13-დღიანი ლოდინის შემდეგ მესამე პრეზიდენტის სამედიცინო ისტორიის შესწავლას მისი პირადი ექიმი და დამოუკიდებელ ექიმთა კონსილიუმი იწყებს. 400-გვერდიანი დოკუმენტი ნიკოლოზ ყიფშიძეს უკვე გადაეცა.
ისტორია რადიოლოგიურ და კომპიუტერულ კვლევებსაც მოიცავს. დოკუმენტის მოცულობაც კი მოწმობს, რომ მესამე პრეზიდენტი კრიტიკულ მდგომარეობაშია.
ამის მიუხედავად, ამ დრომდე უცნობია, როგორ და რა მედიკამენტებით მკურნალობენ მიხეილ სააკაშვილს. მისი ჯანმრთელობა რომ კლინიკაში ვერ გაუმჯობესდა, ამაზე მესამე პრეზიდენტი მის წერილშიც წერს.
ნიკოლოზ ყიფშიძე დარწმუნებულია, რომ მიხეილ სააკაშვილის გადარჩენის ერთადერთი გამოსავალი მისი საზღვარგარეთ, მრავალპროფილურ კლინიკაში მკურნალობაა.
“აქ არის სამი პრობლემა – საჭმლის მიუღებლობა, კუნთების ატროფია და ამას კიდევ დაემატა ის ცვლილებები, რაც გამოიხატა MRT-ს გამოკვლევის შემდეგ, ეს არის პრეზიდენტ სააკაშვილის ზურგის ტვინის პრობლემები. მისი მდგომარეობა უკეთესობისკენ არ შეცვლილა და არც ველოდები, რომ უკეთესობისკენ იქნება, რადგან ამდენი ხნის საჭმლის მიუღებლობა კატასტროფამდე მიგვიყვანს ადრე თუ გვიან”, – თქვა ნიკოლოზ ყიფშიძემ.
მესამე პრეზიდენტის საზღვარგარეთ გადაყვანის აუცილებლობაზე საუბრობს ცენტრ “ემპათიას” ხელმძღვანელი, მარიამ ჯიშკარიანი:
“გავეცნობით ამ დოკუმენტაციას და შემდგომში, ეს დოკუმენტაციაც პაციენტის გასინჯვასთან ერთად, ასახული იქნება საექსპერტო დასკვნაში. რაც შეეხება განცხადებებს სიმულაციის თაობაზე, ასევე “ვივამედის” განცხადებას, რბილად რომ ვთქვათ, ვერ გავიზიარებთ. იქ არის ბევრი უზუსტობა. ფაქტია, რომ ეფექტური არ არის მკურნალობა და დიაგნოსტიკა, რომელიც 7 თვე გრძელდება უკვე და მძიმდება პაციენტის მდგომარეობა. შესაბამისად, აუცილებლად მიგვაჩნია მისი გადაყვანა საზღვარგარეთ”, – ამბობს მარიამ ჯიშკარიანი.