ვისაც წასვლა უნდა წავიდეს, პაპუაშვილს თუ არ ჩაეხუტნენ, ისე ვერ წავა დელეგაცია?! – ჩემი აზრით, შეიძლება პაპუაშვილს ზელენსკი არ შეხვდეს, გააკეთოს მეორე დელეგაციამ ისე, რომ ზელენსკისთან მოაწყოს შეხვედრა, – ამის შესახებ პოლიტოლოგმა გია ხუხაშვილმა “პალიტრანიუსის“ გადაცემა “ნიუსრუმში“ განაცხადა.
როგორც გია ხუხაშვილი განმარტავს, უკრაინაში წასვლასთან დაკავშირებული კინკლაობა და ვაჭრობა ძალიან მძიმე საყურებელია.
“ნანახი ხომ გაქვთ “ცისფერი მთები” ორი სათაურის შესახებ, დაახლოებით იგივე სიუჟეტი ვითარდება ქართულ პოლიტიკაში. წუხანდელ პოლემიკას რეალურ პოლიტიკასთან და სახელმწიფოებრივ აზროვნებასთან შეხება არ აქვს. როგორც აჯობებს ისე გადაწყვიტონ ორი დელეგაციით წავლენ, თუ ერთით. ეს პოლიტიკური ტაქტიკის ნაწილია. როდესაც მეგობარი ქვეყანა ომშია და საუბარია ამ ქვეყანაში ვიზიტზე, ამაზე პოლემიკის ატეხა ღრმად არასერიოზულია. ჩვენი პოლიტიკური ელიტა უკრაინაში წასვლასაც კი ვიწრო შიდაპოლიტიკური კინკლაობის პრიზმაში უყურებს. ეს არის მთავარი უბედურება. საერთოდ, რა წამოსაწყები იყო ეს საუბარი?! კარგია, რომ პარლამენტის თავმჯდომარე მიდის, გამოჯანმრთელდა, ლიფტიც ამუშავდა და ყველაფერი მოხდა. ვისაც წასვლა უნდა წავიდეს, რა, რა მნიშვნელობა აქვს მაინცდამაინც პაპუაშვილს თუ არ ჩაეხუტნენ, ისე ვერ წავა დელეგაცია?! თუ უნდათ შიდა პოლიტიკურ ჭრილში უპირატესობა მიიღონ, გააკეთონ უფრო მასშტაბური დელეგაცია, უკეთესი პროტოკოლით.
ამასთან, ხუხაშვილი აცხადებს, რომ დელეგაციასთან დაკავშირებული ვაჭრობით ოპოზიციამ თავისი საქმე გაიფუჭა, რადგან პოლემიკაში არ უნდა შესულიყვნენ. მისივე თქმით, ოპოზიციას უნდა ეთქვა, რომ უკრაინაში წავიდოდა ყველა, ან არავინ.
“თუ ჩვენ შიდაპოლიტიკურ პრიზმაში ვსაუბრობთ, იმაზე კი არ უნდა ივაჭრონ, პაპუაშვილს მაინცდამაინც თვითმფრინავში ჩაეხუტონ, უნდა ივაჭრონ, რომ მათი დელეგაციის ვიზიტი უფრო ეფექტური იყოს, ვიდრე პაპუაშვილის ჩასვლა. პაპუაშვილი ქართულ პოლიტიკაში არანაირ ფიგურას არ წარმოადგენს. ამ ვაჭრობით ოპოზიციამ თავისი საქმე გაიფუჭა, არ უნდა შესულიყვნენ ამ პოლემიკაში. ამას პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტი არ ჰქვია? როგორც უნდოდათ ისე დაეკომპლექტებინათ დელეგაცია, თქვენ რატომ ეტენებით? რაც უნდათ, ის გააკეთოს. ადექით და უფრო მეტი იმუშავეთ უკრაინაში, ტელევიზიებში მიდით, აჩვენეთ კონტრასტი ქართულ და უკრაინულ საზოგადოებას.
ვინც უნდა ის ჩაწეროს პაპუაშვილმა დელეგაციაში. მისივე პრობლემა იქნება თუ ოპოზიციას არ ჩაწერს. ოპოზიციას ეთქვა, რომ ან ყველა მოვდივართ, ან არავინ. წადი შენ მდინარაძესთან ერთად, თავი დაგვანებე“,- აღნიშნავს ხუხაშვილი.
როგორც გია ხუხაშვილი განმარტავს, მმართველ გუნდს თავდაპირველად უკრაინაში წასვლა არ უნდოდა, რისთვისაც საბაბს ეძებდნენ, პაპუაშვილის უკრაინაში წასვლა კი მმართველი გუნდის მიერ არჩეულ პოლიტიკას ეწინააღმდეგება.
“სრულიად ცხადია, რომ ხელისუფლების მთელი პროპაგანდა აგებული იყო რუსეთის არგაღიზიანებაზე. ხელისუფლებას პოლიტიკური გადაწყვეტილება აქვს მიღებული, რომ არ გადადგან ისეთი ნაბიჯი, რაც თეორიულადაც კი რისკის შემცველია რუსეთის გაღიზიანებისთვის. ამ ტიპის ვიზიტიც ამ რისკის შემცველი იყო. ისინი ეძებდნენ საბაბს, რა საბაბითაც არ უნდა წასულიყვნენ უკრაინაში. ჩემი აზრით, ამ ორ დღეში დაინახეს, რომ ეს პარტია წააგეს. პოლიტიკა, რომ ვიძახოთ პროდასავლელები ვართ და მეორე მხრივ, თვალი ვუპაჭუნოთ რუსეთს, ეს ე.წ. ბალანსების პოლიტიკა არ გამოდის. შეიძლება, გაფრთხილებულები იყვნენ რუსებზე, რომ ფეხებში არ გაბლანდოდნენ, შესაბამისად ამ პირობას ასრულებდნენ. ამ პოლიტიკას მიჰყვებოდნენ. აღარ გამოდის ასე ბალანსირება. მიიღეს რამდენიმე ალიყური სახელმწიფო დეპარტამენტის დასკვნის სახით, იქ ევროპარლამენტის საკმაოდ მწვავე განცხადება იყო. მათი დღევანდელი ნაბიჯი იძულებითი ნაბიჯია. პაპუაშვილის წასვლა მათ მიერ არჩეულ პოლიტიკას ეწინააღმდეგება. ადამიანმა ორი სხვადასხვა მიზეზი დაასახელა, ერთი მხრივ ავად იყო, მეორე მხრივ გაბუტულიც ყოფილა. როდესაც ერთ მიზეზს ასახელებ, იმის დაჯერება შეიძლება, როდესაც ორ სხვადასხვა მიზეზს ასახელებ, ე.ი. საბაბს ეძებ, რატომ არ წახვიდე. ავადმყოფობით გაამყარა ხელისუფლების გაბუტვა “,- აღნიშნავს ხუხაშვილი.
მან პრემიერზე, ირაკლი ღარიბაშვილზეც ისაუბრა. როგორც ხუხაშვილი განმარტავს, პრემიერს “ერთი დიდი წითელი ტელეფონი უდგას მაგიდაზე, ცალმხრივი კავშირით“, ელოდება თუ როდის დაურეკავს მას “ქართული ოცნების“ დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი.
“რა ქნას პაპუაშვილმა, სანამ ბიძინასგან არ მიიღო ნებართვა, ვერ გადადგა ნაბიჯი. საკუთარი პოლიტიკური ნება არ აქვთ ამ ადამიანებს. ქართული ხელისუფლების საჭადრაკო დაფაზე არის ერთი მეფე, დანარჩენი ყველა პაიკია. პოლიტიკური ფიგურები არ არსებობენ. ეს ხომ ყველამ იცის. ადამიანი გვყავს, რომლის კაბინეტზე აწერია პრემიერი და ჩემზე კარგად არავინ იცის რა ნაბიჯის გადამდგმელია ნებართვის გარეშე, არცერთის! ერთი დიდი წითელი ტელეფონი უდგას მაგიდაზე, ცალმხრივი კავშირით, თვითონ ვერ ურეკავს, ელოდება როდის დარეკავს ის და რა ინსტრუქციას მისცემს. ჩემი იქ ყოფნის დროს, ღარიბაშვილი პოლიტიკურ მაგიდასთან არ იჯდა. თავის საქმეებზე დაარბენინებდა, სადაც პოლიტიკაზე ვსაუბრობდით და გადაწყვეტილებას ვიღებდით, იქ ღარიბაშვილი არ იჯდა. არც კალაძე, ახლა დიდი პოლიტიკოსები რომ გახდნენ. ღარიბაშვილი მისთვის ახალი კადრი არ იყო. წლების განმავლობაში მუშაობდა ბიძინა ივანიშვილთან, სავსებით კონკრეტული წარმოდგენა ჰქონდა მასთან დაკავშირებით. ღარიბაშვილი ვერ შესთავაზებდა თავისი გახსნილი ინტელექტუალური შესაძლებლობებით სიურპრიზს“,- აღნიშნავს ხუხაშვილი.
ipn