პოლიტიკური პატიმრობის მესამე დღეს, ნიკა გვარამიას საპატიმროში თანაპარტიელებისა და ადვოკატების შემდეგ, დეპუტატი არმაზ ახვლედიანი მოინახულებს.
ახვლედიანი ამბობს, რომ “მთავარი არხის” დამფუძნებლის პატიმრობაში ყოფნა უმძიმესი ფაქტია როგორც ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის, ისე ევროინტეგრაციის გზაზე.
“ეს არ არის უბრალოდ ემოციური შეხვედრა შეხვედრისთვის. როცა ნიკა გვარამია თავად ასეთი შემართებით იბრძვის უკუღმართობის წინააღმდეგ, მას ამ ვითარებაში სჭირდება არა მხოლოდ ადამიანურად გამხნევება, არამედ კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა და გააზრება იმისათვის, რომ ნიკა გვარამია გათავისუფლდეს ამ უკანონო ტყვეობისგან ერთი მხრივ, მაგრამ მეორე, გავთავისუფლდეთ ჩვენ ყველა ამ უკანონობისგან. უკან დასახევი გზა, ჩემი აზრით, აღარავის გვაქვს”, – თქვა არმაზ ახვლედიანმა.
ცნობისთვის, 16 მაისს, მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ “მთავარი არხის” გენერალურ დირექტორს, ნიკა გვარამიას 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა. ნიკა გვარამია სასამართლო დარბაზშივე დააკავეს. “რუსთავი 2-ის” საქმეზე ბრალდებული ზურაბ იაშვილი მოსამართლემ გაამართლა, კახა დამენიას კი 50 000 ლარიანი ჯარიმა დაეკისრა უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისთვის.