ფოთის სამხრეთით გურიის პირველი ნავმისადგომი გახლდათ გრიგოლეთი. ის რომ ეს ადგილი ნამდვილად გამოიყენებოდა ნავსადგურად დასტურდება XIV-XV საუკუნის რუკებით, რომლებზეც გრიგოლეთი აღნიშნულია – San / Gioigi, Sco Giorgi და grigolet.
.
გრიგოლეთ-მალთაყვას რაიონში საზღვაო ნავმისადგომის არსებობაზე წერს შაფრანოვი – „ვიწრო ნახევარკუნძული მალთაყვის ზღვაში გასასვლელად ხელოვნურად გათხრას ადასტურების მალთაყვაში მოლის (არამგონია დასახელება ტყულილად ემთხვეოდეს ერთმანეთს, მოლი – ზღვის ტალღებისგან პორტის დასაცავი კედელი) არსებობა, რომელიც ამ დროისათვის ტორფითაა დაფარული. ქვებისაგან აგებული ეს ნაგებობა მდებარეობს 3/4 ვერსტზე ვიწრო ნახევარკუნძულიდან, რომელიც გამოყოფს ჭაობს ზღვისაგან. 8.5 არშინის სიღმიდან წლის ზედაპირამდე ჩანს ამ მოლის ნაწილი ერთი კვადრატული არშინის სიდიდისა, მაგრამ 1-2 არშინზე წყლისა და ტორფის სიღრმეში დასავლეთიდან აღმოსავლეთის მიმართულებით შესაძლებელია შეგროვებული ქვების ნახვა 30 საჟენის სიგრძეზე, რომლის სიგანე არის 5 საჟენი.“
.
წმინდა ნიკოლოზის ფორტი – უფრო სამხრეთით მდინარე ნატანების შესართავთან მდებარეობდა შეკვეთილის ნავმისადგომი, რომელიც თამაზ ბერაძის მხედვით (Мореплавание и морская торговля в средневековой Грузии) დასავლეთ საქართველოს რუკაზე ჩნდება 1737 წელს. იგივე ადგილზე ნავმისადგომის და სიმაგრის აშენება დოკუმენტებით დასტურდება მე-19 საუკუნის დასაწყისში, რა დროსაც ამ ადგილს ეწოდა – წმინდა ნიკოლოზის ფორტი, ფორტს ნიკოლოზ პირველის დროს ეძახდნენ – ნიკოლაევსკს;
.
ნიკოლოზ დუნკელ ველინგი, რომელმაც მოინახულა ეს ადგილი 1850 წელს წერს – „ამ დროისათვის ნიკოლაევსკი წარმოადგენდა არაფერ სხვას თუ არა ქვიშის ბორცვს, რომელზეც დგას საბაჟო ზასტავა, კარანტინი, პროვიანტის მაღაზია და ყაზარმა 30 ჯარისკაცზე, დარაჯებისათვის.“ მისივე ცნობით 1810 წელს რუსებმა გურიაში, კერძოდ შეკვეთილში მდინარე ნატანების შესართავში გადმოსხეს ბელევსკის ფეხოსანთა პოლკი, პოლკმა აქვე მოაწყო ყაზარმა, აშენდა რამდენიმე ქოხი, თავდაცვის მიზნით მოაწყო თავდაცვითი თხრილები და მიწაყრილები. ბელევსკის პოლკის შემადგენლობაში შედიოდა წმინდა ნიკოლოზის სახელობის სალაშქრო ეკლესია, რომლის საპატივცემულოდ რუსებმა ამ ადგილს უწოდეს წმინდა ნიკოლოზის პოსტი.
.
ამ პორტის მეშვეობით გურიიდან ძირითადად გაჰქონდათ სიმინდი და დიდი რაოდენობით ბზის და ურთხელის მერქანი.
.
ქობულეთი – 1658 წელს საქართველოს ეწვია იერუსალიმის პატრიარქი პაისი, რომელსაც თან ახლდა დიაკონი დოსიფეოსი, რომელიც შემდეგში იერუსალიმის პარტიარქი გახდა. დოსიფეოსმა აღწერა იერუსალიმის პატრიარქის მოგზაურობა, აქვე აღერილი აქვს გურიაში მოგზაურობაც – დიდმარხვაში გაიხსნა ნავიგაცია და ჩვენც ჩავჯექით ივერიულ გემში და მდინარე ხობით დავეშვით ზღვისაკენ და მივაღწიეთ ფაზისამდე, რომელსაც ივერიელები რიონს უწოდებენ… ფაზისიდან ჩავედით გურიის ნავმისადგომ ქობულეთში, საიდანაც ავყევით მდინარეს ზემოთ ორი საათის სავალზე, რის შემდეგაც 1659 წლის 22 მარტს მივედით ტაძართან და გურიის მთავრის სახლთან.“
.
ქობულეთის ნავმისადგომი და მასთან არსებული ბაზარი ბოლო წლებში ძირითადად მონებით ვაჭრობის ერთერთი უდიდესი ცენტრი გახლდათ. ქობულეთში ყოფნისად დონ კრისტოფორო დე კასტელის ალბომში ერთ ნახატს აქვს მინაწერი – „ბავშვებით დატვირთული ხომალდი მიდის ჯოჯოხეთში“. ზაქარია ჭიჭინაძის გადმოცემით გურიიდან ყოველწლიურად 10-12 ათასამდე ბავშვი იყოდებოდა.
.
თუმცა ქობულეთის და ბათუმის ნავსადგურების დანიშნულება უფრო ადრე სულ სხვა გახლდათ. მაშინდელი გურიის ამ პორტებიდან გაჰქონდათ აღმოსავლეთ საქართველოს და დღევანდელი აზერბაიჯანის ტერიტორიაზე არსებულ ქალაქებსა და სახანოებში დამზადებული აბრეშუმი.
.
გიულდენშტატის ცნობით 1772 წლის მდგომარეობით გურიის სამფლობელოში შედიოდა შავი ზღვის სანაპირო ქობულეთისა და ციხისძირის ჩათვლით. საბოლაოდ ქობულეთზე კონტროლი გურიელებმა დაკარგეს ქუჩუკ-კაინარჯის ზავის დადების შემდეგ (1774 წელი).
.
ბათომი – თამაზ ბერაძის მხედვით (Мореплавание и морская торговля в средневековой Грузии) ბათომის პირველი ნავსადგური აშენებული იყო მდინარე ყოროლისწყლის შესართავთან, იქვე იდგა გურიელების ციხესიმაგრე. ბათუმის პორტი გურიელების შემოსავლის ძირითადი წყარო გახლდათ, ამ პორტიდან ისევე როგორც ქობულეთიდან ევროპაში გაჰქონდათ დღევანდელი აზერბაიჯანის ტერიტორიაზე დამზადებული აბრეშუმი და სხვადასხვა ნაწარმი. აზერბაიჯანის ქალაქ/სახანოები (გილიანი, შექი, განჯა, შუშა, რუმი და ა.შ.) აბრეშუმის მრეწველობის მნიშვნელოვანი კერა გახლდათ, აქვე ამზადებდნენ მაღალი ხარისხის შუშის, ლითონისა და სხვა სახის ნაწარმს. აზერბაიჯანიდან (ახალციხის გავლით) ბათუმის ნავმისადგომამდე არსებულ ძველ გზას ნამდვილად შეიძლება ეწოდოს აბრეშუმის გზა. სწორედ ამ გზით მე-13-15 საუკუნეებში გადიოდა არამარტო აზერბაიჯანის არამედ აღმოსავლეთ ირანის საქონელიც. სწორედ ამ გზისთვის და პორტებისათვის იბრძოდნენ გურიელები ოსმალეთის იმპერიას 200 წელი;
.
ბათუმის ნავმისადგომის ხელში ჩასაგდებად ასევე იბრძოდა სამცხი ათაბაგებიც, ათაბაგმა ყვარყვარემ მე-15 საუკუნეში ხელში ჩაიგდო ბათუმი და მართავდა 10 წლის განმავლობაში.
.
1614 წლის შედეგ, თურქებმა დაანგრიეს გურიელების ციხე და ნავმისადგომი მდინარე ყოროლისწყალზე და ნავმისადგომი გადაიტანეს სამხრეთით.
.
ნახატზე: ქობულეთის ნავსადგური მე-18 საუკუნის ბოლოს
მოამზადა კახა ჩავლეშვილმა