ხორვატიაში 29 დეკემბერს 6.4 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა. დაიღუპა სულ მცირე 7 ადამიანი. საავადმყოფოში გადაყვანილია სულ მცირე 26 ადამიანი, მათგან ექვსის მდგომარეობა მძიმეა. ქალაქ პეტრინიაში და მიმდებარე სოფლებში დაინგრა შენობები.
ქვეყნის პრემიერმინისტრმა, ანდრეი პლენკოვიჩმა თქვა, რომ მსხვერპლის რაოდენობა სავარაუდოდ გაიზრდება. ამ დრომდე გრძელდება სამძებრო და სამაშველო სამუშაოები.
სამაშველო სამუშაოებში მონაწილეობს ქვეყნის არმიაც. მათ დროებითი თავშესაფრები მოაწყვეს იმ ადამიანებისთვის, ვინც საცხოვრებლის გარეშე დარჩა.
მიწისძვრა იგრძნობოდა მეზობელ ქვეყნებშიც, მათ შორის სერბეთში, ბოსნიაში და სლოვენიაში. მიწისძვრის შემდეგ სლოვენიისა და ხორვატიის საზღვარზე მდებარე ატომური ელექტროსადგურს მუშაობა დროებით შეაჩერეს.
მიმდინარე წლის მარტში ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში 5.3 მაგნიტუდის მიწისძვრა დაფიქსირდა, დაიღუპა 1 და დაშავდა 20-ზე მეტი ადამიანი. 28 დეკემბერს კი ქალაქ პეტრინიასთან კიდევ ერთი, 5.2 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა. ხორვატიაში ძლიერი მისიწძვრები იშვიათია. ბოლოს 6.0 მაგნიტუდის მიწისძვრა 1996 წელს დაფიქსირდა ქალაქ სტონთან და ნგრევა გამოიწვია.