“ან ვიდეოები, ან სცენა” – ასე პასუხობს ბათუმის მერის მოადგილე სოფო ხალვაში აქტივისტების თხოვნას, უკრაინის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ კონცერტზე ომში მყოფი ქართველი მებრძოლების ვიდეომიმართვებიც გაეშვათ.
აქტივისტები ამბობენ, რომ მათ და უკრაინის მოქალაქეებმა მერიას ტექნიკური მხარდაჭერისთვის მიმართეს. მათი თქმით, მერია თავდაპირველად დათანხმდა, თუმცა მოგვიანებით ულტიმატუმი წამოაყენეს – არ ეხსენებინათ აქციაზე ომი, რუსეთი და ოკუპაცია, წინააღმდეგ შემთხვევაში – აპარატურას არ მისცემდნენ. ამის შესახებ აქტივისტმა ნიკა ქაშიბაძემ “ფორმულას” ეთერში ისაუბრა.
“მითხრეს, ჩვენ ვართ კატეგორიული წინააღმდეგი, რომ თქვენ ახსენოთ ომი, ახსენოთ ოკუპაცია, ახსენოთ რუსეთი, რადგან არ გაღიზიანდნენ სტუმრები, რომლებიც არიან ჩვენს ქალაქშიო”, – თქვა მან.
ცნობილია, რომ აქტივისტები მერიას არ დაეთანხმნენ და ხვალინდელ აქციაზე არც მათ აპარატურას გამოიყენებენ.