საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ცნობით, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ევროპის რეგიონული ოფისის დირექტორმა ჰანს კლუგებ, სპეციალური ვიზიტისას საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია მეორეს სააღდგომო პერიოდში ვირუსის გავრცელების წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯებისთვის მადლობა გადაუხადა.
საპატრიარქოს პრესსამსახური აცხადებს, რომ კლუგემ საქართველოში გაზაფხულზე ვირუსის გავრცელების პრევენციისთვის გადადგმული ნაბიჯების ეფექტურობას და ამ პროცესში მართლმადიდებელი ეკლესიის წვლილს გაუსვა ხაზი.
“მინდა, თქვენს უწმინდესობას მივულოცო ის წარმატება, რომელსაც საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ მიაღწია გაზაფხულზე, აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულის დღეებში ეკლესიებში ვირუსის წინააღმდეგ პრევენციული ზომების მიღებისა და დაცვის შედეგად”, – განაცხადა კლუგემ საპატრიარქოს პრესსამსახურის ცნობით.
გაზაფხულზე კორონავირუსის პირველი ტალღის მიმდინარეობისას საქართველოს საპატრიარქოს გადაწყვეტილებები კრიტიკის ერთ-ერთი მთავარი საგანი იყო, მათ შორის, ქვეყნის წამყვანი ეპიდემიოლოგების მხრიდან, რომლებმაც, მოზომილი რიტორიკის მიუხედავად, არაერთხელ აღნიშნეს, რომ მრევლის ერთი კოვზით ზიარება ეპიდემიის გავრცელებას შეუწყობდა ხელს.
ეპიდემიოლოგების განცხადებების და სამეცნიერო მტკიცებულებების მიუხედავად, საქართველოს საპატრიარქომ არ შეწყვიტა მორწმუნეთა საერთო კოვზით ზიარება და საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების მიუხედავად, საჯარო ღვთისმსახურებები განაგრძო.
საპატრიარქოს ეს გადაწყვეტილება არ დაემთხვა სხვა მართლმადიდებელი ეკლესიების, ისევე როგორც საქართველოში არსებული რელიგიური ჯგუფების გადაწყვეტილებას, რომლებმაც მსახურება დისტანციურად განაგრძეს.
საპატრიარქოს გადაწყვეტილება კრიტიკის საგანი გახდა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ეგზარქიებში მოღვაწე მღვდელმთავრებისთვისაც. არაერთი ეგზარქიის მღვდელმთავარმა საპატრიარქოს ეპიდემიის გავრცელების ხელშეწყობაში დასდო ბრალი.
ამას გარდა, სასულიერო პირთა ნაწილი ქადაგებისას მრევლს უმტკიცებდა, რომ კორონავირუსი არ არსებობს, მათი ნაწილი კი ვაქცინის შემოღების შემდეგ საჯაროდ ამბობდა, რომ ვირუსის საწინააღმდეგო აცრას არ გაიკეთებდა.
მიუხედავად ამისა, საპატრიარქოს პრესსამსახურის ცნობით, ჰანს კლუგემ იმედი გამოთქვა, რომ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია კვლავ “თანმიმდევრულად” განაგრძობს ჯანმოს რეკომენდაციების გათვალისწინებას და დაცვას.
“იმედი გვაქვს, რომ ეკლესია შემდგომშიც თანმიმდევრულად იმოქმედებს ყველა იმ რეკომენდაციების დასაცავად, რომელსაც ჯანდაცვის ორგანიზაციები გასცემენ“, – განუცხადა კლუგემ პატრიარქს პრესსამსახურის ცნობით.
მთავრობის გადაწყვეტილებით გადაადგილების შეზღუდვა 7 იანვრის შობის ღამეს მოიხსნება. ამ დღეს მორწმუნეებს ეკლესიებში საშობაო ლიტურგიაზე დასწრების შესაძლებლობა მიეცემათ. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია საშობაო ლიტურგიასაც მორწმუნეთა დასწრებით აღასრულებს, ხოლო მრევლს კვლავ საერთო კოვზით აზიარებენ.