პოლიტოლოგ ხათუნა ლაგაზიძის განცხადებით, ოპოზიციასთან მოლაპარაკებებში ხელისუფლება ფაქტობრივად თანახმაა წავიდეს ყველაფერზე, გარდა რიგგარეშე არჩევნებისა”,- ამის შესახებ ლაგაზიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა.
როგორც ლაგაზიძემ აღნიშნა, ოპოზიციის შეთავაზებული დანარჩენი სამი პუნქტი, დიდი ვნებათაღელვის მიუხედავად, შეჯერებადია.
„შემიძლია გაგიზიაროთ ჩემი მოსაზრება, რომ ხელისუფლება ფაქტობრივად თანახმაა წამოვიდეს ყველაფერზე, გარდა რიგგარეშე არჩევნებისა. ამბობენ, რომ რიგგარეშე არჩევნები და პლებისციტია წითელი ხაზი. არ გამოვრიცხავ, რომ პლებისციტი დატოვონ და რიგგარეშე არჩევნების თემა პლებისციტის გარეშე მოხსნან. რატომღაც ველი, რომ ხვალ, ალბათ, ამაზე იქნება საუბარი. დანარჩენი სამი პუნქტი დიდი ვნებათაღელვის მიუხედავად, შეჯერებადია. ვფიქრობ, რაზეც ხელისუფლებას შეუძლია წამოვიდეს, არის სწორედ ეს პლებისციტის თემა. ვფიქრობ, ხვალ ეს საკითხი დადგება დღის წესრიგში. მაგრამ ერთი რამ მინდა ვთქვა, როგორც ხელისუფლების, ასევე ოპოზიციის წარმომადგენლები არიან იმ ხალხის წარმომადგენლები, ვინც ისინი აირჩია, ანუ ჩვენი, ამომრჩევლების. რეალურად, ძალაც, უფლებაც და ხელისუფლებაც არის ხალხის ხელში. დღეს კი ვხედავთ, რომ ერთი მხრიდანაც და მეორე მხრიდანაც ამომრჩევლის სრულ იგნორირებას. მათ სრულ უპატივცემულობას.
რა გამოდის, რომ ელჩები საუბრობენ დახურულ კარს მიღმა არჩეულებთან, მაგრამ რეალური ძალაუფლების წყარო ვინც არის – ხალხი, მას არ ენდობიან? გამოდის, რომ ჩვენ არ გვენდობიან და ჩვენს ზურგს უკან ხდება რაღაცეები?! ეს მხოლოდ იმ ქვეყნებში შეუძლიათ გააკეთონ, რომელსაც „მესამე სამყაროს“ ქვეყნებს უწოდებენ და ეს ძალიან შეურაცხმყოფელია ამ პროცესის მონაწილე ყველა მხრიდან – ოპოზიციის, ხელისუფლების და საერთაშორისო მომლაპარაკებლების მხრიდანაც. თორემ, თავისთავად, ის დოკუმენტი, რომელსაც განიხილავენ, მართლაც რევოლუციურია“, – განაცხადა ლაგაზიძემ.
ცნობისთვის, აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში ხელისუფლების წარმომადგენლებსა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკების მესამე რაუნდი დღეს გაიმართა.