პანკისის ხეობაში სპეცოპერაციისას მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამა სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსნის, იოსებ გოგაშვილის დაკავების ფაქტს “მორიგ სპექტაკლს” უწოდებს.
მალხაზ მაჩალიკაშვილი ამბობს, დაკავება მისი შვილის მკვლელობას უკავშირდება და ამ გზით სახელმწიფო ცდილობს, სოსო გოგაშვილი გაანეიტრალოს.
“თუ ალაპარაკდა გოგაშვილი, ამათი საქმე კარგად არ იქნება, მე ამაში დარწმუნებული ვარ. ამიტომ, ვფიქრობ, რომ ეს იყო მორიგი სპექტაკლი, ვითომ სპეცოპერაციით გოგაშვილი აიყვანეს, ხალხს თვალში ნაცარს აყრიან. ქოციდან გაქცეულიც და ქოციც ერთი და იგივეა. მაჩალიკაშვილის საქმე სტრაბუსრგში უკვე ზღრუბლზეა მიმდგარი. ეს საქმე გამოძიებას უნდა დაუბრუნდეს. ეს არის მცდელობა სოსო გოგაშვილის იმ საქმეზე, მაჩალიკაშვილის საქმეზე გაჩუმების მცდელობა”, – ამბობს მალხაზ მაჩალიკაშვილი.
სოსო გოგაშვილის დაკავებას თემირლან მაჩალიკაშვილის დედაც გამოეხმაურა:
“ტყუილ უბრალოდ რომ შემომიცვივდნენ შუა ღამის 4 საათისთვის და მძინარე ბავშვი რომ ჩამიცხრილეს ლოგინში, სამართლიანი იქნებოდა რომ იგემოს სოსომაც და მისმა მეუღლემაც რასაც მე და ჩემი ოჯახიგავდივართ, მანამდე ვერ გაიგებენ ჩვენს ტკივილს. ტერორისტი მაგის მეუღლეა, ტყუილ-უბრალოდ მომიკლეს შვილი, არაფრის გამო. ეს იყო სახელმწიფო დანაშაული. თავიდანაც ვხვდებოდით რომ ეს ასე იყო და ვერ აღიარებდნენ თავიანთ შეცდომას”, – თქვა მედიკო მაჩალიკაშვილმა.