასშტაბით აკრძალულია სპა პროცედურების, საუნებისა და აბანოების ფუნქციონირება, ასევე საცურაო აუზების საქმიანობა.
35. ე.წ. „მარშუტკებს“ და ავტობუსებს, რომლებიც საქართველოს საზღვარს კვეთენ, შეუძლიათ თუ არა გადაადგილება?
ქვეყნის მასშტაბით აკრძალულია როგორც საერთაშორისო, ისე საქალაქთაშორისო ტრანსპორტით (ე.წ. „მარშრუტკებით“ და ავტობუსებით) მგზავრთა რეგულარული გადაყვანა.
ტაქსითა და კერძო ტრანსპორტით გადაადგილება შეზღუდული არ არის, გარდა 21:00 საათიდან-05:00 საათამდე.
36. დასაშვებია თუ არა ტრანსპორტის გადაადგილება სოფლის მეურნეობის პროდუქტის რეალიზაციის მიზნით, მათ შორის, ე.წ. „მარშრუტკით“?
დიახ, 2020 წლის 28 ნოემბრიდან დილის 05:00-დან 21:00 სთ-მდე გადაადგილება დასაშვებია, ხოლო 21:00 საათის შემდეგ გადაადგილება დასაშვებია მხოლოდ სპეციალური ნებართვის საფუძველზე.
37. დასაშვებია თუ არა საეკლესიო ნივთებისა და ხატების რეალიზაცია?
დიახ, რეალიზაცია დასაშვებია მხოლოდ დისტანციურად, ონლაინ.
38. დასაშვებია თუ არა სიგარეტის ჯიხურების საქმიანობა?
სიგარეტის ჯიხურების საქმიანობა არ არის დასაშვები.
39. სხვადასხვა რელიგიური აღმსარებლობის წარმომადგენლებსა და მრევლს ექნება თუ არა გადაადგილების უფლება შობის ღამეს?
სახელმწიფო უზრუნველყოფს, რომ ყველა რელიგიის და კონფესიის წარმომადგენელმა თავისუფლად შეძლოს რელიგიური დღესასწაულის აღნიშვნაში მონაწილეობა.
შესაბამისი კონფეციები რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს წარუდგენენ მრევლის და მღვდელთმსახურთა სიებს, რომელთა საფუძველზეც ოპერაციული შტაბის მიერ გაიცემა გადაადგილების ერთჯერადი ნებართვა.
40. დასაშვებია თუ არა საადვოკატო ოფისების საქმიანობა?
დიახ, დასაშვებია, თუმცა საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციაა – ბიზნესსაქმიანობა მაქსიმალურად უზრუნველყოფილი იქნეს დისტანციურ რეჟიმში.
41. დაწესებული შეზღუდვების გარდა სხვა დაწესებულებების/კომპანიების საქმიანობა არის თუ არა შეზღუდული?
28 ნოემბრიდან თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, რუსთავში, ზუგდიდში, ფოთში, გორსა და თელავში, ასევე, სამთო-სათხილამურო კურორტებზე, იკრძალება სათხილამურო ტრასებისა და სათხილამურო საბაგიროების ფუნქციონირება, გასართობი დაწესებულებების საქმიანობა და გასართობი ღონისძიებების ორგანიზება/ჩატარება, საბავშვო ბაღებისა და ბაგა-ბაღების ფუნქციონირება, სპორტული/სავარჯიშო დარბაზების, სპა ცენტრების, საუნების/აბანოების, ასევე საცურაო აუზების საქმიანობები.
ყველა სხვა ეკონომიკური საქმიანობა (მათ შორის, საოფისე საქმიანობა) მთელი ქვეყნის მასშტაბით ნებადართულია.
42. დასაშვებია თუ არა სამშენებლო/სარემონტო სამუშაოების ჩატარება?
დიახ, დაშვებულია ქვეყნის მთელს ტერიტორიაზე.
43. დაშვებულია თუ არა ქარხნებისა და საწარმოების საქმიანობა?
დიახ, დაშვებულია ქვეყნის მთელს ტერიტორიაზე.
44. ჩერდება თუ არა სარკინიგზო ტრანსპორტით მგზავრთა გადაყვანა?
დიახ, ჩერდება მთელი ქვეყნის მასშტაბით, გარდა 24 დეკემბრიდან 2 იანვრის ჩათვლით პერიოდისა.
45. აკრძალულია თუ არა ე.წ. გარე ვაჭრობა? მაგალითად, მიწისქვეშა გადასასვლელებში სხვადასხვა ნივთების/პროდუქტების გაყიდვა?
დიახ, აკრძალულია.
46. აკრძალულია თუ არა საკანცელარიო ნივთებისა და წიგნების გაყიდვა?
თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, რუსთავში, ზუგდიდში, ფოთში, გორსა და თელავში, ასევე, სამთო-სათხილამურო კურორტებზე, არასასურსათო პროდუქციის რეალიზაცია დაშვებულია მხოლოდ დისტანციურად.
47. ტაქსით შესაძლებელია თუ არა ოჯახის წევრების გადაყვანა ქალაქიდან ქალაქში?
ტაქსებითა და პირადი ავტომობილებით ოჯახის წევრების ქალაქიდან ქალაქში ან ქალაქიდან რაიონში გადაყვანა დაშვებულია.
მთელი ქვეყნის მასშტაბით ყველა სახის გადაადგილება იკრძალება 21:00 საათიდან 05:00 საათამდე.
48. ფუნქციონირებს თუ არა ავტოსკოლა?
თეორიული მეცადინეობები დასაშვებია დისტანციურად, პრაქტიკული კომპონენტი ნებადართულია ფიზიკურად.
49. ნებადართულია თუ არა სასტუმროებში არსებული რესტორნის, სპა/მასაჟის ცენტრების, ფიტნესისა და აუზის ფუნქციონირება?
დასაშვებია მხოლოდ სასტუმროში მცხოვრები სტუმრებისთვის.
სამთო-სათხილამურო კორორტებზე – ბაკურიანში, გუდაურში, გოდერძსა და მესტიაში, სასტუმროები ფუნქციონირებს მხოლოდ საკარანტინე სივრცეების სახით.
50. აკრძალულია თუ არა პროფილაქტიკის, სამრეცხაოსა და ვულკანიზაციის მუშაობა?
პროფილაქტიკის, სამრეცხაოსა და ვულკანიზაციის მუშაობა დაშვებულია.
51. დაშვებულია თუ არა ავტონაწილებისა და ზეთების საცალო რეალიზება?
თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, რუსთავში, ზუგდიდში, ფოთში, გორსა და თელავში, ასევე, სამთო-სათხილამურო კურორტებზე, აღნიშნული პროდუქციის საცალო რეალიზაცია დასაშვებია მხოლოდ დისტანციურად/ონლაინ. აღნიშნული პროდუქციის რეალიზაცია დასაშვებია სერვისცენტრებში ავტო-ტექმომსახურების მიღებისას.
ქვეყნის დანარჩენ ტერიტორიაზე ავტონაწილებისა და ზეთების საცალო რეალიზება სრულად დაშვებულია.