ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრებმა, აჭარის პროკურატურაში ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის წინააღმდეგ განცხადება შეიტანეს.
ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები, მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირების კორუფციულ გარიგებებსა და არაკომპეტენტურობაზე საუბრობენ.
ენმ-ის წევრის, მიშა ბოლქვაძის განცხადებით 2022 წელს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტს სახელმწიფო ბიუჯეტიდან სასამართლო გადაწყვეტილებების საფუძველზე, სხვადასხვა კომპანიის მიმართ 200 ათას ლარზე მეტის გადახდა დაეკისრა. საუბარია ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, რომლებიც არ განხორციელდა, ან შეწყდა მუნიციპალიტეტის ინიციატივით.
“როგორც მთელს ქვეყანაში, ასევე აჭარის რეგიონში არის სისტემური კორუფცია, რომელსაც ხელმძღვანელობს და ხელს აფარებს თორნიკე რიჟვაძე. ამაზე ჩვენ არაერთხელ ვისაუბრეთ, სახელმწიფო აუდიტის დასკვნაშიც არაერთხელაა ასახული, ამიტომ კორუფციასთან ერთად არამიზნობრივი ხარჯვა ემატება და არაკომპეტენტურობა, რაც არის ასახული გადაწყვეტილებაში, რომელიც 200 ათასი ლარი უჯდება დამატებით ხელვაჩაურელებს, რომ გადაუხადოს სხვადასხვა კომპანიებს. დღეს ჩვენ შევიტანთ პროკურატურაში [სარჩელი] . ეს თანხა, 200 ათასი ლარი, ბიუჯეტიდან კი არ უნდა გავიდეს, იმ ადამიანების ჯიბიდან უნდა გავიდეს, ვინც მილიონობით ლარი იშოვა ამ წლების განმავლობაში და ვინც არაკომპეტენტურად კორუფციული გზით მართავდა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტს. ” – ამბობს მიშა ბოლქვაძე
პარტია პროკურატურას გამოძიების დაწყებისკენ მოუწოდებს.