ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ იუსტიციის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი და მინისტრობის კანდიდატი, გოჩა ლორთქიფანიძე ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) მოსამართლედ აირჩიეს. ამის შესახებ ინფორმაცია საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა. ლორთქიფანიძე მოსამართლე 2021-2030 წლების ვადით იქნება.
ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც საქართველოს მიერ წარდგენილი კანდიდატი სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მოსამართლე გახდა. თუმცა, სავარაუდოდ, პრემიერმინისტრობის კანდიდატს, გიორგი გახარიას სამთავრობო კაბინეტის ფორმირებაში ცვლილებების შეტანა მოუწევს.
“ჩვენს წინაშეა ორი ურთიერთგამომრიცხავი მოცემულობა, გოჩა ლორთქიფანიძე თან იუსტიციის მინისტრი და თან ჰააგის მოსამართლე ერთდროულად ვერ იქნება. ამასთან დაკავშირებით 90 დეპუტატიდან არცერთმა არ დასვა არცერთი კითხვა, რადგან ერთპარტიული მამრთველობა იმთავითვე გულისხმობს ინსტრუქციებისადმი მორჩილებას”, – ამბობს “ხალხისთვის” ლიდერი, ანა დოლიძე.
დოლიძე აცხადებს, რომ თუ ლორთქიფანიძე მოსამართლეობაზე უარს არ იტყვის, გახარიას მისი შეცვლა მოუწევს.
პრემიერმინისტრობის კანდიდატმა, გიორგი გახარიამ ახალი მინისტრთა კაბინეტი ძველი სახეებით მეათე მოწვევის პარლამენტს გუშინ, 18 დეკემბერს წარუდგინა. მინისტრებს შორის შეცვლილი მხოლოდ იუსტიციის მინისტრია, რომლის ადგილსაც თეა წულუკიანის ყოფილი მოადგილე გოჩა ლორთქიფანიძე დაიკავებს. რაც შეეხება სტრუქტურულ ცვლილებებს – კულტურის და განათლების გაერთიანებული სამინისტრო კვლავ ორად გაიყოფა.
გიორგი გახარიამ სამთავრობო პროგრამას “ევროპული სახელმწიფოს მშენებლობისთვის” დაარქვა. საგარეო პოლიტიკაც, ეკონომიკაც, სახელწიფო მმართველობაცა და სოციალური პოლიტიკაც 47 გვერდში ჩაატია.
ოპოზიციის შეფასებით, გეგმაში არაფერი ახალი არაა, ეს მთავრობა არა მოქალაქეებზე, არამედ ბიძინა ივანიშვილზე იზრუნებს.
“სახელებს და გვარებს ქართული ოცნების პირობებში საერტოდ არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, იმიტომ, რომ პრემიერმინისტრიდან დაწყებული რიგითი ჩინოვნიკის ჩათვლით ამ ქვეყანაში არავინ არაფერს არ წყვეტს”, – ამბობს “ევროპული საქართველოს” წევრი, ირმა ნადირაშვილი.
პარლამენტმა მთავრობას ნდობა 24 დეკემბერს უნდა გამოუცხადოს, მანამდე ერთპარტიულ პარლამენტში მოსმენები გაიმართება.