ნიკოლოზ დუნკელ-ველლინგი – გურიის შესახებ ჩანაწერებიდან (ნაწყვეტი)
როგორ აღწერს 1850 წელს ჟურნალისტი გურიანთელების ქეიფს
ნიკოლაევსკში ჩასვლიდან იგი ზუსტად სამ კვირაში დავტოვე და ოზურგეთში დავბრუნდი. ვინაიდან მიწვეული ვიყავით ერთერთ გურულ თავადთან, რომელმაც წამოსვლამდე კაცი გამოგზავნა და გულწრფელად გვთხოვა მასთან სტუმრობა. ოზურგეთში მისვლამდე შუა გზაზე მარცხნივ გადავუხვიეთ და გავედით ეგრედ წოდებულ ძველ გზაზე, თავადის სახლი საკმაოდ მაღალ მთაზე იდგა, სახლთან მისვლამდე ჩვენ შევუერთდით ოზურგეთელი ოფიცრების კავალკადას, რომლებიც ასევე სტუმრად ყოლია თავადს მიწვეული.
ადგილზე მისვლისთანავე მსახურებმა ჩამოგვართვეს ცხენები, სახლის შესასვლელში კი შემოგვეგება გახარებული მასპინძელი დედასთან ერთად, ქალბატონი ასაკოვანი იყო, მაგრამ შენარჩუნებული ჰქონდა ადრეული შთამბეჭდავი სილამაზის ნარჩენები, რომლითაც იგი განთქმული ყოფილა ახალგაზრდობაში.
სახლის ვრცელი ოთახები უხვად იყო მორთული იარაღითა და საგვარეულო ვერცხლით, იქვე მრავლად დაგვხვდა ოქრო-ვერცხლით მორთულ ფერად ნაციონალურ კოსტუმებში გამოწყობილი სტუმრები.
ვახშამი წარმოადგენდა ადგილობრივი და ევროპული კერძების ორიგინალურ ერთობლიობას, წვნიანის შემდეგ სტუმრებს მოგვართვეს ჩიხირთმა და ბოზბაში, შემდეგში სოუსები შეიცვალა მწვადებით, რომელთა მრავალფეროვნებამ ჩემი გაოცება გამოიწვია.
მოჰქონდათ ყველაფერი რაც კი შეძლება შეიწვას სოკოდან დაწყებული ხბოს ენით დამთავრებული, ყველაფერი იქვე ხმლის მოხერხებული ქნევით იჭრებოდა და იმწუთშივე შამფურზე წამოგებული იწვებოდა,
ცვრიანი და გემრიელი მალევე მოდიოდა სუფრასთან. სხვადასხვა დაძველების და დასახელების ბრწყინვალე ღვინოები უხვად ისხმებოდა ჭიქებში, აზარფეშებში, კულებში და ყანწებში, ვინაიდან სუფრაზე ყველა სახის ღვინო უკლებლივ ადგილობრივი იყო, აქ უკვე გაქრა დასავლეთი და მთლიანად გაბატონდა აღმოსავლეთი.
ვახშმის დასასრულს შემოვიდა ხილი და რძის ფაფა დარიჩნითა და შაქრით, ეს ერთადერთი ნუგბარია რომელიც დასაშვები ყოფილა გურულ სუფრაზე.
ხმაურიანი და მხიარულია გურულების ჰომერული ქეიფი. ქორწილი, შვილის დაბადება, პატივსაცემი მეზობლების ან საპატიო თავადის სტუმრობა წარმოადგენს ბრწიყნვალე სუფრით გამასპინძლების საბაბს, სტუმრობისას მოგართმევენ მოხარშულის (მოხარშული ხორცი) უზარმაზარ ნაჭრებს, ნაირნაირ მწვადს, რა დროსაც უწყვეტ ნაკადად მოდის უგემრიელესი გურული ღვინო. როგორც წესი სუფრასთან ყველაზე უფროსს და საპატივცემულო კაცს მიართმევენ ყველაზე დიდ და საუკეთესო მოხარშული ხორცის ნაჭერს, რომელიც სტუმარმა მთლიანად უნდა გაანადგუროს, უზარმაზარი ნაჭრის მფლობელი თავისი არცთუ ისე ადვილი საქმის შემსუბუქების მიზნით მოხარშულს ჭრის თხელ ნაჭრებად და ურიგებს იქვემყოფთ, რომლებიც თავაზიანად ღრმა პატივისცემისა და მადლიერების აშკარა გამოხატვით ღებულობენ მიწოდებლს, რაც აახლებს ისედაც უწყვეტ სადღეგრძელოებს, რომლებსაც თან ახლავს ხმამაღალი შეძახილები, სიმღერები და ბიჭების მიერ თოფებისა და პისტოლეტების გასროლები.
მხიარულად ქეიფობენ გურულები, ხმაურიანი შეძახილები აცოცხლებს საუბარს, მოქეიფეთა თავები ნელნელა ხურდება, მხურვალე სამხრეთის შვილების სისხლი დუღილს იწყებს და ისინი უკვე თავს აშკარად შევიწროვებულად გრძნობენ ოთახებში.
მიუხედავად იმისა, რომ თვალები უკვე უბრწყინავთ და ხელით უფრო და უფრო ხშირად იგრიხავენ სქელ ულვაშებს მათ ჯერ კიდევ არ მიუღწევიათ სიმთვრალის ქაოსისათვის. აქ უკვე იწყება ტრაბახი და გაბედულთა ქებადიდება; ერთი ზალპით სვამს ჯიხვის რქას რომელშიც ეტევა საარაკო რაოდენობის ღვინო, მეორე ხელს დაავლებს თეფშს და აიქნევს მას მოქეიფეთა თავზე და ჰაერშივე ფშვნის მას პისტოლეტის ტყვიით, ნამსხვრევები თავზე ეყრებათ მოქეიფეებს, რომლებიც ხმამაღალი შეძახილებით აქებენ და საქციელს უწონებენ გამოხტომის ავტორს, ეს ყველაფერი უკიდურესად აღაგზნებს იქ მოქეიფეებს, რომლებიც ბოლოს ამტვრევენ ყველაფერს რისი დამტვრევაც შეიძლება.
მალე კვამლისა და შეძახილების გამო ისეთი ამბავი დატრიალდა სახლში გაჩერება შეუძლებელი გახდა და ყველანი გარეთ დიდ ეზოში გავარდნენ; ახალგაზრდები მისცვიდნენ ცხენებს და აქ უკვე იწყება დიდებული ჯიგიტოვკა, რასაც შურით უყურებენ აქა-იქ მოსიარულე მოხუცები, რომლებიც ერთმანეთში საუბრობენ მათი სიყრმისა და ახალგაზრდობის შეუდარებელ დროზე.
ახალგაზრდები არც თავს ზოგავენ და არც ცხენებს, მცდელობას არ აკლებენ რომ დამსწრეთა სახეებზე ღიმილი და მათ მიმართ თანადგომა აისახოს, ისინი ყველანაირად ცდილობენ რომ ამხანაგებს შორის შეჯიბრში პირველობის პალმა დაიმსახურონ.
თამაში დიდხანს გაგრძელდა, უკვე დილით მეტოქეებმა დაღლილი ცხენები ხეებზე მიაბეს და დაიწყეს ერთმანეთში კამათი თავიანთ გმირობებზე, ამის შემდეგ კვლავ მეგობრულად დაიწყეს ღვინის დალევა, რის შემდეგაც ცეკვა დაიწყეს, რომლის დროსაც ისევ ცდილობდნენ თავიანთი მოხერხებულობით კიდევ ერთხელ ეჩვენებინათ ერთმანეთისათვის თავიანთი უპირატესობა.
ვახშმის შემდეგ ჩემი თანამგზავრები დასასვენებლად დავტოვე, ხოლო მე გავეშურე ადგილობრივი ღირშესანიშნავობების დასათვლიერებლად: პირველი მათგანი იყო საგვარეულო ციხე, რომელიც მდებარეობს გაცილებით უფრო მაღალ მთაზე ვიდრე თავადის სახლია. არ ვიცი ზუსტად რა ვუწოდო ამ ნაგებობას ციხესიმაგრე, სიმაგრე თუ მონასტერი, მის კედელში ჩაშენებულია უზარმაზარი რკინის რგოლი. ადგილობრივთა თქმით ეს რგოლი ისევე როგორც სხვა მრავალი ასეთივე შემონახულია სვანეთში, მათი დანიშნულება უხსოვარ დროში გემების დაბმა ყოფილა, რომლებიც თითქოსდა აქ მოდიოდნენ, მათივე თქმით მთელი მაშინდელი სამეგრელო ზღვას ჰქონდა დაკავებული. ეს არაკი, ტყუილია რაც არ არის რთული დასამტკიცებელი. სამეგრელო ცნობილია საკმაოდ ადრეულ დროში, ფაზისი დღევანდელი რიონი რომელიც დაბლობში მიედინება ასევე ცნობილია სცილაკსის, სტრაბონისა და ინტერიანოსათვის, რომელნიც მოიხსენებდნენ მას როგორც უძველეს ქვეყანას და თუ ეს ასე იყო მაშინ როდისღა იყო ზღვა ამ დაბლობზე?
მეორე ღირშესანიშნავობის სახით დავათვალიერე ძველი ბერძნული დასახლების ქალაქ პიეტრის ნანგრევები, უფრო სწორად რომ ვთქვათ ეკალბარდით, ტყითა და ბუჩქებით დაფარული ქვები.
მათი დათვალირებით შესაძლებელია დავასკვნათ რომ ეს იყო მნიშნელოვანი ქალაქი, ადგილი რომელიც ჩემი ხედვის არეში მოხვდა ალბად იყო ქალაქის ის ნაწილი, რომელზეც მისი არსებობის პერიოდში იდგა ყველაზე მნიშვნელოვანი და ძალზე გამაგრებული ნაგებობები.
როცა უკან დავბრუნდი უკვე ყველა ემზადებოდა უკან დასაბრუნებლად, მივედი გასაცილებლად გამოსულ თავადთან და პიეტრასთან დაკავშირებით დავაყარე კითხვები, მაგრამ ვერაფერი სასარგებლო მისგან ვერ გავიგე.
(დუნკელ-ველინგმა გურიაში სავარაუდოდო იმოგზაურა 1850 ან 1851 წელს, წერილი გამოქვეყნდა 1853 წელს. წერილში ნახსენები ნიკოლაევსკი არის იგივე შეკვეთილი, ავტორი არ უთითებს მისი სტუმრობის ადგილის დასახელებას, ისევე როგორც თავადის სახელსა და გვარს.ადგილის აღწერის მიხედვით იგი სავარაუდოდ გურიანთაში თავად ნაკაშიძესთან უნდა ყოფილიყო სტუმრად. მის მიერ კი დათვალირებული უნდა ყოფილიყო ციხის ეკლესია და ვაშნარის ნაქალაქარი, ანტიკურ პერიოდში ვაშნარამდე მართლაც შესაძლებელი იყო მდინარით იმ დროინდელი გემების ამოსვლა. სწორედ ვაშნარი აღწერა ევროპელთაგან პირველმა დიუბუა დე მონპერემ 1833 წელს, რომელმაც ეს ადგილი შეცდომით მიიჩნია ქალაქ პეტრას ნაშთად. მონპრეს აზრით მდინარეების სკურდუბისა და ნატანების შესართავთან, უნდა იყოს რომაელების სახელგანთქმული და უდიდესი ქალაქი პეტრა, იგივე გურულთა ქალაქი „უჩინარი“ – “ვაშნარი“, რითაც სავარაუდოდ ხელმძღვანელობს დუნკელ-ველინგი).
(გაგრძელება იქნება)
მოამზადა კახა ჩავლეშვილმა