“კადიროვის ახალი ეტაპი უკრაინის სასაკლაოზე”, – ასე ეხმიანებიან ინტერნეტმომხმარებლები ჩეჩნეთიდან კიდევ ერთი “მოხალისეთა” ჯგუფი წასვლას. ახალი ნაკადის წასვლის შესახებ ჩეჩნეთის ლიდერმა, რამზან კადიროვმა განაცხადა.
“კადიროველების” “ტიკ-ტოკ” ანგარიშებზე გამოქვეყნებული ვიდეოები, მათ შორის, რამზანის მონაწილეობით, რომლებიც ხშირ შემთხვევაში, არასაბრძოლო პირობებშია გადაღებული, უკრაინაში ომის დაწყების დღიდან იპყრობს ინტერნეტ-სივრცეს.
მოსახლეობისთვის თვალის ასახვევად, ძალისხმევას არ იშურებენ და ხან ცარიელი შენობის შტურმით ასაღებად ემზადებიან და ხან კი, “ორმხრივი სროლების” ვიდეოებს იღებენ, სადაც ისიც ჩანს, რომ ზოგ შემთხვევაში იარაღსაც ვერ ფლობენ.
უკრაინის მხარეს იბრძვიან ის ჩეჩნები, რომელთაც ჩეჩნეთის მეორე ომის დროს, უდიდესი დანაკარგი ნახეს, საბოლოოდ კი, რესპუბლიკის დატოვება მოუწიათ. მათ კრემლი და პუტინის ფავორიტი კადიროვი, “სეპარატისტებს” უწოდებენ. ისინი წლების განმავლობაში უკრაინას თავდაცვაში ეხმარებოდნენ. ბრიტანეთში მცხოვრები ერთ-ერთი ჩეჩენი ლიდერის, აჰმედ ზაკაევის თანახმად, უკრაინაში ჩეჩენი მებრძოლები 2014 წლიდან იმყოფებიან და უკრაინის დონბასის რეგიონში, რუსულ ძალებს და რუსეთის მიერ მხარდაჭერილ სეპარატისტებს უწევდნენ წინააღმდეგობას.
პუტინის მიერ დანიშნული ჩეჩნეთის ლიდერი რამზან კადიროვი მათ “მოღალატეებს” უწოდებს და ემუქრება, რომ უკრაინაში მყოფი მისი ძალები დახოცავენ და მათი ოჯახის წევრებს გაუსწორდებიან. მისივე თქმით, “თავისი მოვალეობის შესრულებისას სიკვდილი ყველა მუსულმანისთვის დიდი პატივია. ყველა მათგანმა სრული მომზადება გაიარა გუდერმესში, რუსეთის სპეცრაზმის უნივერსიტეტში, სადაც მათ პროფესიონალი ინსტრუქტორები საბრძოლო ხელოვნებას ასწავლიდნენ”, – თქვა კადიროვმა კიდევ ერთი დანაყოფის უკრაინაში გამომგზავრების წინ. ამის შესახებ ინფორმაციას, kavkaz-uzel.eu ავრცელებს.
თუმცა kavkazr.com-ის ცნობით, “კადიროველების” ფუნქცია უკრაინაში მხოლოდ მშვიდობიანი მოსახლეობის შეშინება, დაწიოკება და ძარცვაა და სწორედ “ამ საქმის შესრულებისას” იხოცებიან. 23 აპრილს კიდევ ერთი ნაკადის უკრაინაში გაშვებას სოციალურ ქსელებში ეხმაურებიან.
“ბიჭები თვითდაზიანებებს იყენებენ, რომ ამ შეშლილის დავალებას თავი აარიდონ. ზოგს ფეხი აქვს მოტეხილი, ზოგს იარაღი გაუვარდა. ყველამ ვიცით რა საზღაური მიიღეს სიცოცხლის ფასად, უკრაინის ომში დაღუპულთა ოჯახებმა, ბინის, ან სამი მილიონი რუბლის ნაცვლად, ზეთი და მაკარონი მიიღეს… ხელმძღვანელ პირებზე მყოფებს დავალება აქვთ, ნებისმიერ დროს მოუყარონ თავი მოხალისეთა ჯგუფს, თორემ იციან ძვირად დაუჯდებათ”, – წერს ინტენერტმომხარებელი “ჰასან ბელი” სოციალურ ქსელში.
“პუტინს შეჰპირდა, ძალიან მალე ყველაფერი ისე იქნება, როგორც თქვენ გინდათო, მაგრამ ჯერჯერობით ასე არაა. ჩვენი ბიჭები კი, იქ საზარბაზნე ხორცად მიჰყავთ, ვინც ჩეჩნეთის მეორე ომს გადაურჩა, ახლა უნდა გამოხშირონ, თორემ ხომ შეიძლება, ვიღაცას კადიროვის ხუშტურების შესრულება არ მოუნდეს და დისკომფორტი შეექმნას?!”, – წერს “ამინა საფარი”.
“ვითომ სამხედრო მომზადების კურსს გადიან და სინამდვილეში ლომის ხახაში, გამოუცდელ ბიჭებს უშვებენ. რა თქმა უნდა, ხმას ვერავინ იღებს, ამის გაკრიტიკებსაც ვერ ვბედავთ, რომ “კადიროვცები” კვალში არ ჩაგვიდგდნენ. ამას წინათ, ერთ ოჯახში ერთდროულად ორი ბიჭი ჩამოასვენეს, თუთიის კუბოთი, ნაფლეთებად ქცეული. ასე ჩუმად, პროტესტის გარეშე სხვის ომში ვიხოცებით, სრულიად უაზროდ”, – წერს “კარიე-ჰარბერი.”
“მაგრამ ვნახავთ, ღმერთი ვის მხარეს დადგება… 200 ადამიანი გაუშვეს, მათი უმეტესობა ჩეჩენია. უმარი, რომელიც მზად იყო “აჰმად-ჰაჯის” გზაზე მომკვდარიყო, ასევე, მუფტის გავლენის ქვეშ მყოფი, ან კადიროვის ერთგულების დასამტკიცებლად რიგში მდგომი ადამიანების სია დამთავრდა, ამიტომ ხალხი სხვა რეგიონებიდან მოჰყავთ. პირველ დანაკარგებზე უკვე საუბრობს “წამების საწინააღმდეგო კომიტეტის” წარმომადგენელი აბუბაქარ იანგულბაევი, რომლის თქმითაც, 30 ადამიანზე მეტი ამოცნობილია, დანარჩენის ინდენტიფიკაცია მიმდინარეობს. ხალხი ცდილობს რუკა მოიპოვონ, რათა ამის მიხედვით სხვადასხვა ადგილებში დაკარგული ოჯახის წევრების შესახებ რაიმე გაიგონ. კადიროვი კი, მხოლოდ ორი ადამიანის დაღუპვას აღიარებს”, – წერს ერთ-ერთი ინტერნეტმომხმარებელი.
ambebi.ge