ახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი მაღალჩინოსანი, სოსო გოგაშვილი მორიგ წერილს ავრცელებს. ის “ქართული ოცნების” წევრებს მიმრთავს და ამბობს, რომ “მამა-მარჩენალმა” ისინი დატუქსა ცუდად შესრულებული დავალების გამო.
გოგაშვილი ამბობს, რომ ახლა მის წინააღმდეგ “გენერალურ შეტევას” ამზადებენ, აპირებენ მისი საუბრის დამონტაჟებას.
“ქოცრებო, გავიგე მამა-მარჩენალს ძალიან დაუტუქსიხართ ცუდად შესრულებული დავალების გამო და ახლა ამზადებთ გენერალურ შეტევას ჩემზე, სადაც არსენალში ჩემი საუბრის დაჩეხვა და დამონტაჟება შეგიყვანიათ, რომელსაც გამოაქვეყნებთ. ეს ხო უკვე დააანონსებინეთ ,,ვიტალი ხაზარაძეებს’’: რა ალაპარაკებს და ვინ ალაპარაკებს ამას მალე გავიგებთო. ეს მეთოდი უკვე მოძველებული და გაშიფრულია, არანაირ შედეგს არ მოგცემთ, მით უფრო ამას გადაფარავს თქვენი უწყვეტი და ავთენტური საუბრის ჩანაწერები. ისე ხომ არ ჯობია ,,სუკის’’ ბებერი ,,ვოლკის’’ ტაქტიკა გამოიყენოთ, გიჟად გამომაცხადოთ ან ფსიქიკურად დაავადებულად, მაგრამ შემდეგ ხომ ციხიდან გაშვება მოგიწევთ ჩემი, მოკლედ შარში ხართ.
პ.ს ახლა არ გამოდგათ ,,ვიტალი ხაზარაძე’’ და არ ათქმევინოთ, აი თავს იზღვევს წინასწარ და პრევენციას აკეთებსო. მარჩენალს პლიუს ხუთ კაცში რომ ვიყავი და შინაური ბინძური სამზარეულოს ყველა ხერხი და მეთოდი რომ ვიცი დაგავიწყდათ?
პ.პ.ს მალე: როგორ იწრთობოდა ,,POSTV’’ სუსის სპეციალური დანაყოფის შექმნის ქრონიკები’’. ( ვიტალი, ამ პროექტის შექმნაშიც ვიღებდი მონაწილეობას და ახლა იყუჩე)” – წერს გოგაშვილი.
გოგაშვილი ვახტანგ გომელაურს მისი და მისი ოჯახის წევრების მიმართ, სიცოცხლის მოსპობის მუქარაში ადანაშაულებს. სუს-ის ყოფილმა მაღალჩინოსანმა დეტალებზე ციხიდან გავრცელებულ წერილებში ისაუბრა. დღეს ამ საკითხზე ჩვენებას სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში მისი შვილი მისცემს.