ბრიტანულ ჟურნალ „სფექთეითორში“ (The Spectator) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით – „პუტინის პრეტორიანული გვარდიაც კი მის წინააღმდეგ გამოდის“ (ავტორი – მარკ გალეოთი), რომელშიც განხილულია რუსეთის პრეზიდენტისადმი დაქვემდებარებული „წმინდათა წმინდა“ სტრუქტურის – ეროვნული გვარდიის ჯარების („როსგვარდიის“) მდგომარეობა და „გვარდიელთა“ განწყობა.
გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:
„განა შეიძლება ვინმემ იფიქროს, რომ დაუნდობელი ავტოკრატი, რომელიც თვლის, რომ დასავლეთს მისი დამხობა ხალხის გამოსვლებით სურს, დარწმუნებული არ არის თავის გვერდით მყოფი პრეტორიანული გვარდიის ერთგულებაში? კრემლი ხომ დიდი ხანია მიიჩნევს, რომ დასავლეთს ჯერ რუსეთის იზოლირება სურს, შემდეგ კი მისი [დასავლურ ყაიდაზე] გარდაქმნა გარედან თავსმოხვეული „ფერადი რევოლუციის“ ან ქვეყნის შიგნით შეგზავნილი „ტროას ცხენის“ სტრატეგიით. კრემლის იდეა იმაში მდგომარეობს, რომ სახალხო რევოლუციები და ქუჩის პროტესტები მობილიზდება და ხელისუფლების წინააღმდეგ მიმართულ იარაღად „ბნელი დასავლური პოლიტიკური ტექნოლოგიებით“ გადაიქცევა, სამხედრო ძალა კი მხოლოდ უკიდურეს საშუალებად გამოიყენება.
ამ კონტექსტში გასაკვირი არ უნდა იყოს, რომ ვლადიმერ პუტინი წლობით ემზადებოდა ე.წ. „მეხუთე კოლონასთან“ საბრძოლველად. მზადების ერთ-ერთი გამოხატულება გახდა „როსგვარდიის“ ანუ ეროვნული გვარდიის შექმნა 2016 წელს, როცა 180 ათასი ადამიანი შინაგან საქმეთა სამინისტროს დაქვემდებარებიდან უსაფრთხოების სამსახურის დაქვემდებარებაში გადაიყვანეს და მას სათავეში გენერალი ვიქტორ ზოლოტოვი ჩაუყენეს, რომელსაც, ფაქტობრივად, ვერავინ ხედავს.
ვიქტორ ზოლოტოვი ვლადიმერ პუტინის ყოფილი მთავარი პირადი მცველი იყო და ბანდიტობით ცნობილ პიროვნებას წარმოადგენდა. როცა ოპოზიციურმა აქტივისტმა ალექსი ნავალნიმ ეროვნულ გვარდიაში („როსგვარდიაში“) კორუფციის ფაქტების გამომჟღავნება დაიწყო, ვიქტორ ზოლოტოვმა ვიდეორგოლი ჩაწერა, რომელშიც ალექსი ნავალნი დუელში გამოიწვია და დაემუქრა – „ფარშად გადაგაქცევო“. კაცმა რომ თქვას, ვიქტორ ზოლოტოვს „როსგვარდიის“ მიღმა არანაირი გავლენა და ძალაუფლება არ აქვს, არ ჰყავს მოკავშირეები (ჩეჩნეთის ლიდერის რამზან კადიროვის გარდა, რომელსაც კიდევ უფრო მეტი ბანდიტური გადახრები აქვს, ზოლოტოვთან შედარებით), მას არც პოლიტიკური კარიერა ელოდება, ვლადიმერ პუტინის გარეშე.
რუსეთის ეროვნული გვარდიის შემადგენლობაში შედის სწრაფი დანიშნულების სპეციალური რაზმი (СОБР), რომელიც, ფაქტობრივად, შინაგანი ჯარისა და „ომონის“ პარალელურ ქვედანაყოფს წარმოადგენს. სწორედ ის ითვლება ვლადიმერ პუტინის ხელისუფლების დასაყრდენად სახალხო პროტესტების დროს. შესაბამისად, „როსგვარდიელებს“ ბოლო დრომდე პატივს სცემდნენ და ანებივრებდნენ – მაღალი ხელფასები, განსაკუთრებული შეღავათები, დიდი ბიუჯეტი – ყველაფერს, რასაც კი ვიქტორ ზოლოტოვი ითხოვდა, დაუყონებლივ იღებდა.
მაგრამ უკრაინაში შეჭრამ ამ სიმბიოზზეც – „როსგვარდიაზეც“ მოახდენა ზეგავლენა. ვლადიმერ პუტინს წარმოდგენილი ჰქონდა, რომ უკრაინის მთავრობა პირველივე რყევის შედეგადაც დაინგრეოდა, ხოლო მის ნაცვლად მარიონეტულ რეჟიმს შექმნიდა. რუსეთის პრეზიდენტის აზრით, უკრაინელთა უმრავლესობა არსებული ხელისუფლების დამხობას მორჩილად შეხვდებოდა და მას მომხდარ ფაქტად აღიქვამდა. და მაინც, ალბათ, გამოჩნდებოდნენ ისეთი ადამიანებიც, რომლებიც მარიონეტულ რეჟიმს გააპროტესტებდნენ და ამიტომაც ეროვნული გვარდიის მნიშვნელოვანი ნაწილი, რუსეთის სხვადასხვა ოლქში შეკრებილი, შეჭრის ძალებში ჩართეს (ანუ უკრაინაში რეგულარულ არმიასთან ერთად შევიდა) ე.წ სპეცოპერაციის დროს საზოგადოებრივი წესრიგის დასაცავად.
რა თქმა უნდა, ვლადიმერ პუტინის გეგმა უკრაინის ხელისუფლების სწრაფ დამხობაზე არ გამართლდა და ამიტომ „როსგვარდიელები“ ომის წინა ხაზზე აღმოჩნდნენ: სამწუხაროდ, ისინი ამისათვის არც გაწრთვნილები იყვნენ და არც შეიარაღებულები. მათი დანაკარგები ისეთივე დრამატული აღმოჩნდა, როგორც რეგულარული ჯარისა. შესაბამისად, სოციალური ქსელები აჭრელდა საჩივრებით, რომ მათ კრემლი „საზარბაზნე ხორცად“ იყენებს.
ბუნებრივია, ამ ყველაფერმა რუსული საზოგადოების ყურადღება მიიპყრო, როცა კრასნოდარელმა თორმეტმა „როსგვარდიელმა“ უარი განაცხადა უკრაინაში გაგზავნაზე და სასამართლოში სარჩელი შეიტანა იმ საფუძველზე, რომ მათ მიერ დადებული კონტრაქტები, მათი თანხმობის გარეშე, რუსეთის საზღვრებს მიღმა გაგზავნას არ ითვალისწინებს.
„როსგვარდიასთან“ დაკავშირებით ყველაზე მოულოდნელი და საოცარი ფაქტი იყო ვიქტორ ზოლოტოვის მოადგილის – გენერალ რომან გავრილოვის დაპატიმრება, საწვავის დატაცებისა და საიდუმლო ინფორმაციის გამჟღავნების ბრალდებით. თვითონ ვიქტორ ზოლოტოვი, როგორც ჩანს, პრეზიდენტთან მისასვლელ გზებს ეძებდა, მასთან აუდიენციის მიზნით, რომ დაკავებული მოადგილე გაეთავისუფლებინა, მაგრამ, აშკარაა, რომ ვლდიმერ პუტინმა, რომელსაც არასასურველი შეხვედრებიდან თავის არიდების დიდი გამოცდილება აქვს, მასთან საუბარი არ მოისურვა.
მართალია, ჯერჯერობით ნაადრევია ე.წ. „სასახლის გადატრიალებაზე“ თუ სხვა მსგავს მოვლენაზე ლაპარაკი, რადგანაც კრემლის უშიშროების აპარატი, ჩვეულებრივად, შთანთქავს ხოლმე „განტევების ვაცებს“ და „მოღალატეებს“, მაგრამ აშკარაა, რომ რეჟიმს პრობლემები აქვს და ის რეპრესიებს მიმართავს.
ეროვნული გვარდია კრემლის წინა ხაზის დამცველი იქნება როგორც პოლიტიკური ელიტის „მანევრებისაგან“, ასევე – სახალხო პროტესტებისაგან. რა თქმა უნდა, კრემლისთვის გაკვეთილი იქნება მათი სიკვდილი უკრაინაში, მათი იმედგაცრუება და გაბოროტება. შესაბამისად, გვარდიის დანგრევა ვლადიმერ პუტინისათვის საკუთარი სტრუქტურის დანგრევის სტრატეგია იქნებოდა.
კვირის პალიტრა