ახლახან თბილისში კიდევ ერთი ლანჩხუთური ფესვების მქონე, თვალსაჩინოდ ცნობილი მეცნიერი, სულხორციელად მშვენიერი ქალბატონი მერი ვასილის ასული მშვიდობაძე გარდაიცვალა. მერი მშვიდობაძე დაიბადა 1930 წლის 23 დეკემბერს. დაამთავრა ლანჩხუთის 1 საშუალო სკოლა ოქროს მედალზე, რის შემდეგაც უგამოცდოდ ჩაირიცხა თბილისის სახ.სამედიცინო უნივერსიტეტში, რომელიც ასევე წარჩინებით, წითელ დიპლომზე დაამთავრა. დაიცვა საკანდიდატო და სადოქტორო დისერტაციები. იყო მედიცინის მეცნიერებათა აკადემიკოსი, პროფესორი. წლების მანძილზე მუშაობდა ოთარ ღუდუშაურთან ერთად წამყვან ქირურგ-ორთოპედად ტრავმატოლოგიურ კლინიკაში და იყო პირველი ქალი ექიმი-ვერტებროლოგი საქართველოში. არის უამრავი სამედიცინო სტატიის, ნაშრომისა და მონოგრაფიის ავტორი. მონაწილეობას იღებდა არაერთ სიმპოზიუმსა და კონფერენციაში, როგორც სსრკ ასევე საერთაშორისო მასშტაბით. მისი ნაშრომების ნაწილი შეტანილია ნიუ იორკის ნაციონალური ბიბლიოთეკის კატალოგში. იყო ორთოპედთა და ტრავმატოლოგთა მსოფლიო ასოციაციის წევრი, არჩეული იყო მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსად და აკადემიის გამგეობის მდივნად. მისი სახელი შეტანილია სამეცნიერო ენციკლოპედიაში ,,ვინ ვინაა თანამედროვე მედიცინაში“.
მიუხედავად პირადი ტრაგედიისა, მთელი შეგნებული ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილი უდიდეს ტკივილს ატარებდა, ის ბოლომდე დაიხარჯა, მერი მშვიდობაძემ ქვეყანას ათასობით შესანიშნავი მედიკოსი აღუზარდა. ქალბატონი მერის მოუშუშებელ იარას უფროსი ვაჟიშვილი ირაკლი ერქვა. ყველაზე ცუდი ახალგაზრდა მრავალმხრივი ნიჭით დაჯილდოებული ვაჟკაცის მოულოდნელ გარდაცვალებაში მაინც ის მომენტი გახლდათ, რომ მას შთამომავლობა არ დაუტოვებია. არადა ირაკლი მგელაძის უშვილძიროდ გადაშენება მერი მშვიდობაძის ოჯახის გარდა, სრულიად საქართველოს დანაკლისი გახლდათ. იმ ირაკლი მგელაძეზეა საუბარი, რომელიც ქვეყანაში ეროვნული მოძრაობის აზვირთებისთანავე, რომ იმთავითვე სწორი მამულიშვილური პოზიცია დაიჭირა. ირაკლი საქართველოს პირველი პრეზიდენტის, საქართველოს ეროვნული გმირის, ზვიად გამსახურდიას ერთ-ერთი უერთგულესი თანამებრძოლი გახლდათ. ეროვნული გვარდიის ერთგული ჯარისკაცი ყველგან იყო სადაც სამშობლოს სჭირდებოდა, აფხაზეთსა და ისტორიულ სამაჩაბლოში… ირაკლი სახელოვანი დედის მსგავსად, პოეზიის ნიჭით იყო დაჯილდოებული. მისი ყოველი ლექსის თითოეული სტრიქონი სათაყვანებელ სამშობლოს ეძღვნებოდა. და კიდევ ერთი მტკივნეული მომენტი, რომელიც საქართველოს ერთგული ჯარისკაცის უდროოდ გარდაცვალებას, რომ ამძაფრებს. ირაკლის გამზრდელი ბებია, ქალბატონი მერის დედა, საშა მშვიდობაძე, დამსახურებული პედაგოგი ისე წავიდა ამ ქვეყნიდან, რომ გამორჩეულად საყვარელი, მისი ნაამაგარი ირაკლის სიკვდილის შესახებ არაფერი არ იცოდა. რადგანაც მერი მშვიდობაძის მშობლებზე სიტყვა ბუნებრივად ჩამოვარდა, გვინდა აღვნიშნოთ შემდეგი, ქალბატონი მერის მამა ვასილ მშვიდობაძე სწავლული აგრონომი, სოციალისტური შრომის გმირი იყო. ქალბატონ მერის ლამაზი და ტრადიციული ოჯახი ჰქონდა, მისი მეუღლე აწ გარდაცვლილი ვახტანგ მგელაძე დასავლეთ საქართველოს სატყეო მეურნეობის სამმართველოს უფროსი გახლდათ. უმცროსი ვაჟიშვილი პაატა მგელაძე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის თანამშრომელია.
გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას რომ მერი მშვიდობაძის რანგის მეცნიერები, არა მარტო ქვეყნისათვის, არამედ მსოფლიო მასშტაბით თითზე ჩამოსათვლელია. ამ ყველაფრის გათვალისწინებით ქალბატონი მერის გარდაცვალება ოჯახთან ერთად, მშობლიური რაიონისათვის ტკივილთან ერთად დიდი სიამაყეცაა…
ლალი ლომაძე