ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი ხატია დეკანოიძე ამბობს, რომ რუსეთი საქართველოსთან მიმართებით აგრესიულ პოლიტიკას გააგრძელებს, რასაც საქართველოს ხელისუფლებამ ხელი შეუწყო.
დეკანოიძე, რუსული მედიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება, რომლის მიხედვითაც, პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა დსთ-ს ქვეყნებთან სახელმწიფო საზღვრების დემარკაციის საკითხებში ახალ სპეციალურ წარმომადგენლად მიხაილ პეტრიაკოვი დანიშნა და მას საქართველოსთან და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან ე.წ. საზღვრების დადგენა დაევალა.
დეკანოიძე აღნიშნავს, რომ პუტინი მისი პროპაგანდას ქვეყანაში გააძლიერებს.
“პოლიტიკამ, რომელიც იყო დაფუძნებული კეკლუცობის პოლიტიკაზე რუსეთთან, ვერავითარი შედეგი ვერ მოიტანა, ჩვენი მოსახლეობა არის უმძიმეს ჰუმანიტარულ კრიზისში, იტაცებენ ადამიანებს და საპყრობილეში არიან და არაფერს აკეთებს ჩვენი ხელისუფლება და ამიტომ ერთი საფეხურით წინ წაიწია სწორედ პუტინის მხრიდან ამ რაღაც ჩარჩოს ძალიან მყარად დაკანონებამ, ამიტომ მე ვფიქრობ, რომ რუსეთი გააგრძელებს აგრესიულ პოლიტიკას, პუტინი გააგრძელებს აგრესიულ პოლიტიკას და ეს არის ზუსტად, მთელი მისი პროპაგანდის გაძლიერებული ნაწილის კიდევ უფრო გაძლიერება საქართველოში, რომელსაც ხელისუფლებამ შეუწყო ხელი”.- ამბობს დეკანოიძე ტელეკომპანია მთავართან.
აღნიშნულთან დაკავშირებით, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ რუსეთის მიერ სოხუმისა და ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმებთან დადებული ნებისმიერი შეთანხმება, მათ შორის, ე.წ. საზღვრის საკითხებზე იქნება უკანონო და არ ექნება რაიმე სამართლებრივი შედეგი.