მთხრობელი მერი ჭანუყვაძე – 84 წლის.
”გურია ცნობილი იყო თხილის განსაკუთრებული ჯიშებით; ჩვენს ოჯახში ცალკე იყო სასუნელე თხილი, რომელის მოფრთხილება და შენახვა გადარჩეული მარცვლების სასუნელედ – ტრადიციულად გადაეცემოდა თაობიდან თაობას;
კიდევ იყო ცალკე საჯანჯუხე თხილი- რომელიც ასევე განსაკუთრებულად ინახებოდა; ეს იყო თხილი -“ხაჩაპურა” დიდი და – უჩვეულოდ ბრტყელი ფორმის გამო ეძახიან ასე;
სასუფრედ – „სტუმრიზა ოტკასთან ერთად“ გამოსატანად „ჩხიკვისთავას“ მოიხმარდნენ- პატარა ზომის მაგრამ გატკიპირებელი გულით; ან „ცხენის ძუძუას“ – მოგრძო ფორმისააა;
სუნელისთვის შენც იცი ფილში ჩანაყულს იყენებდნენ; მაგრამ ცალკე ამბავია თხილიანი საცივი – ამისათვის საუკეთესო სასუნელე თხილს წინასწარ დაარჩევდნენ, მოხალავდნენ ოდნავ-აუცილებლად თეთრი , ფითქინა უნდა ყოფილიყო- არავითარ შემთხვევში ვარდისფერი არ უნდა გადაკრავდეს; ეგეთებს ფხალეულისთვის გადადებდნენ;
მერე იწყებდნენ სპეციალურ ლითონის ბადე საცერზე გატარებას – დაფქვას; „პიპკად“- ასე იტყვიან.
მერე ამ პიპკად დაფქვილ თხილს უმატებდნენ ოდნავ თეთრ ძმარს და მარილს და იწყებდნენ მოზელას.
პერიოდულად მოაშეშხებდნენ თბილ წყალს და ზელდნენ ენერგიულად – ასე გამოჰყავდათ თხილის ზეთი;
ზეთს რომ შეიყენებდა ანუ ურწყულს- იმას ცალკე შეინახავდნენ. მერე უმატებდნენ ნიორს, ხმელ ქინძს, უცხო სუნელს და საოცარ გუნდას ფრთხილი გორებ-გორებით ხსნიდნენ კამკამა შემთბარ ქათმის ან ინდაურის ბულიონში ან თბილ წყალში.
ეს მასა უნდა ყიფილიყო ქათქათა- ამიტომ ყვითელ ყვავილს არ უკეთებდნენ და არც წითელ წიწაკას- წიწაკის მარცვლებს გამოკრავდნენ დოლბანდში და ჩაკიდებდნენ ცოტა ხნით – არომატისთვის და სიცხარისთვის- და მერე წამოხარშავდნენ.
ეს იყო ჩემი სოფლის დიდ სუფრების განსაკუთრებული საცივი, რომელიც თავი ქალებიდან თაობიდან თაობას გადაეცემოდა…
ჰო კიდე- ეს სასუნელე თხილი იყო განსაკუთრებული – სასუსნელე თხილს ადვილად ცილდებოდა კანი; ყველას არ ქონდა, ამიტომ ვისაც არ ქონდა ყიდულობდა, ან
ან გაუცვლიდა ხოლმე სხვას; სასუნელე თხილს ინახავდნენ საგულდაგულოდ!
შეუძლება ითქვას რაღაც საკრალური დატვირთვით- ამ თხილის ხლება არ შეიძლებოდა სხვა მიზნით
როგორც გითხარი- საჯანჯუხე და სასუფრე კიდევ სხვა იყო.
ვინმეზე რომ იტყოდნენ – ისე გუუჭირდა მაგენს, სასუნელე თხილი გაყიდაო! ფაქტობრივად ეს იყო დაქცევა და გაპარტახება
ანუ ძალიან სერიოზული მიზეზი უნდა ქონოდა ადამიანს სასუნელე თხილი რომ გაეყიდა.”
ესმა კუნჭულია.