ძალიან დარდობს, რომ დღეს, მათ შორის, მის გამო ნიკა გვარამია, ბაჩო თამლიანი და ჯალალ ქიქავა საპყრობილეში იმყოფებიან – ძალიან წუხს და დარდობს – მთხოვა, რომ ეს მათი ნათესავებისთვის გადამეცა, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, კობა ნაყოფიამ ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა.
„ამჟამად, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კიდევ უფრო გაუარესებულია, რადგან ის საკვებს ვერ იღებს. როგორც თვითონ მითხრა, მაქსიმუმ დღეში შეიძლება ერთი-ორი ორცხობილა შეჭამოს, ეს არის მაქსიმუმი, რასაც იღებს, ზოგადად ამ დღეების განმავლობაში. რაც კლინიკაში შემოვიდა 5 კილოგრამზე მეტი აქვს კიდევ დაკარგული, რაც ძალიან შემაშფოთებელია. პრობლემა არის იმაში, რომ საჭმელს ადამიანი ვერ იღებს, ამიტომ მისი მდგომარეობა არის ძალიან სერიოზული, ამას სჭირდება სერიოზული მკურნალობა და მისი სასწრაფოდ გადაყვანა. აღენიშნება ზოგადი სისუსტე. დღესაც, რომ ადგა, ვერ გადაადგილდა და წამოწვა. როცა მივედი – იწვა, წამოდგა და ისევ სავარძელში დაჯდა და ისე ვსაუბრობდით. ბოლო დღეების განმავლობაში მის დღის წესრიგში წოლითი რეჟიმი უფრო ხშირია, ვიდრე გადაადგილება, რადგან ძალიან სუსტად არის და გადაადგილება უჭირს, წონას კარგავს ყოველდღიურად, ეს არის ფაქტი. რა ჩვენებაზე და მის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე უნდა ვილაპარაკოთ, როცა ადამიანი საკვებს ვერ იღებს.
ის ძალიან შეწუხებულია და ძალიან დარდობს იმაზე, რომ დღეს მათ შორის, მის გამო საპყრობილეში იმყოფება ნიკა გვარამია. დღეს მის გამო საპყრობილეში ბაჩო თამლიანი იმყოფება, ასევე ჯალალ ქიქავა, რომელიც რა ბრალდებით დააკავეს, გაუგებარია. აი, ამაზე ძალიან წუხს, შეწუხებულია და დარდობს. მთხოვა, რომ ეს გადამეცა მათი ნათესავებისთვის.
მისი მთავარი სადარდებელი ასევე არის ის, რაც ხდება დღეს უკრაინაში, ძალიან ვრცლად ვისაუბრეთ უკრაინაზე, ასევე ვისაუბრეთ საქართველოში შექმნილ მდგომარეობაზე. მას მიაჩნია, რომ სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა არის ძალიან მძიმე ქვეყანაში და სოციალურ პრობლემებზე პოლიტიკოსების მხრიდან უფრო მეტი ყურადღება უნდა იყოს, რადგან ეს პრობლემები მომავალში კიდევ უფრო გაუარესდება, ასეთი პროგნოზი მას აქვს”, – განაცხადა ნაყოფიამ.